დღეს, თბილისის დროით გვიან ღამით, ილია თოფურია UFC-ის საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს და მისი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება.
რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ბრძოლის დაწყებამდე, დუღილის ტემპერატურა მით უფრო იზრდება და მეტოქეები ერთმანეთის დაკნინებას არ ერიდებიან.
ბოლო ასეთი შემთხვევა კი ჰოლოუეის მხრიდან მოხდა, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ თოფურიას საბრძოლო IQ ძალიან დაბალი აქვს და შეეცდება ეს ყოველივე თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ბუნებრივია, „ელ მატადორმა“ მოწინააღმდეგეს მალევე უპასუხა.
„მაქს ჰოლოუეიმ საბრძოლო IQ დამიწუნა? კარგი, მე ჩემპიონი ვარ, ის – პრეტენდენტი.
მას შერეულ ორთაბრძოლებში შვიდი მარცხი აქვს, მე კი ჯერჯერობით არც ერთი. მაქს, ხომ ვერ მეტყვი, სად იყო შენი საბრძოლო IQ იმ შვიდ ბრძოლაში, რომლებშიც წააგე? მე გამარჯვებას ყოველთვის ვახერხებ, რასაც შენზე ნამდვილად ვერ ვიტყვი.“