პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025

მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სათავგადასავლო აქტივობები, რომელთა ღია ცის ქვეშ ჩატარებაც შესაძლებელია

საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სათავგადასავლო აქტივობები, რომელთა ღია ცის ქვეშ ჩატარებაც შესაძლებელია, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი – საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები.

ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ჯგუფებში „პისიარ“ ტესტირებების გაფართოების პროცესის მიმდინარეობა და სიმძლავრეების თანდათან გაზრდის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე ქვეყანას დღის განმავლობაში 10 ათასი „პისიარ“ ტესტის ჩატარება უნდა შეეძლოს.

ამასთან, შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აქტიურად გრძელდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი, როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში. მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რათა კანონით განსაზღვრული ჯარიმების გამოყენების აუცილებლობა მინიმუმამდე შემცირდეს.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები კვლავაც რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 741 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 256 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა და ენერგეტიკის კომპანიების წარმომადგენლებთან.მისივე თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთი ფსონს დებს ტერორზე, უკრაინა მდგრადობის უზრუნველყოფაზე მუშაობს.„უკვე ვაშინგტონში ვარ. დღეს შეხვედრები მაქვს თავდაცვის კომპანიების წარმომადგენლებთან – მძლავრი იარაღის მწარმოებლებთან, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი დაცვის გაძლიერება. კერძოდ, განვიხილავთ საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მიწოდებას. დღეს ასევე შევხვდები ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს. ახლა, როდესაც რუსეთი ფსონს დებს ტერორზე ჩვენი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ და ყოველდღიურ დარტყმებს ახორციელებს, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.ხვალ დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან – და ჩვენ ველოდებით, რომ ტერორისა და ომის შეკავების იმპულსი, რომელსაც წარმატებით მიაღწიეს ახლო აღმოსავლეთში, ხელს შეუწყობს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ. პუტინი ნამდვილად არ არის უფრო მამაცი, ვიდრე „ჰამასი“ ან სხვა ნებისმიერი ტერორისტი. ძალისა და სამართლიანობის ენა გარდაუვლად იმუშავებს რუსეთის წინააღმდეგაც. უკვე ვხედავთ, რომ მოსკოვი ჩქარობს დიალოგის განახლებას, როგორც კი „ტომაჰავკების“ შესახებ გაიგებს. მშვიდობისა და საიმედოდ გარანტირებული უსაფრთხოების გარდა ალტერნატივა არ უნდა არსებობდეს – და უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მალე დავიცვათ ხალხი რუსული დარტყმებისა და თავდასხმებისგან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება!“,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

17 ოქტომბერს, საქართველოში, ვეტერანის დღე აღინიშნება.საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის...

ჩვენ თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნივერსიტეტში ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, შესაბამისად, პროფესორების კვალიფიკაციაც თანაბარი უნდა იყოს ყველგან.„დღეს სხვა ვითარება გვაქვს. არ მინდა, კონკრეტულად დავასახელო უნივერსიტეტები, მაგრამ ერთ უნივერსიტეტში პროფესორების კვალიფიკაცია არის გარკვეული დონის, მეორეში არის ამაზე დაბალი, მესამეში ამაზე დაბალი და მეოთხეში ამაზე დაბალი, თბილისშიც კი, რეალურად ასეა. ამ დროს სახელმწიფო არის პასუხისმგებელი მის მიერ გაცემული დიპლომის ხარისხზე. ხარისხში იგულისხმება, რომ მაღალი კვალიფიკაციის ლექტორმა უნდა გასწავლოს, სხვანაირად მაღალი ხარისხის განათლებას ვერ მიიღებ. სახელმძღვანელოები უნდა გქონდეს, სასწავლო პროგრამას უნდა ჰქონდეს თავისი სტანდარტი და ა.შ. არაფერი არ არის დღეს უზრუნველყოფილი, მათ შორის რეგიონული კუთხითაც.რეგიონებში არის ხშირ შემთხვევაში უფრო დაბალი ხარისხის განათლება უზრუნველყოფილი, ვიდრე დავუშვათ დედაქალაქში მოქმედ რომელიმე უნივერსიტეტში კონკრეტულ ფაკულტეტზე. ამ დროს სტანდარტი რა არის, მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ. გერმანიაში არის უნივერსიტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთ ქალაქში არის სტანდარტულად ერთი უნივერსიტეტი, გამონაკლისია ბერლინი. ისტორიიდან გამომდინარე, ორი უნივერსიტეტია, სხვა ყველგან არის ერთი უნივერსიტეტი. გარკვეული მეტ-ნაკლებობა ყველგან არის, მაგრამ ყველა უნივერსიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 უნივერსიტეტი მაინც არის, ყველგან არის უზრუნველყოფილი თანაბარი ხარისხის განათლება. რაზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, იმას აკეთებს. გინდა, მიუნხენში ისწავლე და გინდა ლიუბეკში, მნიშვნელობა არ აქვს, ხარისხი არის მეტ-ნაკლებად ერთი. ეს უნდა უზრუნველვყოთ. თუ ჩვენ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი.ასმაგი სხვაობა შეიძლება იყოს ხარისხებს შორის დღევანდელი მოცემულობით სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის, ზოგან ორმაგი, ზოგან სამმაგი და ა.შ. უნდა მოხდეს ხარისხის გათანაბრება, კვალიფიკაციაც პროფესორების უნდა იყოს თანაბარი, პროგრამები უნდა იყოს თანაბარი ხარისხის, სახელმძღვანელოები და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – 3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა

3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს არ აქვს.„ჩვენ შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გვქონდა კონსულტაციები იურიდიული მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 23 საგანი გამოვიდა ძირითადი, რაც უნდა გაიაროს სტუდენტმა და ამის მიღმა რჩება შესაძლებლობა, რომ დამატებით არჩევითი 10-მდე საგანი აიღოს, რომელსაც გაივლის და ამით სპეციალიზაციას უზრუნველყოფს. რეალურად, სავსებით საკმარისია სამი წელი იმისათვის, რომ ამ საბაკალავრო, საბაზისო ცოდნას დაეუფლოს სტუდენტი.მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს არ აქვს. მაგისტრატურა დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება. კონკრეტული ამოცანები უნდა ჰქონდეს მაგისტრატურასაც, აკადემიური წერა და სხვა უნარების განვითარება. ამაზე უნდა იყოს აგებული მთლიანად ეს სისტემა. 3+1-ს აქვს ბევრი პლუსი, მათ შორის ხარჯების ეკონომია ყველა მიმართულებით, ოპტიმიზაცია, ეკონომია იქნება უზრუნველყოფილი. როდესაც 4+2-დან გადადიხარ 3+1-ზე ამით 25%-ით უზრუნველყოფ ხარჯების ეკონომიას, რესურსები სხვანაირად შეგიძლია გადაანაწილო.მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის, დაახლოებით 30 ათასი სტუდენტი აბარებს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად. 30 ათასით მეტი დაემატება შრომით ბაზარს, რაც ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე ბევრი მიმართულება გვაქვს ჩვენ, სადაც დღეს არის კადრების დეფიციტი. ჩათვალეთ, რომ 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ბუდაპეშტში შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონი საუბარი ძალიან ნაყოფიერი იყო.როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინმა მას ახლო აღმოსავლეთში მიღწეული წარმატება მიულოცა. ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს ჩართულობისთვის.როგორც ტრამპი აღნიშნავს, საუბარი ასევე შეეხო ამერიკასა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს.„დიდი დრო დავუთმეთ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობაზე საუბარს, როდესაც უკრაინასთან ომი დასრულდება. სატელეფონო საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას გაიმართება ჩვენი მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა. შეერთებული შტატების პირველ შეხვედრებს, სხვა პირებთან ერთად, უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. შეხვედრის ადგილი უნდა განისაზღვროს“, – წერს ტრამპი.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს უნგრეთში შეხვდებიან.„შემდეგ მე და პრეზიდენტი პუტინი შევხვდებით შეთანხმებულ ადგილას, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა დავასრულოთ ეს „უსახელო“ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპის თქმით, ხვალ ზელენსკისთან შეხვედრა ექნება თეთრ სახლში, სადაც განიხილავს პრეზიდენტ პუტინთან საუბარს და სხვა საკითხებს.„მჯერა, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრით დიდი პროგრესი იქნება მიღწეული“, – წერს ტრამპი.

ბოლო სიახლეები