ოთხშაბათი, მაისი 7, 2025

მიხეილ სარჯველაძე – „მეგობარი აქტი“ არ არის მეგობრული და არც ორიენტირებული, რამენაირად დაეხმაროს, ან საქართველოს, ან აშშ-ის ინტერესებს, ერთადერთი შეიძლება, ხელს აძლევდეს ოპოზიციას

„მეგობარი აქტი“ არ არის მეგობრული და არც ორიენტირებული, რამენაირად დაეხმაროს, ან საქართველოს, ან ამერიკის ინტერესებს, ერთადერთი ვისთვისაც სასარგებლო შეიძლება, იყოს რაიმე ფორმით ან ქმნიდეს ასეთ შთაბეჭდილებას, ეს არის ქართული ოპოზიცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მიიჩნევს, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად უსამართლო, უსარგებლო აქტი.

„ამ აქტს ყველაფერი შეიძლება, დაარქვა გარდა მეგობრულისა, მიუხედავად აბრევიატურის და გარკვეული რეპუტაციის შეძენის მცდელობისა, რომ პოზიტიური კონოტაცია შეიძინოს ამ ერთმნიშვნელოვნად არამეგობრულმა აქტმა. რა თქმა უნდა, ეს არ არის მეგობრული, არც ორიენტირებული, რამენაირად დაეხმაროს, ან საქართველოს, ან ამერიკის ინტერესებს. მე ვერ ვხედავ ამაში ვერც ამერიკის და ვერც საქართველოს შემთხვევაში რეალური ინტერესის დაკმაყოფილების პოტენციალს. ერთადერთი ვისთვისაც შეიძლება, სასარგებლო იყოს რაიმე ფორმით ან ქმნიდეს ასეთ შთაბეჭდილებას, ეს არის ქართული ოპოზიცია. ამ აქტს მეტი ფუნქცია არ აქვს.

სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც გარკვეული ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟების შედეგად ყალიბდება ხოლმე არასწორი შეხედულებები გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით, გარკვეულ სტრუქტურებთან მიმართებაში, რასაც შეუძლია, სერიოზულად შეუშალოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი ადამიანია მონდომებული, საკუთარ მოვალეობად მიაჩნია, რაც შეიძლება მეტად დააზიანოს საქართველოს ინტერესი, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა. ეს იმისთვის, რომ რომელიმე, ამ შემთხვევაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ვიწრო პარტიული ინტერესი იქნას დაკმაყოფილებული. ვფიქრობ, არცთუ ისე შორს არის ის დრო, როცა ყოველგვარი ბურუსი გაიფანტება და აბსოლუტურად ყველაფერი ყველასთვის თვალსაჩინო გახდება. რა თქმა უნდა, ეს სამართლიანად ითქვა, რომ მათ შორის, უკრაინაში ომის დასრულებასა და სამშვიდობო პროცესების განვითარებასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ბევრს მოუსპობს საჭიროებას დაპირისპირებაში იყოს საქართველოსთან. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რაიმე განგაშის და შიშის მიზეზი ობიექტურად არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რომ ამას შეუძლია, რაიმე მძიმე შედეგები შეუძლია, მოუტანოს ქვეყანას. მეც შევუერთდები იმ ადამიანთა რიგს, რომლებიც უფრო დადებითი მოლოდინით არიან, რომ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ეს აქტი მაინც ვერ გახდება ძალამოსილი, საკანონმდებლო აქტი, რომელსაც შეუძლია, დააზიანოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ვთვლი, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად უსამართლო, უსარგებლო აქტი, მას არ შეუძლია რაიმე სიკეთის მოტანა არც საქართველოსთვის და არც ამერიკისთვის. ერთადერთი შეიძლება, ხელს აძლევდეს საქართველოში ოპოზიციას. სამწუხაროდ, ასეთ რეალობაში ყველაფერი მაგიდაზეა, რომ დასკვნები სწორად გავაკეთოთ, ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მაშველი რგოლის გადასაგდებად ჩვენი ქვეყნის ოპოზიციისთვის, სხვა საღი აზრი ამაში არ დევს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სუს-ის კომენტარი აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაზე – უწყების შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი გაკეთდა.როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, სუს-ის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე.საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

საქართველოში აშშ-ის საელჩო საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს მიმართავს, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.საელჩოს განცხადების თანახმად, საუბარია შემდეგ მოლებზე: „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრი – ალექსანდრე თვალჭერილიძის ქ. 2, სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ – შოთა რუსთაველის გამზ. 2/4. თბილისის სავაჭრო ზონა – დავით აღმაშენებლის 16.აშშ-ის საელჩოს განცხადების მიხედვით, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისი საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, შემდგომ შეტყობინებამდე თავი შეიკავონ ამ ადგილებში გადაადგილებისგან.საქართველოს პირველი არხი აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე გაავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი – სალომე ზურაბიშვილის კურატორს წამოსცდა, ამდენი ხანია და ერთი სისხლი არ დაღვრილაო, შეეცდებიან, 26 მაისი იქნება თუ სხვა საბაბი, ამის პროვოცირება მოახდინონ

სალომე ზურაბიშვილის კურატორს, „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენელს წამოსცდა, ამდენი ხანია და ერთი სისხლი არ დაღვრილაო, სისხლისღვრას საკრალური მნიშვნელობა და ძალა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, 26 მაისი იქნება თუ სხვა საბაბი, შეეცდებიან, სისხლისღვრის პროვოცირება მოახდინონ.„ამ ადამიანებს სისხლისღვრის კადრები არ ყოფნით. სალომე ზურაბიშვილის კურატორს, „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენელს წამოსცდა – ამდენი ხანია და ერთი სისხლი არ დაღვრილაო. მათი მიზანი ეს იყო და ეს არის. მათი ამოცანაა, ქვეყანაში რამენაირად დაპირისპირება გაღვივდეს. სხვა მიზანი არ გააჩნიათ. სისხლისღვრას საკრალური მნიშვნელობა და ძალა აქვს. ამიტომ, ისინი შეეცდებიან, რომ 26 მაისი იქნება თუ სხვა საბაბი, ამის პროვოცირება მოახდინონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ “MEGOBARI აქტი” ოფიციალურად სენატს გადაეცა. შესაბამისი ცვლილებები სენატის განრიგში იქნა შეტანილი.კერძოდ, 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - “MEGOBARI აქტის” დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას - სენატს გადაეცა.კანონპროექტი სენატის ოფიციალური კალენდრის “ზოგადი საკითხების” სექციაში 6 მაისს იქნა დამატებული სათაურით - “აქტი, რომ საქართველოში წინააღმდეგობა გაეწიოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენას”.ცნობისთვის, სენატის კალენდარში ასევე ასახულია სენატორი ჯინ შაჰინისა და სხვების მიერ წარდგენილი “საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის და სხვა მიზნების კანონპროექტი” (ასევე ცნობილი, როგორც “MEGOBARI აქტი”), რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 27 აპრილს დაუჭირა მხარი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის სექტორის განვითარების შესახებ იმსჯელეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) და სემეკის მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებსა და ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუბო ტურაშვილი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი მსხვილი ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელები, დარგის ექსპერტები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ გახსნეს.რექტორმა ენერგეტიკის სექტორის განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილა და ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ფლაგმანი უმაღლესი სკოლის მისიაზე ენერგეტიკისა და მისი მომიჯნავე საინჟინრო დარგებისთვის ახალგაზრდა კადრების მომზადებისა და მათი პროფესიონალებად ფორმირების, ასევე, სექტორში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.დავით გურგენიძის განცხადებით, ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგებისა და ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისა და ინდუსტრიების მჭიდრო პარტნიორობით უნდა განხორციელდეს.„ენერგეტიკის სექტორი საქართველოს მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ენერგეტიკის სისტემაში. ძლიერი, ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგების ეფექტიანი განვითარება და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადობა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, უნივერსიტეტმა, ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა და ინდუსტრიებმა, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და ერთად ჩამოვაყალიბოთ პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობა.უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა სტუდენტებს მისცეს არა მხოლოდ მყარი თეორიული საფუძველი, არამედ თანამედროვე ინდუსტრიული მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენი მისიაა ისეთი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, დააკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და გლობალურ გამოწვევებზეც შეძლებენ რეაგირებას.ვიმედოვნებთ, სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ მიზნის მისაღწევად, პარტნიორობა კი გააძლიერებს აკადემიურ საზოგადოებასა და ინდუსტრიას შორის კავშირს, შექმნის ახალი პლატფორმებს ერთობლივი კვლევისა და ინოვაციისთვის, ხოლო ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება და სამომავლოდ, შეძლონ კარიერული განვითარება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციას და პროგრესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“, - აღნიშნა რექტორმა.სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.„დღეს ჩვენ გავეცანით ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიებს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლების პროცესში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიიღონ თეორიული და პრაქტიკაზე დამყარებული ფუნდამენტური ცოდნა, რაც უმნიშვნელოვანესია პროფესიონალ ენერგეტიკოსად ჩამოყალიბებისთვის. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტს 95-წლიანი ისტორია აქვს და არის ლიდერი ენერგეტიკოსების ჩამოყალიბების მიმართულებით. სემეკი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. კომისიაში დასაქმებული არაერთი პროფესიონალი ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. კომისიაში სტაჟირება გაიარა ტექნიკური უნივერსიტეტის 18-მა სტუდენტმა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე წარმატებით დასაქმდნენ არა მარტო კომისიაში, არამედ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებში. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ენერგეტიკის ფაკულტეტის განვითარებას და ახალგაზრდების მოზიდვას ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ინდუსტრიებს შორის ქმედითი კოოპერაციის აუცილებლობაზე იმ მიზნით, რომ სექტორისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდეს ახალგაზრდა კადრები და გაცილებით ეფექტიანად წარიმართოს კვლევითი საქმიანობა.ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებსა და ძირითად ასპექტებზე ისაუბრეს ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯუბო ტურაშვილმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორმა, ენერგეტიკის ექსპერტმა გია არაბიძემ, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და სხვა მოწვეულმა პირებმა.ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც რექტორმა დავით გურგენიძემ და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მოაწერეს ხელი.როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მემორანდუმის ამოქმედება ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში განათლების პოპულარიზაციას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების შემუშავებას. უნივერსიტეტი და სასწავლო ცენტრი ერთობლივად იზრუნებენ თემატური სამეცნიერო ღონისძიებების მოწყობის, ინტელექტუალური და ტექნიკური პოტენციალის გაზიარების, ასევე, სტუდენტებისა თუ პერსონალის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტთათვის სტაჟირებისა და სასწავლო-საწარმოო პრაქტიკების ორგანიზებას.სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა დისკუსია, რომელზეც იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათი დაძლევის გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. გარდა ამისა, სტუმრები ადგილზე გაეცნენ ენერგეტიკის ფაკულტეტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას - ტექნიკურ და სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ ბაზას, მათი ფუქციონირებისა და საგანმანათლებლო-პრაქტიკული სწავლების სპეციფიკას.

ბოლო სიახლეები