კვირა, დეკემბერი 22, 2024

მეუფე შიო: უფალი გვასწავლის, რომ ამქვეყნად საერო კანონებზე ბევრად მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს, ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება

,,უფალი გვასწავლის, რომ… მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება… ზოგჯერ შეიძლება ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს… უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს…სწორედ ამაში მდგომარეობს ღმერთის მსახურებაც, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ… უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა, რაც არის მხოლოდ წუთიერი სიხარული…”- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში ყოველთვის იკითხება ზაქე მეზვერის შესახებ ეპიზოდი სახარებიდან, რომელიც დღეს წაკითხული იყო ჩვენს ტაძარში.

ამ ადამიანს წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს, როგორც ღმერთისკენ სწრაფვის მაგალითს და გვასწავლის, რომ აი, როგორც ზაქე მიისწრაფოდა მაცხოვრის დანახვისკენ, მასთან შეხვედრისკენ, ასევე ჩვენც უნდა ვისწრაფოდეთ უფალთან შეხვედრისა და მისი დანახვისკენ.

წმინდა სახარება მოგვითხრობს, რომ უფალი იესო ქრისტე შედის ქალაქ იერიქონში, სადაც იყო ეს ადამიანი, სახელად ზაქე, მდიდარი, მებაჟეთა უფროსი (,,მებაჟე” ნიშნავს გადასახადების ამკრეფს). რომის იმპერიაში ისე იყო დაწესებული, ისეთი კანონები იყო, რომ ეს მებაჟეები ყველანი მდიდრები იყვნენ ამ კანონმდებლობის გამო, ვინაიდან, როდესაც გადამხდელი ვერ იხდიდა თანხას, მაშინ მებაჟეს უნდა გადაეხადა მის ნაცვლად, მაგრამ შემდეგ უფლება ჰქონდა, ამ გადამხდელისთვის ოთხმაგი თანხა გამოერთმია. თუ ამ ფულსაც ვერ იხდიდა ადამიანი, ამ ოთხჯერ მეტს, შემდეგ მას აპატიმრებდნენ, სანამ არ გადაიხდიდა, ჰყავდათ ციხეში, ან კიდევ მონად ყიდდნენ. ამიტომ ეს მებაჟეები ძალიან მალე მდიდრდებოდნენ.

და აი, ამ ზაქემ ძალიან მოინდომა იესო ქრისტეს ხილვა, დანახვა მისი, მაგრამ იმდენად ტანდაბალი იყო, რომ ხალხმრავლობის გამო, ამას ვერ ახერხებდა. ამიტომ მან გააკეთა ის, რაც იყო გმირობის ტოლფასი: მას იმდენად უნდოდა მაცხოვრის დანახვა, რომ ყველა თანამოქალაქის თვალწინ, როგორც პატარა ბიჭი, ისე ავიდა ხეზე, დაძლია თავისი პატივმოყვარეობა, იგი აღარ დაეძებდა იმას, რომ შეიძლება ამის გამო დაეცინათ მისთვის, ოღონდაც ქრისტე დაენახა. რა თქმა უნდა, ამ საქციელმა და მისმა ასეთმა სურვილმა მიიპყრო მაცხოვრის ყურადღება. უფალი შეჩერდა, მოუხმო მას თავისთან და შემდეგ, მიუხედავად ამ ხალხის რისხვისა (იმიტომ, რომ მეზვერეები ძალიან არ უყვარდა ხალხს იმის გამო, რაც გითხარით), მის სახლშიც კი მივიდა.

და აი, ამ ზაქეზე იმდენად იმოქმედა მაცხოვრის სიყვარულმა, გულმოწყალებამ, რომ მის სულში მოხდა ის, რასაც ეწოდება სინანული. მან უთხრა იესო ქრისტეს: „მე აქამდე ცოდვილი კაცი ვიყავი, მაგრამ დღეიდან მინდა, მთელი ჩემი ცხოვრება გამოვასწორო. ჯერ ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს დავურიგებ და თუ ვინმეს ვაწყენინე, ოთხმაგად ავუნაზღაურებ“ .

აი, ასე მოხდა ამ კაცის ფერისცვალება და ამიტომ უფალი იესო ქრისტე მას ეტყვის: „დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს“. რა თქმა უნდა, უფალმა დაინახა, რომ ასეთი აზრი ზაქეს მხოლოდ სულიწმიდისგან შეიძლება მოსვლოდა, ანუ მხოლოდ ღმერთმა ჩააგონა მას, რომ შეიძლება ქონების ნახევარი დაარიგოს გლახაკებში, იმიტომ რომ მას მრავალი ადამიანის გაღარიბებაში მიუძღოდა ბრალი, ხოლო ვინმეს თუ აწყენინა, ოთხმაგად აუნაზღაუროს. ეს რატომ? – იმიტომ, რომ ამათ, ე.ი. ვისაც აწყენინა, არც კი ახსოვდეთ შემდგომში, რომ ვიღაცა მებაჟემ ისინი გაყვლიფა. თუმცაღა, გაყვლიფა იმჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით; ანუ ამ უსინდისობას ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევის გარეშე.

და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ღმერთის მსჯავრი და კანონები სულ სხვანაირია. უფალი გვასწავლის, რომ ამქვეყნად საერო კანონებზე ბევრად მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება.

ზაქეს მაგალითზე მშვენივრად ჩანს, რომ ზოგჯერ შეიძლება ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს; მაგრამ ეს რომ გაიგოს ადამიანმა, ამისთვის ეს სინდისი უნდა ჰქონდეს. აი, უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს. ზაქეში ამ სინდისმა გაიღვიძა და იგი გახდა ქრისტეს მოწაფე და ხსნა მოევლინა მის ოჯახს.

რატომ იყო შეტანილი ეს ამბავი სახარებაში? – იმიტომ, რომ დღემდე ბევრმა ადამიანმა არ იცის, რას ნიშნავს და რაში მდგომარეობს სულის გადარჩენა. ის მდგომარეობს იმაში, რაც ძალიან კარგად ჩანს ამ სახარებიდან – რომ ადამიანი სრულიად იცვლება, ის სხვანაირი ხდება, ვიდრე იყო ქრისტესთან შეხვედრამდე, ის ხდება ადამიანი, რომლისთვისაც დაწერილ კანონებზე მაღლა დგას სინდისი, სიყვარული და გულმოწყალება. სწორედ ამაში მდგომარეობს ღმერთის მსახურებაც, მაგრამ ჩვენ ამას რომ მივაღწიოთ, ამისთვის ზაქეს მსგავსად უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა, რაც არის მხოლოდ წუთიერი სიხარული.

აი, ზაქემ მოინდომა მარადიული ნეტარება და მიიღო კიდეც. სწორედ ასეთი ადამიანები, ვინც მიაღწია თავისი პიროვნების ფერისცვალებას, იმკვიდრებენ სასუფეველს ღვთისას, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

დღეს ჩვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ვლოცავთ მარტინენკოების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო სოფლის სცენიდან მსვლელობის მონაწილეებს მიმართა – ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ, ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში მოწყობილ სცენაზე ავიდა და აქცია-მსვლელობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „მინდა, მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის, გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია. კახელებს და სხვებსაც დიდი მადლობა. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი დიდი მადლობა და შევხვდეთ ცხრა საათზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტთან დღევანდელ აქციას შეუერთდება და 21:00 საათზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აქციებთან დაკავშირებით მისი დანაბარები არასწორად დაიპოსტა

სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში თავდაპირველად ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა პოსტი შეასწორა. „შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება. პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია. რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.  ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ქართული კლუბი „გოლდენ გორი“ ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სახელით კლუბმა „გოლდენ გორმა” მიიღო, რომელიც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს ფინალში „გოლდენ გორმა” „ჯუდო უკრაინას“ ანგარიშით 4:0 სძლია. ქართულმა კლუბმა ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: -73 კგ ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ გიორგი ტერაშვილი -90 კგ ლუკა მაისურაძე +90 კგ ირაკლი დემეტრაშვილი +90 კგ უშანგი კოკაური +90 კგ თამაზ ბიგანაშვილი -57 კგ ეთერ ლიპარტელიანი -70 კგ ეთერ ასკილაშვილი +70 კგ სოფიო სომხიშვილი

მეუფე შიო მუჯირი – როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, როცა შეემთხვევა უბედურება, ადამიანი მდაბლდება, სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით...

როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს…იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა. „დღეს ჩვენ სახარებაში წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალ იესო ქრისტეს შემოხვდა ათი კეთროვანი კაცი. ისინი მოშორებით დადგნენ და გაიძახოდნენ: „იესო მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!“ (ლკ. 17, 13). როგორც იცით, კეთროვნებს ეკრძალებოდათ საზოგადოებაში ცხოვრება და ადამიანებთან ახლოს მისვლაც კი. ასეთი საშინელი ხვედრი ჰქონდათ. ისინი კარგავდნენ ოჯახებს, კარგავდნენ ახლობლებს და სრული უიმედობისა და სასოწარკვეთილების ზღვარზე იყვნენ. ამ ათ კეთროვანს სანამ ჰქონდათ ჯანმრთელობა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არ სწამდათ იესო ქრისტესი. მათ ირგვლივ მრავლად იყვნენ მწიგნობრები, ფარისევლები, რომლებიც უარყოფდნენ იმას, რომ ქრისტე არის ღვთისგან, რომ ის ღვთის ძალით აკეთებს ყველაფერს; მას დევნიდნენ და დასცინოდნენ, როგორც გახსოვთ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ესენიც მათი გავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ; მაგრამ როდესაც მათ შეემთხვათ უბედურება – მძიმე სენი, მათ გაახსენდათ ყველაფერი, რაც სმენოდათ იესო ქრისტეზე, მის სასწაულებზე, შეიძლება თავიანთი თვალითაც კი ჰქონდათ ნანახი და აი, მათი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა. საერთოდ, ცხოვრებაში ასეა ხშირად და უმეტესწილად, რომ როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს. ამ კეთროვნებსაც ასე მოუვიდათ. მათ, ღვთის წყალობის გარდა, არაფრის იმედი აღარ დარჩენოდათ, ამიტომ მოდიან მაცხოვართან და სთხოვენ შეწყალებას. უფალმა ისინი შორიდან აკურთხა და უბრძანა, მღვდლებთან მისულიყვნენ, ვინაიდან კეთროვნის განკურნების შემთხვევაში მღვდელს უნდა დაედასტურებინა ეს ამბავი, რომ შემდეგ ეს განკურნებული შეეშვათ ქალაქსა თუ სოფელში, ანუ დასახლებულ ადგილზე. ისინიც წავიდნენ და მალევე დაინახეს, რომ ათივე განიკურნა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი მობრუნდა ქრისტესკენ, რომ მადლობა გადაეხადა მისთვის. იგი მოვიდა უფალთან, დაიჩოქა მის წინაშე, ხმამაღლა ადიდა ღმერთი და მადლობა გადაუხადა მას. უფალმა უთხრა: „ადექი და წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ“ (ლკ. 17, 19). სახარების ამ ეპიზოდზე როცა ვფიქრობთ, ჩვენ თავს ვეუბნებით ხოლმე: არა, მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილზე, ასე არ მოვიქცეოდი, ამ ცხრა უმადურის ადგილზე აუცილებლად მივიდოდი უფალთან და მადლობას შევწირავდი მას. მაგრამ მართლა ასეა, ძვირფასო ძმებო და დებო? მართლა ასე ვგავართ უფრო ამ ერთ მადლიერს და არ ვგავართ ცხრა უმადურს? იესო ქრისტემ ხომ ჩვენთვის ბევრად მეტი რამ გააკეთა, ვიდრე ამ კეთროვნებისთვის? განა ჩვენც არ განგვკურნა მან თავისი ტანჯვებით? განა არ დაითმინა მან ნერწყვა, ცემა, ჯვარი და სიკვდილი ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისთვის? იმისთვის, რომ ჩაედო ჩვენს ბუნებაში და ყოველი ჩვენგანისთვის მოეცა ის პოტენციური ძალა, რომლითაც შეგვიძლია გადავრჩეთ საშინელი ბოროტებისგან?! აი, ეს იყო უფლის მთავარი ღვაწლი ამ დედამიწაზე. მიუხედავად ამისა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მაინც იშვიათად ვფიქრობთ ამაზე, ნაკლებად გვახსენდება ეს და იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა; ამდენად, უფრო ხშირად ვემსგავსებით იმ ცხრა უმადურს, ვიდრე ამ ერთ მადლიერს. ამ დროს კი სწორედ ამ ერთთან არის ნამდვილი სიმართლე, ნამდვილი ჭეშმარიტება და სწორედ ამ ერთთან, მაცხოვრის ფერხთით შეგვიძლია ჩვენ ვიცხოვრო ნამდვილი ცხოვრებით, მადლიერებით. აი, ეს არის ჩვენი ვალდებულება მადლიერებისა და გზა ჩვენი ცხონებისა“,- განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

“შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება” – მიხეილ სააკაშვილი

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და თბილისში მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. "შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება", - წერს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები