სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026

მიხეილ სარჯველაძე – მიხეილ სააკაშვილის მომხრეების საზრუნავი არის არა მისი ჯანმრთელობა, არამედ მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება, ჰუმანიტარულ მოტივს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის

მიხეილ სააკაშვილის მომხრეების საზრუნავი არის არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება, ჰუმანიტარულ მოტივს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სახელმწიფო ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზე და არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ რაიმე სპეკულაციის გზით ჩირქი მოსცხოს თუნდაც პენიტენციურ სისტემას.

„სპეკულაცია იყო, როდესაც ბატონი სააკაშვილის მომხრეებისგან შეშფოთებული სახეებით დღენიადაგ ვისმენდით აშკარა მცდელობას, რომ გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეყენებინათ საკუთარი, სხვა მიზნისთვის. მათი საზრუნავი არის არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება. პოლიტიკური და არა ჰუმანიტარული მიზნები აქვთ. ჰუმანიტარულ მოტივს იყენებენ რეალურად პოლიტიკური მიზნებისთვის.

სახელმწიფო ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზე და არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე სპეკულაციის გზით ჩირქი მოსცხოს თუნდაც პენიტენციურ სისტემას ან ზოგადად იმ სისტემას, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ზუსტად ამ მიზნით აბსოლუტურად გამართლებულია იუსტიციის მინისტრის შეთავაზება, რომელმაც პრაქტიკულად ბოლო მოუღო ყველა შესაძლებლობას ინსინუაციისთვის მიზეზზე, რომ ვინმემ ისაუბროს საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე. ამ ხნის განმავლობაში არავის შეუწუხებია თავი ეთქვა, რა კონკრეტული მკურნალობის მიზნით შეიძლება, იყოს აუცილებელი ბატონო სააკაშვილის სადმე გადაყვანა და ვისთან მკურნალობა შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც საქართველოში შესაძლოა, ხელმისაწვდომი არ იყოს. ამ ფონზე, ყველანაირი მიზეზი ესპობა ყველას უკლებლივ, ვისაც ჰქონდა სურვილი, ჰუმანიტარული საკითხი რაღაცნაირად გამოეყენებინა პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ რაიმე ლოგიკა და ახსნა შესთავაზონ საზოგადოებას, თუ რატომ აქვთ მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ სამკურნალო პრობლემა კი არ არის, ამ შეთხვევაში პრობლემა იმაშია, რომ ადამიანებს უნდათ, სააკაშვილი სასჯელს არ იხდიდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, გაუჭირდება პროგნოზის გაკეთება გამოიყენებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი შეთავაზებას.

„ძნელი სათქმელია, პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება. როგორიც არ უნდა იყოს მისი გადაწყვეტილება, ფაქტია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ იარსებებს მიზეზი შემდგომი ინსინუაციებისთვის და საფრთხე არ ემუქრება სასჯელის აღსრულებას. თუ ჩამოიყვანს, ის ექიმი ბუნებრივია, იქნება ჩართული ან არ იქნება, მათი გადასაწყვეტია. თუ არ ჩამოიყვანს, ამ შემთხვევაში მიზეზი არავის ექნება სათქმელად, რომ რომელიმე კონკრეტული სასურველი სამედიცინო პროცედურა არის რეკომენდებული პაციენტისთვის და ვერ გაეწევა მომსახურება, მაგალითად იმის გამო, რომ უცხოეთში ვერ მიემგზავრება და ა.შ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკავშირის 12 სახელმწიფო განცხადებას ავრცელებს – ევროკავშირმა უფრო სტრატეგიული და პროაქტიული როლი უნდა შეასრულოს ევროპულ არქტიკაში

ევროკავშირმა უფრო სტრატეგიული და პროაქტიული როლი უნდა შეასრულოს ევროპულ არქტიკაში, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის 12 სახელმწიფოს განცხადებაში, რომელთა ლიდერებიც დღეს ჩრდილოეთ ფინეთში, როვანიემიში შეიკრიბნენ.ერთობლივი განცხადებას ხელს  ფინეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი აწერენ.აღნიშნული ქვეყნები მოუწოდებენ კავშირს, აიღოს ვალდებულება, რათა გააძლიეროს არქტიკული ჩართულობა შესაბამისი რესურსებით და გეოპოლიტიკური რეალობის განვითარების შესაბამისად.„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავისი ქმედებები სტაბილურობის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, ამავდროულად დაიცვას თავისი ინტერესები“, – ნათქვამია განცხადებაში.ლიდერების ერთობლივი განცხადებით, არქტიკაში უსაფრთხოება კოლექტიური თანამშრომლობის მეშვეობით მიიღწევა.„არქტიკაში უსაფრთხოება კოლექტიურად უნდა იყოს მიღწეული. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს საერთო ვალდებულებას, შევინარჩუნოთ არქტიკა, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის რეგიონი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე, მათ შორის საზღვრების ურღვევობასა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, მრავალმხრივ მმართველობაზე, ასევე საზღვაო სამართალზე. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მდგრადობის გაძლიერების მნიშვნელობას და იმის უზრუნველყოფას, რომ მზარდმა სტრატეგიულმა კონკურენციამ არ შეარყიოს რეგიონში სტაბილურობა“, – აცხადებენ 12 ევროპული ქვეყნის ლიდერები.

დავით სონღულაშვილი – პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“ 22 ოქტომბერს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, საკუთარ პირველ ნერგს 41 000 პირველკლასელი დარგავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა პროექტ „ჩემი პირველი ნერგის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა პირველკლასელებში ადრეული ასაკიდან გარემოზე ზრუნვისა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.როგორც მინისტრმა განაცხადა, პროექტი 22 ოქტომბერს ხის დარგვის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ინიციატივაში საქართველოს მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება და საკუთარ პირველ ნერგს დარგავს. ღონისძიებები, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელს შესაძლებლობას მისცემს, დარგოს საკუთარი პირველი ნერგი. წელს 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მიიღებს მონაწილეობას ამ ინიციატივაში, რომელიც ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლის გარემოზე ზრუნვას და ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. პროექტის დაფინანსება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენისთვის განკუთვნილი რესურსებიდან განხორციელდება. შესაბამისად, ერთი მხრივ, შესაძლებელი იქნება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენა, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენს შვილებს ბავშვობიდანვე ვასწავლით გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვების მიერ დარგული ნერგების შემდგომ მოვლასა და მათზე დაკვირვებას. ამ მიზნით შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა ექნება, თვალყური ადევნოს საკუთარი ნერგის ზრდასა და განვითარებას.„პროექტი 22 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით შესაბამისი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. ტერიტორიები და ნერგები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით შეირჩევა. პროცესში ჩართულები იქნებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების და რეგიონული განვითარების სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, თბილისის მერია, სკოლები, მასწავლებლები, დირექტორები და მშობლები. შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც თითოეულ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, დააკვირდეს მის მიერ დარგული ხის ზრდასა და განვითარებას. „ჩემი პირველი ნერგი“ ყოველწლიური პროგრამა იქნება და ყოველ წელს პირველკლასელებისთვის სკოლის დაწყება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას დაუკავშირდება. საბოლოოდ კი, როდესაც ისინი სკოლას დატოვებენ, გარემოს დაუტოვებენ ზრდასრულ ხეს, რომელიც ჩვენი გარემოს გაჯანსაღებასა და გამწვანებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ქონების გადასახადს 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან – 40 000 – ლარიანი ზღვარი უქმდება

ქონების გადასახადის 40 000 -ლარიანი ზღვარი გაუქმდება და გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება.როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 000 მოქალაქეს მოეხსნება.„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე - 40 000 - ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება. ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება. ამით ქონების გადასახადის 81 000 პირს გაუუქმდება ეს გადასახადი“,- განაცხადა კირცხალიამ.

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ის სხვადასხვა დროს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა საგარეო საკითხებში.„ლუკა ეხვაია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტია. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში მას საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტში - პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი.იგი ასევე იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულების დოქტორანტი, მოგვიანებით კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შიო მესამე – თუ გვინდა მივიღოთ ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების განვითარებით – უპირველეს ყოვლისა,...

თუ გვინდა მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, მეხსიერების განვითარებით. ამასთან ერთად უპირველეს ყოვლისა უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ესაა სულიერი განვითარება, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, სიბრძნის დასაწყისია ღვთის შიში.“გილოცავთ, დღევანდელ დღეს, ახალი საეკლესიო წლის დაწყებას. ახალი წლის დასაწყისში, ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ ეს წელი იქნება უფრო ბედნიერი, უფრო კარგი, მოხდება სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სულსა და ცხოვრებაშიც.დღეს ასევე იწყება სასწავლო წელიც. როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, მთავარი სიბრძნე არის თვით სიბრძნის მოხვეჭა და მისი მოხვეჭა უმჯობესია ყოველგვარი ოქროსა თუ ვერცხლის მოხვეჭაზე. სიბრძნის დასაწყისი რა არის? - ღვთის შიში. ასე, რომ თუ გვინდა მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, მეხსიერების განვითარებისთვის. ამასთან ერთად უპირველეს ყოვლისა უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ესაა სულიერი განვითარება“, - აღნიშნა პატრიარქმა.

ბოლო სიახლეები