ორშაბათი, ნოემბერი 24, 2025

მეუფე შიო: ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, მარხვას იცავს, წმინდა წერილი და ყველა ლოცვა ზეპირად იცის, შეიძლება, ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შევეწიოთ ღმერთს, დავეხმაროთ მას, რომ ჩვენვე გადაგვარჩინოს, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა უნდა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

დიდმარხვის პირველ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღევანდელ კვირას ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა!

ეს დღე, როგორც ზეიმი დიდი მარხვის პირველი კვირის დასასრულს, დაწესდა ხატმებრძოლობის, მწვალებლობის დამარცხების აღსანიშად, მაგრამ ამ ზეიმში იგულისხმება ზოგადად ყველა მწვალებლობის, ერესის დამარცხება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

სწორედ ამასთან დაკავშირებით არის შერჩეული დღეს წაკითხული სახარების ის მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე მიდის გალილეაში, ნახავს ფილიპეს და ეტყვის, რომ გაჰყვეს მას. შემდეგ ფილიპე მიდის ნათანაელთან.

ფილიპეცა და ნათანაელიც იყვნენ ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქეები, ისინი გენისარეთიდან იყვნენ. ფილიპე იპოვის ნათანაელს და ეტყვის: „ჩვენ ვნახეთ ის, ვის შესახებაც წერდნენ მოსე და წინასწარმეტყველები – იესო იოსების ძე, იესო ნაზარეველი“.

ნათანაელი მიდის უფალ იესო ქრისტესთან. უფალი დაინახავს მისკენ მიმავალ ნათანაელს და ამბობს იმ სიტყვებს, რომელთა გამოც გამოირჩა სახარების ეს მონაკვეთი მათ მიერ, ვინც შეადგინა ჩვენი დღევანდელი ღვთისმსახურება. ნათანაელის დანახვაზე უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაიტელი, რამეთუ მისთვის უცხო არს ზაკვა“. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს უფალი. დავუფიქრდეთ ამ სიტყვებს.

თქვენ იცით, რომ ჭეშმარიტ ისრაიტელში უფალი იესო ქრისტე არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ნათანაელი ეროვნებით ებრაელი იყო, არამედ აქ იგულისხმება უფრო სულიერი თვისება ჭეშმარიტი ისრაიტელისა, როგორც კუთვნილება საღმრთო, რჩეული ერისა.

აი, მაგალითად, წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, რომ წმინდა წერილისთვის დამახასიათებელია ადამიანების სახელდება არა ხორციელი წარმოშობის, არამედ მათი სათნოებების მიხედვით.

აქაც უფალი ნათანაელს ჭეშმარიტ ისრაიტელს უწოდებს არა იმიტომ, რომ იგი ხორციელად აბრაამის შთამომავალი იყო, – გახსოვთ, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ქვებისგანაც შეიძლება აბრაამის ძენი აღადგინოს ღმერთმაო, – არამედ, ვიმეორებ, აქ იგულისხმება მისი სულიერი თვისებები – ნათანაელი არის წრფელი, წმინდა, მასში არ არის ზაკვა. ეს არის ჭეშმარიტი ისრაიტელის თვისება.

დღეს ვინ არიან ჭეშმარიტი ისრაიტელები? ვინ არის დღევანდელი რჩეული ერის წარმომადგენელი, გარდა ებრაელებისა?

ჭეშმარიტი ისრაიტელი არის ყველა ის ქრისტიანი, ვინც არის ჭეშმარიტი სარწმუნოების წევრი, მორწმუნენი, მონათლულნი და ეკლესიის წევრნი.

ამდენად, დღევანდელი სახარება გვასწავლის, თუ ვინ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. ამიტომ შეირჩა დღევანდელი მსახურებისთვის სახარების ეს მონაკვეთი წმინდა მამების მიერ.

ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, თუმცა ესეც აუცილებელია; მართლმადიდებელი არ არის ის, ვინც ყველა მარხვას იცავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა; არა ის, ვინც ყველა ლოცვა და მთელი წმინდა წერილი ზეპირად იცის და ყველაფერს კარგად ასრულებს. ეს არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, იგივე ჭეშმარიტი ისრაიტელი.

მაშ, ვინ არის?! ამ კითხვაზე პასუხს თავად სახარება სცემს: ეს არის ის, ვისთანაც არ არის ზაკვა!

რას ნიშნავს ზაკვა ამ შემთხვევაში?

ეს არ არის მხოლოდ სიცრუე, როგორც ჩვენ გვესმის ყოფითი ცხოვრებიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად ყველაფერი, რაც ბოროტისგან მომდინარეობს. ეს არის სიყალბე ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი ცდილობს, სხვანაირი გამოჩნდეს. იმის ნაცვლად, რომ შინაგანად შეიცვალოს, გარეგნულ ცხოვრებაში ცვლის რაღაცებს და ცდილობს, ღმერთსა და ადამიანებს უკეთესი ეჩვენოს, შინაგანად კი სულ სხვანაირია. აი, ეს არის სიყალბე, ეს მიუღებელი და საძულველია ღვთისთვის, რადგან როდესაც ადამიანი თავის სულიერ ენერგიას იმისთვის ხარჯავს, რომ მხოლოდ გარეგნულად მოაჩვენოს ვინმეს რაღაც, რა თქმა უნდა, ეს ღვთისთვის მიუღებელი და დიდი ცოდვაა.

სახარებიდან კარგად გახსოვთ, როგორ ლმობიერად ეპყრობოდა უფალი იესო ქრისტე დიდ ცოდვილებს, როგორ ეალერსებოდა, როგორ სწყალობდა, როგორ ცდილობდა მათ გამოსწორებას ყოველთვის, მაგრამ ფარისევლებს, რომლებიც გარეგნულად წარმოაჩენდნენ თავს და ეგონათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვაგვარად მიმართავდა. გარეგნულად ისინი, მართლაც, სანიმუშონი იყვნენ – მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, მოწყალებას გასცემდნენ, ტაძარსაც და სამღვდელოებასაც ინახავდნენ, წმინდა წერილსაც სწავლობდნენ, გარეგნული თვალსაზრისით, ყველაფრით სანიმუშონი იყვნენ, მაგრამ მათ ასე მიმართავდა უფალი: „ნაშობნო, იქედნეთანო“.

რას ნიშნავს „იქედნეთა ნაშობნი“? ეს გველის ნაშობს ნიშნავს. რატომ? იმიტომ, რომ მათში იყო ზაკვა და სიყალბე.

უფალი ამბობს, რომ „ეკრძალეთ ცოდვისაგან ფარისეველთა, რომელიც არის თვალთმაქცობა“, ანუ ორგულობა. ეს ორგულობა არის სწორედ ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ის მდგომარეობა, როცა სიყალბეა ადამიანში.

რა თქმა უნდა, ის გარეგნული თვისებები, რომლებიც ჩამოვთვალე, საჭიროა, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს. უფლისთვის კი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სულია, რომლისთვისაც მან სისხლი დაღვარა და თავისი ცხოვრება გაიღო.

ამიტომ, დღეს დიდი მარხვის პერიოდში საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა: ვინ ვარ მე?! ამისთვის არის ეს დიდი მარხვა. ვარ მე ჭეშმარიტი ისრაიტელი?! – თუკი საკუთარი თავისადმი დასმული ეს კითხვა გულწრფელი იქნება, რა შეიძლება იყოს მისი პასუხი?

ის, რომ მე ვარ საბრალო და ცოდვილი ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება გამოხსნა და გადარჩენა. ვინც ასე ფიქრობს, აი, ასეთ ადამიანს გადაარჩენს ღმერთი. ჩვენი მიზანია, ღმერთს დავეხმაროთ ჩვენს გადარჩენაში; ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შევეწიოთ ღმერთს, დავეხმაროთ მას, რომ ჩვენვე გადაგვარჩინოს, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა უნდა. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „უფალს სურს, ყოველი კაცი გადარჩეს და შეიცნოს ჭეშმარიტება, ხოლო ჭეშმარიტება არის თავად უფალი იესო ქრისტე“.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი შესანიშნავი მონაკვეთი წავიკითხეთ დღეს სახარებიდან და თუ ასე ვიცხოვრებთ, ასეთი მიზანი გვექნება ცხოვრებაში, არ გვექნება ზაკვა, არ იქნება ყალბი ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან და ადამიანებთან, სწორედ მაშინ შეგვეძლება გავხდეთ მართლაც ჭეშმარიტი ისრაიტელები, ჭეშმარიტი ქრისტიანები და ჭეშმარიტი მართლმადიდებლები. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ასევე აღნიშნა, რომ 1990 წელს, მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტული აღიარების სიგელები გადაეცა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას. 1990 წელს, ზუსტად მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, უწმინდესმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და, მისი სახით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა ორი სიგელი, რომლებითაც აღიარებულ იქნა ჩვენი ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული, როგორც უძველესი დროიდან არსებული.

ეს არის უდიდესი მოვლენა. გილოცავთ ამ დღეს!

როგორც ვთქვი, ეს მოხდა მართლმადიდებლობის ზეიმზე. დღეს ჩვენ დიდი მადლიერებით ვიხსენებთ უწმინდეს დიმიტრიოსს და, რა თქმა უნდა, მადლობას ვწირავთ ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რადგან აი, ამ დიდ მოვლენას წინ უძღოდა მისი ძალიან დიდი და მრავალწლიანი შრომა, დაუღალავი მუშაობა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები. თავისთავად ეს მოვლენა უდიდესია და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამას გარდა, ამ დოკუმენტში სწორედ მისი უწმინდესობის მეცადინეობითა და დიდი ღვაწლის შედეგად ჩაიწერა უმთავრესი, რომ ჩვენს ეკლესიას ავტოკეფალია აქვს უძველესი დროიდან.

ამ დოკუმენტის შექმნის პროცესში არსებობდა აზრი, რომ საქართველოს ეკლესიისთვის მოენიჭებინათ ავტოკეფალია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არასწორი იყო, რადგან ჩვენ ავტოკეფალია ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნიდან გვქონდა მონიჭებული.

და აი, კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ მიაღწია იმას, რომ დოკუმენტში ჩაწერილიყო არა „მონიჭება“, არამედ მოხდა აღიარება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული საეკლესიო დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა.

ასე რომ, დღეს ყველამ ერთად მადლობა ვუთხრათ ძვირფას უწმინდესს ასეთი დიდი ღვაწლისთვის. მისი უდიდესი ავტორიტეტის, მისი საოცარი სიბრძნისა და დიდი სულიერების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ასე ადვილად არ მოხდებოდა ან შეიძლება, საერთოდ არ მომხდარიყო, ან ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის უახლესი ისტორია.

ასე რომ, ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიაქი ილია მეორე და ჩვენი ერი, რომელიც ოდითგანვე, მუდამ იყო ერთგული მართლმადიდებლობისა და ჭეშმარიტებისა.

სხვათა შორის, დღეს ასევე იმიტომ იკითხება სახარების ეს მონაკვეთი, რომ ნათანაელი ბოლოს ასეთი სიტყვებით მიმართავს უფალს: „შენ ხარ ძე ღმრთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა“ – აი, ასეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას გამოხატავს იგი, გარდა იმისა, რომ უზაკველი და წმინდაა ზნეობრივად, სულიერად.

ჩვენი კათოლიკოს-პატრიაქიც და ჩვენი ერიც ყოველთვის იყვნენ ერთგული ამ დიდი სიწმინდისა. უფალმა მოგვცეს ძალა, რომ ასე გაგრძელდეს და ჩვენი ერი მრავალჟამიერ ყოფილიყოს ერთგული მართლმადიდებელი ეკლესიისა! ჩვენთან არს ღმერთი!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისს“ სასამართლო დავა მოუგო

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.

ირაკლი მეზურნიშვილი PABSEC-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე: ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ ფორმატს, რათა როგორც ორმხრივი ურთიერთობები გავაღრმაოთ, ასევე მთლიანად PABSEC-ის ფორმატში

საქართველო ნახევარი წლით თავმჯდომარე ქვეყანა გახდება PABSEC-ის ფორმატში. შემდეგი 67-ე გენერალური ასამბლეა გაიმართება ივნისის თვეში საქართველოში, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეაზე.მისივე თქმით, ივნისში ასამბლეაზე შავის ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნები დელეგაციებით საქართველოში ჩამოვლენ.„ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ ფორმატს, რათა როგორც ორმხრივი ურთიერთობები გავაღრმაოთ, ასევე მთლიანად PABSEC-ის ფორმატში. ჩვენ წინა კომიტეტები და წინა მუშაობის პერიოდი ძალიან აქტიურად გამოვიყენეთ, იყო სხვადასხვა საინტერესო და აქტუალური თემები ისეთი, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტის გავლენა ეკონომიკაზე, შავი ზღვის ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება. დღეს არის ამ ყველა კომიტეტის შემაჯამებელი შეხვედრა“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.საქართველო ხდება PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა და შალვა პაპუაშვილი, 6 თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს.

ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია

ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ინტენსიური ქრობის პროცესი.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც. ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბი.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების  შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით  უკანონო შემოტანის მცდელობის  ფაქტები აღკვეთეს.მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად,  საერთო ჯამში, 427 კაფსულა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა-ამის შესახებ ინფორმაციას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

თუ არსებობს გამონაკლისი, ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ორზე მეტი ნათლია შეიძლება იყოს?

სინოდის განჩინების მიხედვით, ნათლობის წესში ცვლილება შევიდა.რამდენი ნათლიის არჩევის უფლება გვაქვს ახალი წესის თანახმად – საკითხი დღესაც განხილვის თემაა.საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საკითხზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად,”რუსთავი 2″ დეკანოზ საბა ჭიკაიძეს დაუკავშირდა.–  რა ცვლილებებია ნათლობის წესში? მიუხედავად იმისა, რომ სინოდის განჩინება 2023 წელს შევიდა ძალაში, დღესაც, ინტერესს იწვევს აღნიშნული საკითხი. კერძოდ, ყველაზე ხშირად კითხვა ისმის იმაზე, თუ რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ადამიანს?– სინოდმა ერთ-ერთ საკითხად განიხილა ნათლობის საკითხი, რადგან ძალიან გაუკუღმართებული იყო ეს ყველაფერი, რადგან ჰყავდათ 7, 10, 12 ნათლია და ძალიან არასწორ ფორმებს იღებდა ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ დაბრუნებოდნენ ისევ ძველ ტრადიციებს, ძველი ტრადიციით კი, ნათლია უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანი, მაქსიმუმ კი ორი.ნათლია ეს არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მოსანათლის მაგივრად. ეს ინსტიტუტი დადგინდა ბავშვობის ნათლობასთან ერთად, იმიტომ, რომ როდესაც ზრდასრული ინათლებოდა, ეს ადამიანი თვითონ იღებდა პასუხისმგებლობას, რასაც ქრისტიანობის მიღება ჰქვია. როდესაც პატარა ინათლება, იმის გამო, რომ ნათლობის მსახურება ითვალისწინებს აღქმების დადებას ღვთის წინაშე, რადგან პატარა ჯერ არ არის იმ ნაწილში, რომ რაღაც პასუხისმგებლობა აიღოს, გაჩნდა მირქმის ინსტიტუტი. მირქმა ძველი ქართული სიტყვაა და ჩახუტებას ნიშნავს, ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჩახუტებული ჰყავდა ბავშვი ნათლობის დროს, სწორედ ის აძლევდა ღმერთს მოსანათლის მაგივრად პირობას, რომ გაიზრდება ღირსეული ქრისტიანი, განეშორება ეშმაკისაგან და შეუდგება ქრისტეს – აღქმების არსი სწორედ ეს არის.ჩემს თაობაში, უმრავლესობას ერთი ნათლია ჰყავდა, მაქსიმუმ ორი. ამჯერადაც დაახლოებით იგივე წესზე გადავედით. როდესაც იყო ბევრი ნათლია, მერე უკვე პასუხიმგებლობა ერთმანეთზე გადაჰქონდათ ხოლმე, ამიტომ, ამ შემთხვევაში, სინოდმა გადაწყვიტა, დაბრუნებოდნენ ისევ ძველ ტრადიციებს და ყოფილიყო ერთი, ან მაქსიმუმ ორი ნათლია.– უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, მაგალითად, ერთი ნათლიის შემთხვევაში რა ხდება, ვინ უნდა იყოს ის, ვგულისხმობ, გოგო თუ ბიჭი.– თუ იქნება ერთი ნათლია, ეს აუცილებლად უნდა იყოს თავისივე (მოსანათლის) სქესის, ხოლო თუ ადამიანს სურს იყოს ორი ნათლია, გადაწყვიტეს ყოფილიყო გოგო და ბიჭი, როგორც მაგალითად სიმბოლურად სულიერი მშობლები.– თუ არსებობს გამონაკლისი, ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ორზე მეტი ნათლია შეიძლება იყოს?– ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ხდება მესამე ნათლიის დაშვება – თუკი არსებობს მესამე, ან შემდეგი შვილი და ასევე, თუკი პატრიარქიც მოიხსენიება ნათლიებში. დანარჩენ შემთხვევაში, მესამე ნათლიის დამატება არ ხდება და ამასთან დაკავშირებით, არანაირი გამონაკლისი არ არსებობს.– ზრდასრულების შემთხვევაში რა ხდება, მათ, ვისაც უკვე თავად შეუძლია ნათლიის არჩევა?– ზრდასრულ ადამიანს, წესით, უნდა ჰყავდეს ერთი ნათლია.– რა ასაკიდან უნდა მოინათლოს ადამიანი? ვიცით, რომ წესით, დაბადებიდან მე-40 დღეს ხდება მონათვლა, თუმცა არსებობს მანამდე და შემდეგ მონათვლის შემთხვებიც.– ბავშვის მონათვლა შეიძლება დაბადებისთანავე, უბრალოდ, მე-40 დღე დადგენილია იმის გამო, რომ 40 დღისთვის უკვე დასრულებული აქვს დედას თავისი განწმენდის წესი და მასაც შეუძლია დაესწროს ნათლობას და წაიკითხოს ლოცვა. ერთადერთი ამის გამო არის დადგენილი მე-40 დღე, თორემ მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი და პირადად მეც, მომინათლავს მაგალითად ახალდაბადებული, იქვე საავადმყოფოში, რომელსაც რაღაც პრობლემა ჰქონია. ასე, რომ არ არის აუცილებელი იყოს მე-40 დღე.– ზოგიერთი ვერ ახერხებს მე-40 დღეს მონათვლას და ნათლობა დიდი ხნის შემდეგ ხდება, ამ ფაქტზე რას გვეტყოდით? – ცუდია, ვინც ვერ ახერხებს 40 დღის შემდეგაც მონათვლას ერთადერთი თვალსაზრისით, ეკლესია რატომ ჩქარობს მონათვლას და საერთოდ, რატომ დადგინდა პატარა, ჩვილობის ასაკში მონათვლა? – რადგანაც იყო ჩვილობაში გარდაცვალების შემთხვევები, იმის გამო, რომ მოუნათლავი არ გარდაცვლილიყო, დაადგინა ეკლესიამ, რომ თავიდანვე მოხდეს მისი ნათლობა. ასევე, ნათლობა უდიდესი საიდუმლოა, ამ დროს ორი საიდუმლო არის ხოლმე – ნათლისღების და მირონცხების, სულ 7 საიდუმლოა ეკლესიის და აქედან ორი – ნათლისღება და მირონცხება ერთდროულად ტარდება.. ამ დროს, ძალიან დიდი მადლი გადმოდის ადამიანზე და მე პირადად მქონია შემთხვევები, როდესაც  ბავშვი ყოფილა ავად, კრიტიკულ მდგომარეობაში, მომინათლია და ის გამოჯანმრთელებულა.ჯანმრთელობის და სულიერი თვალსაზრისითაც, ორივე მხრივ, გამართლებულია, რომ რაც შეიძლება დროულად მოინათლოს ადამიანი. არ არის სასურველი გაიწელოს ეს დრო. ეშმაკს არ სძინავს და ათასი რამ შეიძლება მოხდეს.

ბოლო სიახლეები

დღეს გიორგობაა