ხუთშაბათი, ნოემბერი 14, 2024

მეუფე შიო: რამდენი სიკეთე გაგვიკეთა უფალმა ყოველ ჩვენგანს და მთელ კაცობრიობას, მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს

ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა, ღმერთთან შეხებისა. შეიძლება, ეს იყო ცხოვრებაში ერთხელ, შეიძლება ეს იყო წამიერად, მაგრამ ყოფილა. ჩვენ ვიცით, რა არის უფლის სიყვარული, რა არის უფლის მოწყალება, რა არის საღვთო ძალა და მადლი, რომელიც გვეხმარება, გამოვსწორდეთ და გავხდეთ უკეთესი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღევანდელ სახარებაში ჩვენ წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებთან ერთად გენესარეთის ტბა გადაცურა და ღადარინელთა ქვეყანაში მივიდა. იქ უფალს შემოხვდა ერთი კაცი, რომელიც ისეთი საშინელი ეშმაკის ძალით იყო შეპყრობილი, რომ სასაფლაოზე ცხოვრობდა, მთელ მოსახლეობას აშინებდა და ატერორებდა. მან ყვირილით მიმართა მაცხოვარს: „რა გინდა ჩემგან, იესო, მაღალი ღმერთის ძეო?! გევედრები, ნუ მტანჯავ!“ (ლკ. 8, 28). უფალმა ჰკითხა: „რა არის სახელი შენი?“ (ლკ. 8, 30). მან მიუგო: „ლეგიონი!“ (ლკ. 8, 30), ვინაიდან ბევრი ეშმაკი იყო შესული მასში. ამ ეშმაკებმა იცოდნენ, რომ უფალი მათზე ძლიერი იყო და განდევნიდა მათ. ამიტომ შეევედრნენ უფალს, არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა, არამედ იქვე ახლოს ღორების დიდი კოლტი ძოვდა და სთხოვეს, ნება დაერთო, ამ ღორების კოლტში შესულიყვნენ. მართლაც, უფალმა დართო ნება, ისინი გამოვიდნენ ამ კაციდან, შევიდნენ ღორების კოლტში, ეს კოლტი კლდიდან გადმოეშვა და წყალში დაიხრჩო. ეს რომ მწყემსებმა დაინახეს, სოფელში გაიქცნენ და ყველას აუწყეს ეს ამბავი.

მთელი სოფელი გამოვიდა, რომ ენახათ ეს მოვლენა და ნახეს ეს ეშმაკეული – განკურნებული, გონსმოსული, შემოსილი, ჩაცმული, რომელიც იესოს ფერხთით იჯდა. მათ ძალიან შეეშინდათ, რომ ეს ადამიანი, რომელიც აფრთხობდა და აშინებდა მთელ სოფელს, დაამარცხა იესო ქრისტემ, ე.ი. კიდევ უფრო დიდი ძალა მოვიდა მათ სოფელში, შეეშინდათ და სთხოვეს მას, რომ იქაურობას გასცლოდა. მათთვის, რა თქმა უნდა, სრულიად ცხადი იყო, რომ ქრისტეში მოქმედებს არა უბრალო ადამიანური, არამედ ღმერთის ძალა, რადგან ეს ადამიანი, რომელიც იტანჯებოდა და სხვებსაც ტანჯავდა, განიკურნა, დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, ეს ღადარინელები იმდენად იყვნენ შეპყრობილნი და მიჯაჭვულნი მატერიალურ სიკეთეებსა და მოგებაზე, იმდენად იყვნენ შეპყრობილნი მერკანტილურობით, როგორც დღეს ვიტყოდით, რომ ერჩივნათ, ეს კაცი დარჩენილიყო ისევ ისეთივე ეშმაკეული, ისევ ეტანჯა თავისი თავიც და მთელი მოსახლეობაც, მათ ერჩივნათ, უარი ეთქვათ ქრისტეზე, მის სიკეთეებზე, ოღონდ თავიანთი ღორები გადარჩენილიყვნენ. აი, ამიტომ სთხოვეს ქრისტეს, გასცლოდა მათ სოფელს.

რა თქმა უნდა, ეს ღორების კოლტი მათი შემოსავლის წყარო იყო, რომლის დაღუპვაც დიდი დანაკარგი იყო, თუმცა მათ რომ ერწმუნათ ღმერთი, ღმერთის ძალა, ამ ძალის მადლით, რა თქმა უნდა, ისინი ასმაგად აინაზღაურებდნენ დანაკარგს, მაგრამ როგორც გითხარით, იმდენად შეპყრობილნი იყვნენ ამ მერკანტილურობის ვნებით, რომ ამისთვის, რა თქმა უნდა, არ სცხელოდათ, ეს ამბავი საერთოდ არ ანაღვლებდათ.

შემდეგ ეს განკურნებული კაცი ევედრება მაცხოვარს, რომ თავისთან დატოვოს, მაგრამ უფალი გაუშვებს და ეტყვის: „დაბრუნდი შინ და ყველას უამბე, რაც გიყო ღმერთმა“ (ლკ. 8, 39) და ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რა გაუკეთა იესომ. ასე მთავრდება სახარების ეს მონაკვეთი.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ დავფიქრდეთ, რომ მაცხოვრის ეს სიტყვები – „დაბრუნდი შინ და ყველას უამბე, რაც გიყო ღმერთმა“ – ეს მოწოდება განეკუთვნება ყოველ ჩვენგანსაც, ჩვენთვისაც არის ნათქვამი, ჩვენც გვიბრძანებს უფალი იესო ქრისტე, რომ დავამოწმოთ ქრისტე იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ და იმ ადამიანთა წინაშე, ვინც არის ჩვენ ირგვლივ.

ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა, ღმერთთან შეხებისა. შეიძლება, ეს იყო ცხოვრებაში ერთხელ, შეიძლება ეს იყო წამიერად, მაგრამ ყოფილა. ჩვენ ვიცით, რა არის უფლის სიყვარული, რა არის უფლის მოწყალება, რა არის საღვთო ძალა და მადლი, რომელიც გვეხმარება, გამოვსწორდეთ და გავხდეთ უკეთესი, რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად; ჩვენ ვიცით, ეს საიდან არის, საიდან გვეძლევა; მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს. ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავამოწმოთ მათ წინაშე ის სიკეთე, რასაც ღმერთი გვაძლევს.

მაგრამ განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ჯეროვნად ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ უნდა შევისმინოთ უფალ იესო ქრისტეს ეს სიტყვები: „დაბრუნდი შინ და უამბე ყველას, რაც გიყო შენ ღმერთმა“ და მივბაძოთ ამ ადამიანს, რომელმაც შეასრულა უფლის ლოცვა-კურთხევა, წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რაც გაუკეთა იესომ.

ასევე პეტრე მოციქულიც შეგვახსენებს ამ მოწოდებას, როცა ის მიმართავს ყველა დროის ქრისტიანებს ასეთი სიტყვებით: „თქვენ ხართ რჩეული მოდგმა, წილხვედრი ხალხი, რომ ყველას აუწყოთ ღმერთის სიქველე, ვინც გამოგიხმოთ თქვენ სიბნელიდან, რათა გეხილათ მისი საოცარი ნათელი, ამინ“, – აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამარ კორძაია: მე ვთვლი, რომ თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პირველ სხდომას, პარლამენტი ვერ უნდა შეიკრიბოს, მაგრამ “ქართულ ოცნებას” ექნება შესაძლებლობა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს

შეიკრიბება თუ არა პარლამენტი, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პირველ სხდომას - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ კორძაია, "დღის კურიერში" აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, პარლამენტი ვერ უნდა შეკრიბოს, თუმცა, "ქართულ ოცნებას" ექნება შესაძლებლობა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს "მე ვთვლი, რომ თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პირველ სხდომას, პარლამენტი ვერ უნდა შეიკრიბოს, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ექნება შესაძლებლობა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ვაკუუმის შესავსებად, რომელიცდღეს კანონმდებლობაში არსებობს და იდავოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაზე. შესაბამისად, შემდეგ საკონსტიტუციომ უნდა გადაწყვიტოს სალომე ზურაბიშვილმა არ მოწვევით დაარღვია თუ არა კონსტიტუცია. ესარის ყველაზე სწორი სამართლებრივი გზა, რომელიც უბრალოდ "ქართულ ოცნებას" არ აწყობს და ამიტომ ის ამას არ გააკეთებს და თვითონ მოიწვევს. პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტი 10 დღის ვადაში იწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, არ წერია სიტყვა ვალდებული ან უფლებამოსილი. იმპერატიული ნორმაა და თუ ის არ მოიწვევს, მაშინ უბრალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს "ქართულმა ოცნებამ," - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ კორძაია.

კახა კალაძე – კანონით არის განსაზღვრული, რომ შეუძლებელია სიების ჩახსნა, მაგრამ ალბათ თავიანთ ამომრჩევლებს ეკეკლუცებიან

ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი შავი წერტილი არიან გარედან მართული რადიკალები, უსამშობლო, მოღალატე აგენტები. ეს არის დღევანდელი რეალობა, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას ძეგლებზე შავწერტილიანი სამკლაურების შებმის შესახებ. მისივე თქმით, უსუსურია ოპოზიციის მიერ წარმოებული კამპანიაც სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. „სიებთან დაკავშირებითაც უსუსური კამპანიაა. თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს შეუძლებელია. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, კანონით არის განსაზღვრული, შეუძლებელია სიების ჩახსნა, მაგრამ ალბათ თავიანთ ამომარჩევლებს ეკეკლუცებიან, თუ რა უნდათ, არ ვიცი. ეს პირდაპირ ასახავს, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. ვინმეს თუ უნდა აქციაზე გასვლა, ესეც მათი უფლებაა, არავინ არ ზღუდავს. შეუძლიათ, ჩაატარონ, გამოხატონ სხვადასხვა ფორმით, მთავარია, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში, სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“საბედნიეროდ, არიან ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოვიდნენ ობიექტურად. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის და ვერც იქნება” – გურამ მაჭარაშვილი

"საბედნიეროდ, არიან ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოვიდნენ ობიექტურად. გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის და ვერც იქნება," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებითვე, არიან ცალკეული ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას ავლენენ. "ჩვენ არ ველოდებოდით სრულიად ევროპარლამენტის პოზიტიურ გადაწყვეტილებას. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდეც ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის მიღებული რეზოლუცია, სადაც მთელი კასკადი იყო უსამართლობის. აბსოლუტური იგნორი არის გაკეთებული ამ დებატების, გარკვეული ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ საქართველო თითქოს სუვერენული ქვეყანა არ არის, მაგრამ, საბედნიეროდ, არიან ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოვიდნენ ობიექტურად. გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის და ვერც იქნება, და ამბობენ, რომ რა თქმა უნდა ჩატარდა ნორმალურად," - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი. ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ იმსჯელეს. განიხილეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარებაც. საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან. არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, დარღვევები, გამოძიების მნიშვნელობა და ორი კანონის უკან გაწვევა - ეს იყო ძირითადად კრიტიკული განცხადებების შინაარსი, თუმცა იყო პოზიტიური შეფასებებიც, მათ შორის, ითქვა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და ის, რომ პატივი უნდა სცენ უმრავლესობის ნებას.

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 14 ქართველი იჭიდავებს

პოლონეთის ქალაქ პილაში 15-16 ნოემბერს 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით გამოვა. მედლებისთვის ცხრა მამაკაცი და ხუთი ქალი იბრძოლებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: კაცები66 კგ თენგო ზირაქაშვილი 73 კგ გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე 81 კგ კოტე კაპანაძე 90 კგ აკაკი ჯაფარიძე, გიორგი ჯაბნიაშვილი 100 კგ მიხეილ ჯაფარიძე 100 კგ ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ქარდავა ქალები 57 კგ ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური 63 კგ ეთერ ასკილაშვილი 70 კგ გვანცა მჭედლიშვილი +78 კგ ნინო პაპიძე

“ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გასაუქმებელია. რომელიც იცავს ბავშვებს, არის დასატოვებელი და შეიძლება გასამკაცრებელიც” – გიორგი გახარია კანონების გაუქმებაზე

ევროპარლამენტში გამართული დებატების შემდეგ, ისევ აქტუალურია სადავო კანონების გაუქმების საკითხი. "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია რატომ შეიძლება განიხილებოდეს ქვეყნისთვის ბარიერად კანონი სახელწოდებით - "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ". შინაარსობრივ განხილვაში არ შედის ოპოზიცია, სადაც აღნიშნავენ იმას, რომ ყველა კანონი, რაც აფერხებს ევროინტეგრაციას უნდა გაუქმდეს. "ყველა კანონი, რომელიც ამ რეჟიმმა მიიღო, უნდა იყოს კრიტიკული გადახედვის საგანი. ბევრ კანონს დასჭირდება გადახედვა და შესაბამისი რევიზია. ამის თაობაზე უნდა მოხდეს საერთო, საყოველთაო დემოკრატიული მსჯელობა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეული რეალური უმრავლესობა დაიკავებს საკუთარ მანდატებს ლეგიტიმურ პარლამენტში", - აცხადებს ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრი გრიგოლ გეგელია. გიორგი გახარიას გუნდი კი, ფიქრობს, რომ ეს კანონი ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს, თუმცა ის ნაწილი, რომელიც იცავს ბავშვებს, გახარიას აზრით, დასატოვებელია: "ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას გასაუქმებელია. ის ნაწილი, რომელიც იცავს ბავშვებს, არის დასატოვებელი და შეიძლება, გასამკაცრებელიც. "ოცნება" იმიტომ არის უვარგისი, რომ ჩვენი მშობლების სიყვარულსა და ბავშვების დაცვის ზურგს ამოეფარა და მერე ამას უკავშირებს ევროპას", - აღნიშნავს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.

ბოლო სიახლეები