ორშაბათი, მარტი 23, 2026

მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა ავტოკეფალია, აღადგინა ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები და აღასრულა სხვა დიდი საქმეები

დღეს მწუხარეა ჩვენი სული, ჩვენი ერი გლოვობს ერის ჭეშმარიტი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას, – განაცხადა მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ პატრიარქთან გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას.

მისივე თქმით, ამ მძიმე დღეებში ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვამხნევებს .

„მოციქული პავლეც ამბობს: რაკი სარწმუნოებით გამართლებული ვართ, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. იქვეა ნაბრძანები, გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება სიმტკიცეს, სიმტკიცე სასოებას, სასოება კი ღვთის სიყვარულს გვინერგავს, რადგან ვიცით, რომ ჩვენს სამშობლოს შეემატა ზეციური მეოხი.

განუზომელი იყო და არის ჩვენი ერის სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ. უფალი ღმერთი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქი მიაღწევდა გრიგოლ ხანძთელის ასაკს 105 წელს, მაგრამ ადრე დაგვტოვა, რადგან მან აღასრულა თავისი ვალი. ის იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა სრული ავტოკეფალია, აღადგინა ძველი ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები, შექმნა მრავალი ახალი ეპარქია, ახალ ქართულ ენაზე გადმოიღო და ათარგმნინა წმინდა ბიბლია, დააფუძნა უმაღლესი სასულიერო სასწავლებლები და სხვა დიდი საქმეები.

თითქმის ნახევარი საუკუნე მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი მისი მოწაფე და შემდეგ მღვდელმთავარი. ის იყო ძალზე მიზანდასახული, ის წინასწარ მოფიქრებულ გეგმებზე აგებული ქმედებით აღწევდა მრავალ წარმატებას. თავისი უმთავრესი მიზნის შესახებ მან სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა 1977 წელს პატრიარქად კურთხევისას. მან ბრძანა: მე მსურს გამოვავლინო ქართველი ერის შინაგანი ენერგია. მას სჯეროდა, რომ მის სამწყსოს, ერს, რომელმაც 1700 წლის წინ მიიღო ქრისტეს ნათელი უდიდესი შინაგანი ძალა და ენერგია ჰქონდა, რომელიც იმჟამად დაფარული იყო ათეიზმის მძიმე ფარდით. მისი განუზომელი შრომით ხალხში კვლავ აღორძინდა ქრისტიანობა. ამ მხრივ მისი ღვაწლი არის სამოციქულო“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ანანიამ.

საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა – უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე ნიკოლოზი:მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი, ეს ემოციური ნათქვამია თუ კანონიკური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მის ტახტზე არავინ უნდა დაჯდეს. ეს ტახტი უნდა დავუტოვოთ...

"მე ისევ იმ სიტყვებს დავუბრუნდები - "მე ბოლო პატრიარქი ვარო", რომ თქვა, რა შეიძლებოდა ეგულისხმა - ისევ სახარებიდან უნდა გითხრათ: როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა და ამაღლდა ზეცად, სახარებიდან როგორც ვიცით, შემდეგ როცა მოციქულები იკრიბებოდნენ, ერთ ადგილს სუფრაზე ერთ ადგილს ტოვებდნენ, თეფშს დებდნენ და მაცხოვარი ნამდვილად იქ იყო. შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება რომ იყო, ღვთისმშობლისთვისაც ტოვებდნენ ერთ თეფშს.მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი, ეს ემოციური ნათქვამია თუ კანონიკური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მის ტახტზე არავინ უნდა დაჯდეს. ეს ტახტი უნდა დავუტოვოთ მას, მათ შორის სინოდის სხდომაზე. უნდა იგულისხმებოდეს, რომ მას პატრიარქი ესწრება. დანარჩენი, ვინ წარმართავს ამას, ვფიქრობ, ჩვენი ძმური სიყვარულით, ერთმანეთს შევთავაზებთ ამას და ჩვენი ძმური სიყვარულით მხარს დავუჭერთ. ასე მგონია, რომ ჩვენ ყველანი ვეცდებით, ასე ვხედავ ამას მე დღეს, რომ ჩვენ ყველანი გავაგრძელებთ ეკლესიის ცხოვრებას ისე, რომ პატრიარქი იგულისხმებოდეს. გაუჭირდება თუ ამპარტავნებით მოინდომებს. წარმოუდგენელია. თუ თავმდაბალი იქნება ეს ადამიანი, ვისაც ჩვენ გამოვარჩევთჩვენ მიგვაჩვია პატრიარქმა, ბოლო წლებია ის ფაქტობრივად ყველაფერს იგებდა, ვეკითხებოდით და მისი ერთი კი და ერთი არა წყვეტდა ყველაფერს. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. მე ასე წარმომიდგენია ჩვენი ეკლესია, ასეთი ერთსულოვანი წმინდა სინოდი. ჩვენ ბევრჯერ ცხარე კამათი გვქონია, მაგრამ ბევრი გადაწყვეტილება მიგვიღია ერთხმად. ასეთი ერთსულოვანი თუ იქნება წმინდა სინოდი, მაშინ... მე მჯერა, რომ იქნება" -თქვა ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან საუბრისას.

ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს

სიონის საპატრიარქო ტაძარი, სადაც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს, დღეს 22:00 საათამდე იქნება ღია, ხვალ კი 08:00 საათიდან გაიღება. შესაბამისად, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უწმინდესის საფლავზე მივიდნენ და პატივი მიაგონ მას.სიონში მოქალაქეების ნაკადი ამ დროისთვისაც არ წყდება.საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილის თანახმად, სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს დაკრძალეს.უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქი სასულიერო პირებმა, მრევლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციებმა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, გზად მოწყობილ დერეფანში განლაგებულმა ჯარმა გააცილა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.პატრიარქს სიონის ტაძართან შეკრებილი ათასობით ადამიანი შეძახილით: პატრიარქო, გვიყვარხარ!“ და ტაშით გამოემშვიდობა.

ზურა შევარდნაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს-ღმერთო მაღალო!!! ხვალ დილიდან ახალ ცხოვრებას იწყებს ჩემი პატარა სამშობლო

,,ღმერთო მაღალო!!! ხვალ დილიდან ახალ ცხოვრებას იწყებს ჩემი პატარა სამშობლო. გთხოვ შეგვეწიო, მოგვცე ძალა შევიცვალოთ, ცოტათი მაინც დავემსგავსოთ იმ ქვეყანას როგორზეც ჩვენი საყვარელი პატრიარქი ოცნებობდა. მოგვეცი ძალა, წესიერი, თავდადებული შრომისთვის, ეთმანეთის სიყვარულისთვის, დანდობისთვის და გაძლიერებისთვის. მოგვეცი ძალა სიყვარულის, ერთმანეთის უსაშველოდ შეყვარებისთვის. გვაკმარე ტკივილი და სიხარული მოგვეცი ქართველებს. ამინ!''-წერს ზურა შევარდნაძე.

ნუნუკა თამაზაშვილი: დიდი გულისტკივილით, სიყვარულითა და მადლიერებით ვემშვიდობებით ჩვენს საყვარელ პატრიარქს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი საქართველოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს სამგლივიარო პროცესიას სამების ტაძარში უფროს ვაჟთან, ნიკოლოზ ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო.ნუნუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტო დაპოსტი გამოაქვეყნა.”გვიყვარხარ პატრიარქო❤️🥹 დიდი გულისტკივილით, სიყვარულითა და მადლიერებით ვემშვიდობებით ჩვენს საყვარელ პატრიარქს❤️🥹” – წერს თამაზაშვილი.

მიხეილ ყაველაშვილი – დღეს ყველამ დაინახა შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება, ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ...

დღეს აქ, ამ დიდებულ ტაძარში, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრივი აღორძინების, ერის სიმტკიცისა და მარადიულობის სიმბოლოა, საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის უკვდავი სულის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ილია II-მ ასწავლა ქართველებს, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია.„დღეს ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“. თქვენო უწმინდესობავ, თქვენმა მოღვაწეობამ ქართველი ადამიანის ერისკაცული მოვალეობა და მისი სულიერი მისია ერთ მთლიანობად შეკრა. სწორედ ამ გზამ განსაზღვრა ჩვენი ეროვნული სახე და დაგვანახა, როგორ უნდა ვეზიაროთ უფალთან მიახლოების მადლს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, თქვენ იყავით ერის მთავარი საყრდენი. როცა ირგვლივ სასოწარკვეთა ისადგურებდა, თქვენი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია“, –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყო და კვლავ არის ერის გამაერთიანებელი.„განუზომელია თქვენი ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენის საქმეში. თქვენ დაგვაბრუნეთ ჩვენს ისტორიულ ფესვებთან და დაგვარწმუნეთ, რომ ქართველობა არ არის მხოლოდ წარსული დიდება, ის ცოცხალი, მარადიული სულიერი ენერგიაა. თქვენ იყავით და კვალავ ბრძანდებით ერის გამაერთიანებელი, ჩვენი ერთიანობის უდრეკი მცველი. ეს ძალა დღეს, თქვენი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით. ამ მდუმარე რიგებში, ამ სევდიან მზერაში კრთის ის უხილავი, ღვთიური ძაფი, რომელიც თქვენმა სიყვარულმა ჩვენ შორის გააბა. „პატრიარქის საქართველო“ – ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში. თქვენი ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვეცით: კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ და შეგვახსენეთ ჩვენი ნამდვილი ბუნება – სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს. თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც თქვენ გვიანდერძეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები