პარასკევი, აპრილი 24, 2026

მეუფე შიო: ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, მარხვას იცავს, წმინდა წერილი და ყველა ლოცვა ზეპირად იცის, შეიძლება, ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შევეწიოთ ღმერთს, დავეხმაროთ მას, რომ ჩვენვე გადაგვარჩინოს, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა უნდა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

დიდმარხვის პირველ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღევანდელ კვირას ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა!

ეს დღე, როგორც ზეიმი დიდი მარხვის პირველი კვირის დასასრულს, დაწესდა ხატმებრძოლობის, მწვალებლობის დამარცხების აღსანიშად, მაგრამ ამ ზეიმში იგულისხმება ზოგადად ყველა მწვალებლობის, ერესის დამარცხება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

სწორედ ამასთან დაკავშირებით არის შერჩეული დღეს წაკითხული სახარების ის მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე მიდის გალილეაში, ნახავს ფილიპეს და ეტყვის, რომ გაჰყვეს მას. შემდეგ ფილიპე მიდის ნათანაელთან.

ფილიპეცა და ნათანაელიც იყვნენ ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქეები, ისინი გენისარეთიდან იყვნენ. ფილიპე იპოვის ნათანაელს და ეტყვის: „ჩვენ ვნახეთ ის, ვის შესახებაც წერდნენ მოსე და წინასწარმეტყველები – იესო იოსების ძე, იესო ნაზარეველი“.

ნათანაელი მიდის უფალ იესო ქრისტესთან. უფალი დაინახავს მისკენ მიმავალ ნათანაელს და ამბობს იმ სიტყვებს, რომელთა გამოც გამოირჩა სახარების ეს მონაკვეთი მათ მიერ, ვინც შეადგინა ჩვენი დღევანდელი ღვთისმსახურება. ნათანაელის დანახვაზე უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაიტელი, რამეთუ მისთვის უცხო არს ზაკვა“. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს უფალი. დავუფიქრდეთ ამ სიტყვებს.

თქვენ იცით, რომ ჭეშმარიტ ისრაიტელში უფალი იესო ქრისტე არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ნათანაელი ეროვნებით ებრაელი იყო, არამედ აქ იგულისხმება უფრო სულიერი თვისება ჭეშმარიტი ისრაიტელისა, როგორც კუთვნილება საღმრთო, რჩეული ერისა.

აი, მაგალითად, წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, რომ წმინდა წერილისთვის დამახასიათებელია ადამიანების სახელდება არა ხორციელი წარმოშობის, არამედ მათი სათნოებების მიხედვით.

აქაც უფალი ნათანაელს ჭეშმარიტ ისრაიტელს უწოდებს არა იმიტომ, რომ იგი ხორციელად აბრაამის შთამომავალი იყო, – გახსოვთ, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ქვებისგანაც შეიძლება აბრაამის ძენი აღადგინოს ღმერთმაო, – არამედ, ვიმეორებ, აქ იგულისხმება მისი სულიერი თვისებები – ნათანაელი არის წრფელი, წმინდა, მასში არ არის ზაკვა. ეს არის ჭეშმარიტი ისრაიტელის თვისება.

დღეს ვინ არიან ჭეშმარიტი ისრაიტელები? ვინ არის დღევანდელი რჩეული ერის წარმომადგენელი, გარდა ებრაელებისა?

ჭეშმარიტი ისრაიტელი არის ყველა ის ქრისტიანი, ვინც არის ჭეშმარიტი სარწმუნოების წევრი, მორწმუნენი, მონათლულნი და ეკლესიის წევრნი.

ამდენად, დღევანდელი სახარება გვასწავლის, თუ ვინ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. ამიტომ შეირჩა დღევანდელი მსახურებისთვის სახარების ეს მონაკვეთი წმინდა მამების მიერ.

ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, თუმცა ესეც აუცილებელია; მართლმადიდებელი არ არის ის, ვინც ყველა მარხვას იცავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა; არა ის, ვინც ყველა ლოცვა და მთელი წმინდა წერილი ზეპირად იცის და ყველაფერს კარგად ასრულებს. ეს არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, იგივე ჭეშმარიტი ისრაიტელი.

მაშ, ვინ არის?! ამ კითხვაზე პასუხს თავად სახარება სცემს: ეს არის ის, ვისთანაც არ არის ზაკვა!

რას ნიშნავს ზაკვა ამ შემთხვევაში?

ეს არ არის მხოლოდ სიცრუე, როგორც ჩვენ გვესმის ყოფითი ცხოვრებიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად ყველაფერი, რაც ბოროტისგან მომდინარეობს. ეს არის სიყალბე ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი ცდილობს, სხვანაირი გამოჩნდეს. იმის ნაცვლად, რომ შინაგანად შეიცვალოს, გარეგნულ ცხოვრებაში ცვლის რაღაცებს და ცდილობს, ღმერთსა და ადამიანებს უკეთესი ეჩვენოს, შინაგანად კი სულ სხვანაირია. აი, ეს არის სიყალბე, ეს მიუღებელი და საძულველია ღვთისთვის, რადგან როდესაც ადამიანი თავის სულიერ ენერგიას იმისთვის ხარჯავს, რომ მხოლოდ გარეგნულად მოაჩვენოს ვინმეს რაღაც, რა თქმა უნდა, ეს ღვთისთვის მიუღებელი და დიდი ცოდვაა.

სახარებიდან კარგად გახსოვთ, როგორ ლმობიერად ეპყრობოდა უფალი იესო ქრისტე დიდ ცოდვილებს, როგორ ეალერსებოდა, როგორ სწყალობდა, როგორ ცდილობდა მათ გამოსწორებას ყოველთვის, მაგრამ ფარისევლებს, რომლებიც გარეგნულად წარმოაჩენდნენ თავს და ეგონათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვაგვარად მიმართავდა. გარეგნულად ისინი, მართლაც, სანიმუშონი იყვნენ – მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, მოწყალებას გასცემდნენ, ტაძარსაც და სამღვდელოებასაც ინახავდნენ, წმინდა წერილსაც სწავლობდნენ, გარეგნული თვალსაზრისით, ყველაფრით სანიმუშონი იყვნენ, მაგრამ მათ ასე მიმართავდა უფალი: „ნაშობნო, იქედნეთანო“.

რას ნიშნავს „იქედნეთა ნაშობნი“? ეს გველის ნაშობს ნიშნავს. რატომ? იმიტომ, რომ მათში იყო ზაკვა და სიყალბე.

უფალი ამბობს, რომ „ეკრძალეთ ცოდვისაგან ფარისეველთა, რომელიც არის თვალთმაქცობა“, ანუ ორგულობა. ეს ორგულობა არის სწორედ ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ის მდგომარეობა, როცა სიყალბეა ადამიანში.

რა თქმა უნდა, ის გარეგნული თვისებები, რომლებიც ჩამოვთვალე, საჭიროა, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს. უფლისთვის კი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სულია, რომლისთვისაც მან სისხლი დაღვარა და თავისი ცხოვრება გაიღო.

ამიტომ, დღეს დიდი მარხვის პერიოდში საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა: ვინ ვარ მე?! ამისთვის არის ეს დიდი მარხვა. ვარ მე ჭეშმარიტი ისრაიტელი?! – თუკი საკუთარი თავისადმი დასმული ეს კითხვა გულწრფელი იქნება, რა შეიძლება იყოს მისი პასუხი?

ის, რომ მე ვარ საბრალო და ცოდვილი ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება გამოხსნა და გადარჩენა. ვინც ასე ფიქრობს, აი, ასეთ ადამიანს გადაარჩენს ღმერთი. ჩვენი მიზანია, ღმერთს დავეხმაროთ ჩვენს გადარჩენაში; ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შევეწიოთ ღმერთს, დავეხმაროთ მას, რომ ჩვენვე გადაგვარჩინოს, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა უნდა. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „უფალს სურს, ყოველი კაცი გადარჩეს და შეიცნოს ჭეშმარიტება, ხოლო ჭეშმარიტება არის თავად უფალი იესო ქრისტე“.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი შესანიშნავი მონაკვეთი წავიკითხეთ დღეს სახარებიდან და თუ ასე ვიცხოვრებთ, ასეთი მიზანი გვექნება ცხოვრებაში, არ გვექნება ზაკვა, არ იქნება ყალბი ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან და ადამიანებთან, სწორედ მაშინ შეგვეძლება გავხდეთ მართლაც ჭეშმარიტი ისრაიტელები, ჭეშმარიტი ქრისტიანები და ჭეშმარიტი მართლმადიდებლები. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ასევე აღნიშნა, რომ 1990 წელს, მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტული აღიარების სიგელები გადაეცა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას. 1990 წელს, ზუსტად მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, უწმინდესმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და, მისი სახით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა ორი სიგელი, რომლებითაც აღიარებულ იქნა ჩვენი ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული, როგორც უძველესი დროიდან არსებული.

ეს არის უდიდესი მოვლენა. გილოცავთ ამ დღეს!

როგორც ვთქვი, ეს მოხდა მართლმადიდებლობის ზეიმზე. დღეს ჩვენ დიდი მადლიერებით ვიხსენებთ უწმინდეს დიმიტრიოსს და, რა თქმა უნდა, მადლობას ვწირავთ ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რადგან აი, ამ დიდ მოვლენას წინ უძღოდა მისი ძალიან დიდი და მრავალწლიანი შრომა, დაუღალავი მუშაობა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები. თავისთავად ეს მოვლენა უდიდესია და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამას გარდა, ამ დოკუმენტში სწორედ მისი უწმინდესობის მეცადინეობითა და დიდი ღვაწლის შედეგად ჩაიწერა უმთავრესი, რომ ჩვენს ეკლესიას ავტოკეფალია აქვს უძველესი დროიდან.

ამ დოკუმენტის შექმნის პროცესში არსებობდა აზრი, რომ საქართველოს ეკლესიისთვის მოენიჭებინათ ავტოკეფალია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არასწორი იყო, რადგან ჩვენ ავტოკეფალია ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნიდან გვქონდა მონიჭებული.

და აი, კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ მიაღწია იმას, რომ დოკუმენტში ჩაწერილიყო არა „მონიჭება“, არამედ მოხდა აღიარება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული საეკლესიო დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა.

ასე რომ, დღეს ყველამ ერთად მადლობა ვუთხრათ ძვირფას უწმინდესს ასეთი დიდი ღვაწლისთვის. მისი უდიდესი ავტორიტეტის, მისი საოცარი სიბრძნისა და დიდი სულიერების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ასე ადვილად არ მოხდებოდა ან შეიძლება, საერთოდ არ მომხდარიყო, ან ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის უახლესი ისტორია.

ასე რომ, ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიაქი ილია მეორე და ჩვენი ერი, რომელიც ოდითგანვე, მუდამ იყო ერთგული მართლმადიდებლობისა და ჭეშმარიტებისა.

სხვათა შორის, დღეს ასევე იმიტომ იკითხება სახარების ეს მონაკვეთი, რომ ნათანაელი ბოლოს ასეთი სიტყვებით მიმართავს უფალს: „შენ ხარ ძე ღმრთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა“ – აი, ასეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას გამოხატავს იგი, გარდა იმისა, რომ უზაკველი და წმინდაა ზნეობრივად, სულიერად.

ჩვენი კათოლიკოს-პატრიაქიც და ჩვენი ერიც ყოველთვის იყვნენ ერთგული ამ დიდი სიწმინდისა. უფალმა მოგვცეს ძალა, რომ ასე გაგრძელდეს და ჩვენი ერი მრავალჟამიერ ყოფილიყოს ერთგული მართლმადიდებელი ეკლესიისა! ჩვენთან არს ღმერთი!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თამარ ჩერგოლეიშვილი – მიხეილ სააკაშვილი უნდა გაჩუმდეს

შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრმა, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გაჩუმებას არ აპირებს, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი უნდა გაჩუმდეს“.„უნდა გაჩუმდეს, რა. შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება“, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

გია ვოლსკი – წარმოუდგენელია, საქართველოს ემუქრებოდეს ის უბედურება, რაც ჰერჩინსკიმ დახატა, საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ, ეს პოლიტიკური დემარშიცაა

ევროკავშირში კარგად ამჩნევენ, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად იაზრებს მშვიდობის თემას, რა ხდება მსოფლიოში, რა გამოწვევებია და მნიშვნელოვანწილად ამ განზომილებითაც ხელმძღვანელობს, როცა მხარს ხელისუფლებას უჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, მუქარაა, რომ ბნელ წარსულში დაბრუნება, სისხლისღვრა, დაპირისპირება სწორედ ის მიზანია, რომელსაც ბრიუსელის ადმინისტრაცია გაჰყვება, თუ საზოგადოების ნაწილი მორჩილი არ იქნება.„ადრე ხალხს მხოლოდ მათ უწოდებდნენ, ვინც რუსთაველის გამზირზე იყო გამოსული, ახლა მთელ საზოგადოებას ახსენებენ, რომ ხელეწიფებათ საქართველოში მოაწყონ ისეთი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლისღვრასთან და ეკონომიკურ ნგრევასთან, ეს არის მუქარა. პერსონალური მუქარა გახსოვთ, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიმართ გაჟღერდა, რომ უკან თუ არ დაიხევდა და ქედს არ მოიხრიდა, იგივე დაემართებოდა, რაც ფიცოს დაემართა, როდესაც ექვსი თუ შვიდი ტყვია ესროლეს. ეს ირაკლი კობახიძეს ევროკომისარმა პირდაპირ უთხრა, რომ იყოს დამჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, იგივე მოუვიდეს, რაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.პარლამენტის პირვეი ვიცე-სპიკერის განცხადებით, შემდეგ სხვა სახის მუქარები იყო.„ახლა მუქარების ახალი ხარისხია წინ წამოწეული, თუმცა არ მგონია, ეს ჰერჩინსკის ბრალი იყოს. იგი ინსტრუქციას ასრულებს, მით უმეტეს, საქართველოში საქმიანობის ვადა მალე უმთავრდება და, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კარგი კანდიდატია ასეთი მუქარების გაჟღერებისთვის, რომ საზოგადოებას თვალთმაქცურად მოეფეროს. ადამიანი მთელ საქართველოს ემუქრება მაშინ, როდესაც ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. წარმოუდგენელია, ამ მონაცემით, რომელიც თუნდაც ახლა „ატლანტიკურმა საბჭომ“ გამოაქვეყნა, საქართველოს ემუქრება ის უბედურება, რაც ჰერჩინსკიმ დახატა. შეიძლება, რამე ისეთი იცის, რაც ჩვენ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა. საქმიანი საუბარიც უნდა შედგეს, ჰერჩინსკი რის საფუძველზე ემუქრება საქართველოს და მის საზოგადოებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

გია ვოლსკი – შიდა ექსტრემისტებისა და ბლაჟევიჩის კავშირი ბნელი საქმიანობაა, რომელსაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება

„კანვასი“ ტრეინინგებს ატარებდა, ახალგაზდები როგორ უნდა დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და როგორ უნდა გაუკეთონ პროვოცირება სისხლიან შეტაკებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის და მომავალი ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით, მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია მასთან ერთად“.„კონკრეტული ადამიანები ვიცით, ამ ყველაფერს ვინ აკეთებდა. სერბები იყვნენ ჩამოსული და ლექციებს ატარებდნენ. აკერმანმა სახელმძღვნელოც კი გამოსცა და პოპულარული გახდა, საქართველოში როგორ მოახდინონ რევოლუცია. აკერმანი გარდაიცვალა და ახლა ბლაჟევიჩი შემოვიდა. მისი ბრალი არ არის, მას უხდიან, რადგან ფორმულა იცის, როგორ უნდა მოახდინო დაპირისპირება სახელმწიფოსა და მომიტინგეთა შორის, როგორ დაიღვაროს სისხლი. მას რომ საქართველოს ბედ-იღბალი აღელვებს, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. რასაც სუს-ი ამბობს, ეს ბლაჟევიჩის ბრალი არ არის, ეს არის იმ უსამშობლოთა აღტკინება, რომ ქვეყანაში ის პროცესები უნდა განვითარდეს, რასაც ბლაჟევიჩი კარნახობთ. შიდა ექსტრემისტებისა და ბლაჟევიჩის კავშირი ბნელი საქმიანობაა, რომელსაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სომეხ კოლეგასთან ერთობლივი მართვის გამშვები პუნქტის პროექტი განიხილა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ედუარდ აკობიანთან ერთობლივი მართვის სასაზღვრო გამშვები პუნქტის პროექტის განხილვის მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივი მართვის სისტემის დანერგვით, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველო-სომხეთს შორის მგზავრების, მსუბუქი და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ გადაადგილებას. შეხვედრა საქართველო-სომხეთის საზღვართან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,გოგავანში“ (საქართველოს ტერიტორიაზე სგპ ,,გუგუთი“) გაიმართა, რომელზეც მხარეებმა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პრინციპების დანერგვის აუცილებლობას, ასევე, დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, წინასწარი ინფორმაციის გაცვლის პროცესი. საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და საფუძვლად უდევს 2013 წლის 17 იანვარს დადებული ,,სახმელეთო საბაჟო პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება.ოქმის ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოების მოთხოვნების აღსრულებასა და კანონიერ ვაჭრობას. გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრას, დაესწრნენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი თევდორაძე და სხვა პასუხისმგებელი პირები. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს 

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 400 ჰექტარზე გავრცელებულ ტყის ხანძარს ებრძვიან

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ხანძარს ებრძვიან.  მედიის ცნობით, ხანძარი ივატეს პრეფექტურის მთიან რაიონში გაჩნდა.სტიქიის გამო დასახლებული პუქნტებიდან 2 500-ზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაცია გახდა საჭირო.ხანძარი ბოლო ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 400 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა.ამ დროისთვის ხანძრის სრულად ლოკალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლის ჩაქრობას 700-მდე მეხანძრე და 13 თვითმფრინავი ცდილობს.დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბოლო სიახლეები