ორშაბათი, მარტი 2, 2026

მეუფე შიო – დიდი მარხვა სინანულის დროა, სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს სიკეთეს, სწამს სიკეთის, გრძნობს და უყვარს

ადამიანი არის ღვთის გამოუთქმელი დიდების ხატი, მიუხედავად დაცემულობისა, ცოდვების წყლულებისა და შედეგებისა, რომლებიც ადამიანის ბუნებას აქვს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)დიდმარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, „ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების“ და „ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ“ ქრისტეს ეკლესიისა და მართლმადიდებელი სარწმუნოებისა.

მიტროპოლიტმა მარხვის არსზე ისაუბრა, მისი თქმით, დიდი მარხვა სინანულის დროა. სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს სიკეთეს, სწამს სიკეთის, ხედავს, გრძნობს და უყვარს.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმს.

„ეს დღე ეძღვნება მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის საბოლოო დამტკიცებას, საბოლოო გამარჯვებას ეკლესიაში, რომელიც მოხდა მეშვიდე მსოფლიო კრებაზე, 787 წელს. ამ კრების მამებს პასუხი უნდა გაეცათ ურთულეს შეკითხვაზე, რომელიც აწუხებდა იმჟამინდელ რელიგიურ სინდისს: შეიძლება თუ არა უხილავი ღმერთი გამოისახოს საღებავებით ან სხვა საშუალებებით? და აი, კრების მამებმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხეს: დიახ, შეიძლება, რადგან მოხდა ღმერთის განკაცება, ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება, „ხატი მონისა მიიღო“ (ფილ. 2, 7), – როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, – „და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი“ (ფილ. 2,7).

ღმერთი თავისი ბუნებით და არსით მიუწვდომელია, უხილავია და, რა თქმა უნდა, მისი გამოსახვაც შეუძლებელია, როგორც ამბობს წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: „ღმერთი არავის არასდროს უხილავს“ (ინ. 1, 18), მაგრამ იქვე დასძენს: „მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან განაცხადა“ (ინ. 1, 18). ე. ი. განკაცებით მოხდა ღვთაების გაცხადება ქრისტეში და უხილავი ღმერთი ჩვენი გრძნობითი აღქმისთვის მისაწვდომი გახდა. ამდენად, რომ განკაცდა ღმერთი, ეს მოხდა და შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.

ამდენად, ადამიანი არის ღვთის გამოუთქმელი დიდების ხატი, მიუხედავად დაცემულობისა, ცოდვების წყლულებისა და შედეგებისა, რომლებიც ადამიანის ბუნებას აქვს. აი, ამას გვახარებს დღეს წმინდა ეკლესია, ამას გვაუწყებს, ამას გვახსენებ – ღმერთის და ადამიანის სიახლოვეს, იმ სიკეთეს, დიდებას, იმ სინათლეს, რომელიც არის ჩვენში ჩადებული, როგორც ჩვენი წარუშლელი და შინაგანი ბუნება, საფუძველი ჩვენი არსისა.

ის, რომ წმინდა ეკლესია ამას გვახსენებს სწორედ დიდი მარხვის პირველ კვირას, ესეც ნიშანდობლივია, ვინაიდან დიდი მარხვა სინანულის დროა. სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს ამ სიკეთეს, სწამს ამ სიკეთის, ხედავს, გრძნობს და უყვარს. ადამიანში მარტო ცოდვების და არარაობის დანახვა აზიანებს ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ამ კეთილი მხარის დანახვის გარეშე. აზიანებს თუნდაც იმიტომ, რომ მიჰყავს ადამიანი მოწყინებამდე, სევდამდე, სასოწარკვეთილებამდე და პარალიზებას ახდენს ღვთისგან ბოძებული საოცარი ნიჭისა, რაც არის ჩვენი შემოქმედებითი ძალები.

აი, ამიტომ დიდმარხვაში, როდესაც უფრო მძაფრად განვიცდით ჩვენს დაცემულობას, ამ მოწყინებაში ჩავარდნის საშიშროებაც უფრო მეტია. ამიტომ წმინდა ეკლესია გვიცავს ამ შეხსენებებით და მინიშნებებით, მოწმობს რა, ღვთის გამოსახვის შესაძლებლობას; ის გვახსენებს ჩვენში ხატებას ღვთისას, როგორც ამ დიდ საოცარ საფუძველს ჩვენი ბუნებისა და თითქოს გვეუბნება: – შეხედე, რა დიდი სიკეთე მიეცა ადამიანს! რა საოცარ სიმაღლეზე შეუძლია ადამიანს ავიდეს სულიერი კიბით, თუნდაც უკანასკნელი დაცემულობის ფსკერიდან!

ეს შეხსენებები, სიმბოლური მინიშნებები, რომლებიც იწყება დღევანდელი კვირიდან და გაგრძელდება შემდეგ კვირებში (ეს იქნება შემდეგ გრიგოლ პალამას სწავლება, ჯვრის თაყვანისცემა, იოანე კიბისაღმწერლის კვირა, მარიამ ეგვიპტელისა), სულიერად გვაძლიერებენ, გვიმტკიცებენ მართლმადიდებლურ რწმენას ღვთისა და ადამიანისა და მოგვიწოდებენ ქმედითი სიყვარულისკენ. ამიტომ ჩვენც უნდა ვუპასუხოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ მოწოდებებს, ამ მინიშნებებს სულიერი ღვაწლით და ქმედითი სიყვარულით, კეთილგანწყობით ადამიანებისადმი, მათი ცხოვრებისადმი და მათი გულწრფელი, კეთილი მისწრაფებებისადმი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას: 1990 წელს, ღვთის შეწევნით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაუღალავი ღვაწლით და შრომით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნო და აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალია. სწორედ ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მისი სახით მთელ ჩვენს ეკლესიას საზეიმოდ გადასცა ორი სიგელი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის ცნობის სიგელი. ეს იყო დიდი გამარჯვება ჩვენი ეკლესიის, საბოლოო გამარჯვება იყო ამ დიდ ბრძოლასა და ღვაწლში, რაც უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვებას და მის აღიარებას.

ჩვენ დღეს დიდ მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მისი დიდი ღვაწლისთვის, ვინაიდან სწორედ მან დააგვირგვინა თავისი ღვაწლით ეს შრომა და ბრძოლა, რომელიც დაიწყეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. ვუსურვოთ მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და სულის სიმხნევე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, რომელიც მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტებისა და მართლმადიდებელი სარწმუნოების. ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ ქრისტეს ეკლესიისა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა.

თქვენ იცით, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და შეგვეწიოს უფალი, რომ მომავალშიც ჩვენი ერი ყოფილიყოს ერთგული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი ეკლესიისა, როგორც უმთავრესი საუნჯისა, რომელიც გვებოძა ღვთისგან და რაც არის, ყოველთვის იყო და არის მთავარი საწინდარი ჩვენი ერის გადარჩენისა. ამინ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, – აცხადებს მიტროპოლიტი შიო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთი მზადაა, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას

საფრანგეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.„მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რაკეტებისა და დრონების მიზანმიმართული სამიზნე გახდნენ და ჩაითრიეს ომში, რომელიც მათ არ აურჩევიათ - საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, კატარს, ერაყს, ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანსა და იორდანიას - საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას და სრულ სოლიდარობას უცხადებს. ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მათ თავდაცვაში“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.ამასთან, მისი თქმით, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის „ცალმხრივი“ თავდასხმები ისეთ ორგანოებში უნდა განეხილათ, რომლებიც იცავენ საერთაშორისო სამართალს, მაგალითად, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.ინფორმაციას ამერიკის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სამხედრო მოსამსახურე ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ საწყის ეტაპზე დაშავდა და მიღებული დაზიანებების შედეგად, მოგვიანებით გარდაიცვალა.შეგახსენებთ, ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში, ოთხი ამერიკელი სამხედროა დაღუპული. სამი დაღუპულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ის, რაც ირანში ხდება, კარგი სიგნალია პუტინისთვის, ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის, როგორც მოკავშირის, არაფრისმაქნისობა აჩვენა და ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაანახა, თუ როგორ მთავრდება დიქტატურა.„ვფიქრობ, პუტინმა უკვე აჩვენა, თუ როგორი მოკავშირეა ის სირიაში, მაშინ როცა, პრინციპში, მათ ვერ მოახერხეს ასადის რეჟიმის დახმარებას. ჩემი აზრით, (რუსებმა) ახლაც აჩვენეს თავიანთი სისუსტე. ანუ, როგორც მოკავშირეები, ისინი არაფრის მაქნისები არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.მისი თქმით, რუსეთმა მთელი თავისი სამხედრო ძალების უკრაინაში თავმოყრა მოახდინა.„ის, რაც ირანში ხდება, ვფიქრობ, კარგი სიგნალია პუტინისთვის, რომ ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ „ჰეზბოლას“ დაზვერვის ხელმძღვანელი მოკლეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა „ჰეზბოლას“ დაზვერვის ხელმძღვანელი ჰუსეინ მაქლედი მოკლეს.გავრცელებული ცნობით, ჰუსეინ მაქლედი ბეირუთში მოკლეს, სადაც შტაბბინა იყო მოწყობილი.ამასთან, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ირანის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირები მოკლეს.

ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა – „ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.სომხეთის პრემიერი წერილში აღნიშნავს, რომ სომხეთს ყოველთვის ახსოვს ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში.„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ირანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და მოქალაქეებს შორის დაღუპულთა გამო. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში. ამ რთულ დროს ჩვენ ვიმედოვნებთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფ დამყარებას. ამ შესაძლებლობით სარგებლობისას გისურვებთ მოთმინებას, ხოლო ირანის მეგობარ და მეზობელ ხალხებს – მშვიდობასა და გამძლეობას“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ბოლო სიახლეები