ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

მეუფე შიო – დღევანდელ მსოფლიოში, როცა ასეთი სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს, ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი – ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ, რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან – თავმდაბლად, შურიანიდან – მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან – მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ – მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც, დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანიტა ჰიპერი – საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საზოგადოებასთან

საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, რომ ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი ხალხის, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა პრესკონფერენციაზე დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისის თქმით, ევროკომისია ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია.„დარწმუნებული თუ ხარ შენს დემოკრატიაში, ქცევაში, მაშინ არ გჭირდება ოპონენტებისა და უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმა. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველანაირი ფორმის ძალადობის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ამ ძალადობის შემდგომი ესკალაცია“, – განაცხადა ჰიპერმა.

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის იმპორტის გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ

ჩინეთის იმპორტის 2025 წლის გამოფენაზე, სადაც საქართველო ტრადიციულად იქნება წარმოდგენილი, ჩინეთის მხარემ წელს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი მოგვანიჭა, რაც ნიშნავს, რომ ქართული მეწარმეობა, საინვესტიციო გარემო, ტურიზმი და ყველა ის მიმართულება, რასაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოჩენილი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაიში განაცხადა, სადაც ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სპეციალური სტატუსის ფარგლებში ქართული კომპანიების მხრიდან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კულტურული, კულინარიული, ფოლკლორული და სხვადასხვა მიმართულებები.„საქართველო სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი – ნაციონალური, მეწარმეობის, საკვებისა და სასმელის პავილიონით. გამოფენის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივ მეწარმეებს  საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.აღნიშნული მასშტაბური გამოფენა მეშვიდედ ტარდება და წელს საქართველოს 40-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.ჩინეთში, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაემგზავრა, დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს როგორც სავაჭრო ეკონომიკურ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი  ხელს მოაწერს რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს, მათ შორის, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან.საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმხლებ დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გია ვოლსკი – საქართველო პროქსი ომში არ ერთვება და ყველა მიმართულებიდან საკმაოდ ინტენსიურ შეტევას უნდა ველოდეთ

ევრონესტის კრიტიკაზე ცალკე კითხვა ქმნის განცდას, თითქოს, საქართველოს მიმართ ცეცხლი სხვადასხვა მიმართულებებიდან არის გახსნილი, ყველა სტრუქტურა „სახალხო პარტიას“ ექვემდებარება და ყველა სტრუქტურას ერთი ხელმძღვანელი ჰყავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, დღეს სიტუაციას ბრიუსელის ბიუროკრატია მართავს, რომელშიც საქართველო ჩამოყალიბებული სამიზნეა იმისთვის, რომ მათი დიდი გლობალური ამოცანები შესრულდეს.„საქართველო პროქსი ომში არ ერთვება და ყველა მიმართულებიდან საკმაოდ ინტენსიურ შეტევას უნდა მოველოდეთ. ეს შეტევები ბოლო პერიოდში გაძლიერდა და ფიზიკური დაპირისპირებების სახე 4 ოქტომბერს მიიღო. თუ ამას არ გაითვალისწინებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან არავის გაუკვირდება, მაგრამ კიდევ ერთი სერიოზული თემაა – მათ შეიძლება საზოგადოების დასჯაზე დაიწყონ საუბარი, რომელიც ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს არ დაეთანხმა და ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა. პრაქტიკულად, ეს სასჯელი შანტაჟის მექანიზმია. აქამდე დაცემას ვერ წარმოვიდგენ, რომ საზოგადოებას “ქართული ოცნების” მხარდაჭერისთვის დაუპირისპირდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი – გაფართოების საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს დადანაშაულება რაიმე არგუმენტირებული პოზიციით რთული იქნება, ცარიელი სიტყვების ლაპარაკი არაფერია

გაფართოების საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს დადანაშაულება რაიმე არგუმენტირებული პოზიციით რთული იქნება. ცარიელი სიტყვების ლაპარაკი არაფერია, რომ დემოკრატიისგან უკან დახევა ხდება, საგარეო კურსი შეიცვალა და არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე, რომლის გამოქვეყნებაც ხვალისთვის არის დაგეგმილი.„ამ უსაფუძვლო ბრალდებებს თუ გაჰყვნენ და კუბილიუსის, იუკნევიჩიენეს, კოსის პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს სერიოზული ჩანაფიქრია და საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ჩანაფიქრი ძალიან მძიმე და აშკარაა. მათი მოსაზრებით, საქართველოს დანიშნულება საზარბაზნე ხორცად ქცევაა. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბრის მოვლენებს და სხვა უამრავ ფაქტს გაიხსენებენ, რომლებიც მათ მიერვე მხარდაჭერილი აქციების ორგანიზებას უკავშირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიერ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს „ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მომზადება საქართველოში არ არსებობს“.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მოსაზრება რეალობას არ შეესაბამება. საქართველოში, თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური განათლება არსებობს და ვითარდება.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქვეყნის უმთავრესი საინჟინრო-სამეცნიერო ცენტრი, რომლის ისტორიაც საუკუნეზე მეტს ითვლის, საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს, რომ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასება, თითქოს „ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მომზადება საქართველოში არ არსებობს“, არ ასახავს რეალურ სურათს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც საუნივერსიტეტო სივრცემ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გამოიარა, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები, რესურსების სიმწირე, მრავალი გამოწვევა განათლების სისტემაში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორები და სტუდენტები დღესაც ის ადამიანები არიან, ვისზეც დგას ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ტექნოლოგიური პროგრესი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რჩება მძლავრ საინჟინრო და ტექნოლოგიურ სკოლად, სადაც ცოდნა ძალად გარდაიქმნება. სტუ-ის კურსდამთავრებულები ქმნიან, აგებენ და აძლიერებენ საქართველოს - საკუთარი ცოდნით, შრომით, პროფესიული ეთიკითა და ერთგულებით სამშობლოს მიმართ არ ზოგავენ ძალას, ცოდნას და გამოცდილებას. სწორედ მათი შრომით, პროფესიონალიზმითა და შემოქმედებითი ენერგიით ინარჩუნებს ქვეყანა განვითარების იმპულსს და სიძლიერეს. ამიტომაც სრულიად უსამართლო, დაუმსახურებელი და არაკორექტულია ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც ამცირებს ან უარყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოში კვლავაც მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური ინჟინრებისა და დარგის პროფესიონალების აღზრდის პროცესი.რეალობა ისაა, რომ თანამედროვე საქართველოს განვითარებაში პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ან ინფრასტრუქტურული პროექტი - იქნება ეს ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ურბანული, სივრცითი, ეკოლოგიური თუ სხვა სახის - სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორები ან სტუდენტები აქტიურად არ მონაწილეობდნენ და არ იკავებდნენ საკვანძო, გადაწყვეტილების მიმღების ან პროექტის განვითარების განმსაზღვრელ პოზიციებს. მათი ჩართულობა არ არის შემთხვევითი - ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიული მისიის ბუნებრივი გაგრძელებაა.ჩვენ შორს ვართ აზრისგან, რომ საჭიროა რაიმე ფორმით მტკიცება ჩვენი უდავო ლიდერული პოზიციისა ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ამას ჩვენი კურსდამთავრებულების, ჩვენი პროფესორებისა და სტუდენტების მიერ გაწეული სამსახური და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილი ადასტურებს. თუმცა მოვიყვანთ რამდენიმე მიმდინარე პროექტს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების უშუალო ჩართულობით ხორციელდება. ეს არის პროექტები, რომლებზედაც დგას დღეს ქვეყნის ეკონომიკა და რომლის წარმატებით რეალიზაცია ჩვენი უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული.სხვა მიღწევებს შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ქვეყნისთვის სტრატეგიული - ენერგეტიკული სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ისინი ხელმძღვანელობენ ენგურჰესს, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის მესამედზე მეტს გამოიმუშავებს და მსოფლიოს უმაღლეს თაღოვან კაშხლებს შორისაა; კოორდინირებენ საერთაშორისო პროექტებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის კორიდორი; მართავენ სახელმწიფო ელექტროსისტემის გადამცემ ქსელს 4438 კმ ხაზითა და 93 ქვესადგურით, ასევე ხელმძღვანელობენ „თელასის“ თბილისის გამანაწილებელ ქსელს 3 მლრდ კვტ/სთ წლიური მოხმარებითა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 1.2 მილიონზე მეტი აბონენტით. ისინი ქმნიან ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების ეროვნულ პოლიტიკას, ხელმძღვანელობენ ბაზრის ოპერატორ „ესკოს“, იკვლევენ ხელოვნურ ინტელექტს ენერგეტიკაში და ამუშავებენ HVDC ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებს. სამართლიანად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სტუ-ის კურსდამთავრებულები სრულად აკონტროლებენ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას.ამავდროულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ქვეყნის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მთავარი საყრდენი ძალა. ჩვენი აღზრდილები ხელმძღვანელობენ მადნეულის გამდიდრების სრულ ავტომატიზაციას „RMG“-ში, მართავენ ბოინგის თვითმფრინავების ნაწილების წარმოებას ATC-ში, ახორციელებენ საწარმოო ხაზების ციფრულ კონტროლს, ავარიული დიაგნოსტიკასა და სინქრონიზაციას სენსორებთან, აქტუატორებთან და SCADA-სისტემებთან. ისინი ქმნიან ჩაშენებულ სისტემებს, ელექტრონულ მოდულებს, ჭკვიანი სახლებისა და სისტემების დიზაინს, ახორციელებენ ინსტრუმენტულ ტესტირებასა და სერტიფიცირებას საერთაშორისო ლაბორატორიებში. ისინი მუშაობენ შაქშაქეთის, ფარავნის, ნაბეღლავის, ოკამის, ლოპოტას, კაზრეთისა და ნენსკრას ჰესების სრულ საინჟინრო ავტომატიზაციაზე, ასევე, კომპანია „ჯივიპის“ თბილისის, ნატახტარის, რუსთავისა და ბოდორნას წყალსაცავების დონის ციფრულ მართვაზე. აქაც შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ სტუ-ის კურსდამთავრებულები სრულად აკონტროლებენ საქართველოს ინდუსტრიულ ავტომატიზაციასა და ჭკვიან ინფრასტრუქტურას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორებს, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. სწორედ მათი მონაწილეობით და მთელ რიგ შემთხვევაში, ხელმძღვანელობით ხორციელდება საქართველოში მიმდინარე უმსხვილესი საინჟინრო-სამშენებლო პროექტების დიდი ნაწილი.ეს არის როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვისა და რეალიზაციის პროექტები, მათ შორის: ქობულეთის შემოვლითი ოთხზოლიანი მაგისტრალი, თბილისი-რუსთავის მაგისტრალი, ახალციხე-ნინოწმინდის გზა, ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთის რეკონსტრუქცია და მოლითი-ხაშურის 40.2 კმ-იანი ახალი ხაზის (14.5 კმ-იანი გვირაბით) პროექტირება.ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და პროფესორები აქტიურად მონაწილეობენ მარაბდა-კარწახისა და მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის მონაკვეთებზე არსებული 384 ხელოვნური ნაგებობის რეაბილიტაციაში, თბილისის შემოვლითი რკინიგზის რვა ხიდისა და წიფის საუღელტეხილო გვირაბის მშენებლობაში, 350-ზე მეტი ხიდის სარეაბილიტაციო და საპროექტო სამუშაოებში, მათ შორის E70 ავტომაგისტრალის 1425-მეტრიანი ჭოროხის ხიდისა და E60 ავტომაგისტრალის 13 გვირაბის პროექტირებაში. გარდა ამისა, შესრულებულია ხიდების რეაბილიტაციის პროექტები, თბილისის მეტროს სადგურებისა და ფუნიკულიორის კონსტრუქციული შეფასება, აგრეთვე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნაგებობების: წმინდა სამების ტაძრის, ბაგრატის ტაძრის, ივერიის ღვთისმშობლისა და ოლადაურის ეკლესიების საინჟინრო-სამშენებლო ანალიზი და კონსტრუქციული პროექტირება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტების წარმომადგენელთა პროფესიონალიზმი, ინოვაციური მიდგომები და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა განაპირობებს იმას, რომ დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა სწორედ სტუ-ის აკადემიური და კვალიფიციური რესურსის მონაწილეობით ხორციელდება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება - პროფესორები და სტუდენტები - აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს წამყვან ფუნდამენტურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში, მათ შორის CERN-ის Compact Muon Solenoid (CMS), J-PARC-ის COherent Muon to Electron Transition (COMET), Fermilab-ის Deep Underground Neutrino Experiment (DUNE) და იაპონიის KEK-ის კოლაბორაციებში. სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები ახორციელებენ მაღალი სიზუსტის კვლევით-ტექნიკურ დავალებებს ნაწილაკების ფიზიკის სფეროში, რაც უზრუნველყოფს საქართველოს საინჟინრო მეცნიერების სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო ქსელში.განსაკუთრებული მიღწევაა სტუ-ში შექმნილი ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტა - მსოფლიოში პირველი დანადგარი, რომელიც აწარმოებს 5 მიკრონის სისქის, 5 მმ დიამეტრის სტროუ მილებს (Straw Tube Tracker, STT) COMET და DUNE ექსპერიმენტების ტრეკული დეტექტორებისთვის. მსოფლიოში უანალოგო ამ უნიკალური ტექნოლოგიის შექმნა სტუ-ის პროფესორებისა და სტუდენტების ძალისხმევის შედეგია. STT გამოყენებული იქნება მსოფლიოს წამყვან ექსპერიმენტებში სხვადასხვა კონტინენტზე, არა მხოლოდ ფუნდამენტურ, არამედ გამოყენებით ფიზიკაში და თითოეულ ამ პროექტში საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის წვლილი განსაკუთრებულად იქნება წარმოჩენილი.ამჟამად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ქართული კოსმოსური ობიექტის - გასაშლელი რეფლექტორის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIC-თან თანამშრომლობით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი როგორც უნივერსიტეტის პროფესორები, ისე სტუდენტები, რაც ხაზს უსვამს სტუ-ის როლს თანამედროვე კოსმოსური ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მისიაა აღზარდოს მომავალი თაობა, რომელიც მზად იქნება თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე საპასუხოდ და სწავლის დასრულებისთანავე იქნება კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საფუძველი უნიკალური და ინოვაციური საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ბაზებია. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, პირველად საქართველოში, ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი აგრეგატებით და წარმოადგენს უანალოგო სივრცეს პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და კვლევისთვის; სტუ-ში შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის ულტრათანამედროვე ლაბორატორია, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ იყენებენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, არამედ შეისწავლიან ახალი ალგორითმებისა და მოდელების შექმნას კონკრეტული გამოწვევების საპასუხოდ; სრულად აღიჭურვა თანამედროვე მასალათმცოდნეობისა და მექატრონიკის ლაბორატორიები; შეიქმნა განახლებადი ენერგეტიკის ლაბორატორია და აგრეთვე მრავალი სხვა საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცე, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტების მომზადებას რეალური, თანამედროვე ინდუსტრიული და სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტისთვის.თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება არა მხოლოდ მონაწილეობს, არამედ აქტიურად ქმნის მსოფლიო მეცნიერების მომავალს საქართველოში შექმნილი ინოვაციებითა და ცოდნით.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლობს წამყვან ინდუსტრიულ კომპანიებთან, როგორებიცაა „არემჯი“, „საქნახშირი“, „ჯორჯიან მანგანეზი“, „საქართველოს რკინიგზა“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „ჰუავეი“, “აპტოსი”, “ჰანიველ ცემენტი”, “ლაიონ ტრანსი”, “ავტოტექნო”, “ივერმედი” და მრავალი სხვა. სამწუხაროდ, ამჟამად კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და მისი ხელმძღვანელი, ბატონი თემურ ჭყონია, არ ფიგურირებენ ინჟინერ-ტექნოლოგიური კადრების მომზადებისა და კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდამჭერთა სიაში. ეს გარემოება ასახავს დისონანსს საჯარო განცხადებებსა და რეალურ ჩართულობას შორის: მიუხედავად მრავალჯერადი ხაზგასმული განცხადებებისა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ინჟინერ-ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობის შესახებ, კომპანია აქტიურად არ არის ჩართული სფეროებში, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიური პროგრესისა და განათლების სისტემის მოდერნიზაციის საფუძველს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორის უფრო მჭიდრო ჩართულობა უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და პროფესიულ სკოლებთან აუცილებელია, რათა მომზადდეს მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნოლოგიური კადრები და გაძლიერდეს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემა. მსგავსი თანამშრომლობა არა მხოლოდ უზრუნველყოფს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ხელს უწყობს ქვეყნის ინდუსტრიული პოტენციალის ზრდასა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას კერძო სექტორთან ღია დიალოგისა და თანამშრომლობისთვის და პატივისცემით იწვევს ბატონ თემურ ჭყონიას უნივერსიტეტში, რათა ის პირადად გაეცნოს სტუ-ში არსებულ თანამედროვე საგანმანათლებლო, კვლევით და ინოვაციურ ინფრასტრუქტურას, სადაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები ინოვაციურ პროექტებს ახორციელებენ. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიზნესსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის დასაწყებად, მით უფრო, რომ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შენობები, თავის დროზე, სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერაა აგებული,” - აღნიშნულია სტუ-ის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები