რა კავშირი აქვს პატარა მიამუნის პანჩის ისტორიას 70 წლის წინ ჩატარებულ ექსპერტიმენტს შორის
ეს თემა აქტიურად განიხილება უცხოურ მედიაში. პატარა მაიმუნმა სახელად პანჩიმ მთელი მსოფლიოს გული მას შემდეგ დაიპყრო, რაც დედისგან მიტოვებულმა ნარინჯისფერ რბილ სათამაშოში იპოვა შვება. როგორც საერთაშორისო მედია წერს, იაპონელი მაიმუნის ისტორია 1950-იანი წლების ექსპერიმენტის ანარეკლია, რომელიც ადრეული მიჯაჭვულობის შესახებ ჩატარებულ ცნობილ და არცთუ ლოიალურ კვლევას იმეორებს.
პანჩის მიჯაჭვულობა თავის ნარინჯისფერ სათამაშოსთან მხოლოდ სევდიანი ისტორია არ არის — ის ამერიკელი მკვლევრის, ჰარი ჰარლოუს მიერ ჩატარებულ ცნობილ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს გვახსენებს. მისი კვლევების შედეგები საფუძვლად დაედო მიჯაჭვულობის თეორიის ბევრ ცენტრალურ დებულებას, რომელიც მშობელსა და შვილს შორის კავშირს ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევს.
ჰარი ჰარლოუ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ამავდროულად ხმაურიანი ფსიქოლოგი იყო, რომლის კვლევებმაც ფუნდამენტურად შეცვალა წარმოდგენა სიყვარულზე, მიჯაჭვულობასა და სოციალურ განვითარებაზე. 1950-იან და 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ფსიქოლოგიურ კვლევებში დომინირებდნენ ბიჰევიორისტები და ფსიქოანალიტიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ჩვილები დედებს მხოლოდ იმიტომ ეჯაჭვებოდნენ, რომ ისინი საკვებს აწვდიდნენ. სწორედ ამ მოსაზრებას დაუპირისპირდა ჰარლოუ.
ჰარლოუმ რეზუს მაკაკები დაბადებისთანავე მოაშორა დედებს. მაიმუნები იზრდებოდნენ გარემოში, სადაც კონტაქტი ჰქონდათ ორ ე.წ. სუროგატ დედასთან. ერთი მათგანი იყო მავთულის კონსტრუქცია, რომელიც საკვებსა და წყალს აწვდიდა. მეორე კი იყო მაიმუნის ვიზუალის მქონე რბილი თოჯინა, რომელთანაც მაკაკებს მხოლოდ ჩახუტება შეეძლოთ, თუმცა ის საკვებს არ უზრუნველყოფდა.
ჩატარებული ექსპერიმენტით ჰარლოუმ ბიჰევიორისტების მიდგომა ეჭვქვეშ დააყენა. კვლევამ აჩვენა, რომ მაიმუნები გაცილებით მეტ დროს ატარებდნენ რბილ „დედასთან“, ვიდრე მავთულის კონსტრუქციასთან. ისინი ემოციურ საზრდოს არჩევდნენ, რაც რბილი ქსოვილით დაფარულ სუროგატ დედასთან ჩახუტებით გამოიხატებოდა. მავთულის „დედასთან“ კი მხოლოდ გამოსაკვებად მიდიოდნენ.
ექსპერიმენტებმა დაადასტურა მზრუნველობის მნიშვნელობა, როგორც მიჯაჭვულობის საფუძველი, და აჩვენა, რომ ჩვილები ემოციურ კავშირს ფიზიკურ საჭიროებებზე წინ აყენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში, იჩიკავას ზოოპარკში პანჩის შემთხვევა არანაირ სამეცნიერო კვლევას არ წარმოადგენდა, მისი ისტორია ჰარლოუს ექსპერიმენტს მაინც მოგვაგონებს — თითქოს ბუნებრივ გარემოში, უნებლიედ განმეორებულ სცენარს. 70 წლის წინ ჩატარებული კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა განვითარების პროცესში.
ზოოპარკის პირობებში პანჩის სუროგატი დედის ალტერნატივა არ ჰქონდა, რომელიც მას დაანაყრებდა, თუმცა რბილ სათამაშოში მაინც იპოვა ნუგეში და ის სიმშვიდე, რომელიც დედისგან ვერ მიიღო.

