სამშაბათი, აპრილი 7, 2026

მეუფე შიო – გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ

გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში, – ამის შესახებ პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

მან მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწაული“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დღესასწაულს და ასევე – საშინელი სამსჯავროს ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, კურთხევას.

როგორც იცით დღევანდელი დღესასწაულის ისტორია, მართალ სვიმეონს სულიწმინდისგან ეუწყა, რომ არ გარდაიცვლებოდა, სანამ არ იხილავდა თავისი თვალებით ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს. და აი, უფალ იესო ქრისტეს შობიდან მეორმოცე დღეს, როდესაც ყოვლადწმინდა ქალწულმა ღვთისმშობელმა რჯულში დადგენილი წესისამებრ ტაძარში მიიყვანა თავისი ახალშობილი ძე, იქ იმყოფებოდა მართალი სვიმეონიც. მან იცნო ჩვილ იესოში სოფლის მაცხოვარი, ხელში აიყვანა, მიიხუტა და წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვები, რომლებსაც დღესაც ვიმეორებთ: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“ (ლკ. 2, 29-30). ე. ი. რაკი ჩემი თვალით ვიხილე სოფლის მაცხოვარი, ახლა შემიძლია მშვიდობით შევხვდე სიკვდილს.

ტაძარში იყო ასევე წინასწარმეტყველი ანა, რომელიც უფალს ადიდებდა და ყველას, ვინც მოელოდა გამოხსნას იერუსალიმში, ვინც ტაძარში მოდიოდა, ელაპარაკებოდა მაცხოვრის შესახებ.

ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული: მართალი სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღთქმის – ახალ აღთქმასთან, ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწაული.

და აი, ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე, რაც არის ღმერთთან შეხვედრა. ის ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ის შეიძლება მოხდეს ლოცვაში, ის ხდება დიდ განსაცდელში, სნეულებაში, ღმერთთან შეხვედრა ხდება შეჭირვებული ადამიანის გვერდით, ღმერთთან შეხვედრა შეიძლება მოხდეს დიდი სიხარულის დროს, რომელსაც უფალი გვაძლევს, განსაკუთრებით ღმერთთან შეხვედრა ხდება წმინდა ზიარების საიდუმლოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ უფალს, ვერ ვცნობთ მას და გვერდს ვუვლით. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც არის ადამიანის გულის არაწმინდება, რომელიც აბნელებს ჩვენს სულიერ ხედვას და ხელს გვიშლის, დავინახოთ უფალი, დავინახოთ ის, რაც სინამდვილეში თვალნათლივ დასანახი უნდა იყოს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მთ. 5,8).

მაშასადამე, გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში. ამიტომაც ხშირად ვლოცულობთ ფსალმუნთა სიტყვებით: „გული წმიდა დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა“ (ფს. 50, 10).

ქრისტესთან შეხვედრა მრავალჯერ ხდება ცხოვრებაში, მრავალია ამის შესაძლებლობა. ეს გვეძლევა, როგორც დიდი ნუგეში და წყალობა. ამას ადასტურებს ქრისტიანული ცხოვრების, დიდი სულიერი ადამიანების სწავლება და გამოცდილება. უფალთან ეს შეხვედრები გვეძლევა ასევე, როგორც საწინდარი, ძვირფასო ძმებო და დებო, იმ გადამწყვეტი და უკანასკნელი შეხვედრისა, რომელიც ყველას მოგველის გარდაცვალების შემდეგ.

დღეს არის ხსენება საშინელი სამსჯავროსი და ამ შეხვედრის გამო, უფალი გვამზადებს; ამ შეხვედრის გამო, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, ღვთის სიტყვა გვმოძღვრავს და ეს შეხვედრა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მისთვის უნდა ვემზადებოდეთ. ეს შეხვედრა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ამ ცხოვრებაში შეიძლება შეგნებულად თუ შეუგნებლად უგულებელვყოფდეთ ღმერთთან შეხვედრებს, მაგრამ ეს უკანასკნელი და გადამწყვეტი შეხვედრა უფალთან გარდაუვალია. როგორც გითხარით, არ არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენ გვსურს თუ არა, მზად ვართ თუ არა მისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, მირქმის დღესასწაულს; შეგვეწიოს უფალი, რომ ღირსეულად განვვლოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრება და მშვიდობით წარმოვთქვათ ჩვენი „აწ განუტევე“, ხოლო როდესაც წარვდგებით ღვთის წინაშე, მოვისმინოთ არა მისი მკაცრი სიტყვები: „წადით ჩემგან, წყეულნო, არ გიცნობთ თქვენ“ (მთ. 25, 41), არამედ მისი მოწყალე სიტყვები: „მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული დასაბამითგან სოფლისა“ (მთ. 25, 34). ამინ“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდი სამშაბათი – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა.ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ეკლესიაში აღესრულება პირველშეწირულის ლიტურგია. იკითხება ოთხივე სახარება. ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.დიდი სამშაბათიდიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მოწმუნეებს სულიერი სიფხიზლისაკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისაკენ, განსაკუთრებით კი მოწყალებისაკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის, როცა გვეუბნება: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მთ. 25,40).

რობერტ ფიცო – უკრაინის მიერ ევროპის დაცინვა აღმაშფოთებელია, წარმოუდგენელია, როგორც იქცევა უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით, არ შეუტიოს გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურას

ევროკავშირის მთავარ მოთამაშეებს ახლა რეალურ დროში შეუძლიათ, დაინახონ, თუ როგორ მოიქცევა უკრაინა, თუ ის ევროკავშირის წევრი გახდება. ჩვენ არ უნდა დაგვემუქრონ სამხედრო გამოცდილებით, თუ ისინი არ მიიღებენ იმას, რასაც ითხოვენ, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.ფიცოს თქმით, მუდმივად თან სდევს შეშფოთება ქვეყნისა და ევროპის მომავლის შესახებ. როგორც ფიცო აღნიშნავს, გაურკვეველია, მომდევნო პერიოდში კრიზისი მხოლოდ ეკონომიკური იქნება, თუ საფრთხე უფრო მასშტაბური იქნება და შეეხება უსაფრთხოებასა და მშვიდ ცხოვრებასაც.სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვნად იძაბება და საჭიროა მკაფიო პასუხი იმ პირების მიმართ, რომლებიც, მისი თქმით, ომებს უჭერენ მხარს, არღვევენ საერთაშორისო სამართალს და არ იცავენ ადამიანის უფლებებს. ამ კონტექსტში, ფიცო არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში მშვიდობის დაცვის საკითხი საკონსტიტუციო დონეზეც განიხილონ.„მუდმივად მაწუხებდა ერთი განცდა, შეშფოთება იმაზე, რა მოხდება უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებში — იქნება ეს მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი, ფასების ზრდა და საწვავის დეფიციტი, თუ უფრო მეტი — ჩვენი მშვიდობიანი ცხოვრების, უსაფრთხოებისა და მსოფლიოს ახალ წესრიგში ჩვენი ადგილის საკითხი“, – განაცხადა ფიცომ.ფიცომ ასევე ისაუბრა საერთაშორისო ვითარებასა და ენერგეტიკულ კრიზისზე. მისი შეფასებით, გლობალური პროცესები უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.„ვხედავთ, რომ ნავთობისა და გაზის მდგომარეობა უარესდება და ფასები იზრდება — ამ პროცესს ვერავინ გაექცევა“, – აღნიშნა ფიცომ.ამასთან, ფიცომ გააკრიტიკა ევროკავშირისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებები.„უნგრეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩვენ ვიბრძვით „დრუჟბას“ ნავთობსადენის ხელახლა გახსნისთვის და ვუხელთ თვალებს ევროკომისიას, რომელიც არაკომპეტენტურობისა და იდეოლოგიური სიბრმავის რეკორდულ დონეს აღწევს. ჩვენ მივუთითებთ უკრაინის პრეზიდენტის მტრულ ქმედებებზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ახლა მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ. თითქმის წარმოუდგენელია, თუ როგორ იქცევა უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით, არ შეუტიოს გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურას. ის ფაქტობრივად უგულებელყოფს ევროკავშირის მოთხოვნებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია. არ მესმის, რატომ არ ეუბნება ევროკავშირი უარს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის საომარ სესხს, როდესაც ხედავს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეალურ დამაზიანებელ ქმედებებს. სლოვაკეთი არ მონაწილეობს ამ სესხში, მაგრამ უკრაინის მიერ ევროპის დაცინვა აღმაშფოთებელია. ევროკავშირის მთავარ მოთამაშეებს ახლა რეალურ დროში შეუძლიათ, დაინახონ, თუ როგორ მოიქცევა უკრაინა, თუ ის ევროკავშირის წევრი გახდება. ჩვენ არ უნდა დაგვემუქრონ სამხედრო გამოცდილებით, თუ ისინი არ მიიღებენ იმას, რასაც ითხოვენ“, – განაცხადა ფიცომ.მისივე განცხადებით, სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემას.„სლოვაკეთი დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს — ღირსებით და არა ორმაგი სტანდარტებით. 2027 წლის არჩევნები არ იქნება უბრალოდ ხელისუფლების შეცვლაზე – ეს იქნება არჩევანი, დარჩება თუ არა სლოვაკეთი სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო და 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge შეუძლიათ.„აპლიკანტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ცნობარი აბიტურიენტებისთვის: https://naec.ge/#/ge/post/3538წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც აქვთ.სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან.მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდს: naec.ge“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.„6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელით, გაიმართა ოფიციალური სადილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პატივსაცემად, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება“, - ნათქვამია განცხადებაში.  

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციით, ხვალ, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.მათივე ცნობით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

ბოლო სიახლეები