ხუთშაბათი, დეკემბერი 12, 2024

მეუფე თეოდორე – დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის პირველ პირებს, რომლებიც ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა ილია მართლის გზაზე ატარონ და დიდი მადლობა ჩვენს ხალხს

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს პირველ პირებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ილია მართლის გზაზე ატარონ, დიდი მადლობა ჩვენს ხალხს, რომელმაც ყველანაირ კეთილდღეობას, ყველანაირ სხვაგვარად დაფასებას ამჯობინა, იყოს უფალთან, უფლის გზაზე იაროს, – ამის შესახებ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ყვარლის, ლაგოდეხისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა წინამძღოლმა, მეუფე თეოდორემ „ილიაობა 24“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, დღეს, სწორედ, ამ გზას ადგას ქვეყანა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„ყველაზე მთავარი, რაც ილია მართალმა დაგვიტოვა, სამ სიტყვაში გამოიხატება – ეს არის გზა, რომელ გზაზეც უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ. გზაზე, რომელზეც შეიძლება კეთილდღეობა იმდენი არ იყოს, მაგრამ იყოს ქვეყნისა და სამშობლოს სიყვარული, გზაზე, რომელმაც თითოეული ჩვენგანი უფალთან უნდა მიგვიყვანოს. მე მინდა, მადლობა შევწირო უფალს, რომ დღევანდელ დღეს, მე ვფიქრობ, სწორედ ამ გზაზე ვდგავართ და ჩვენი ქვეყანა ვითარდება ისე, რომ ჩვენი შვილები უფლის გზაზე დგანან და უფალთან მივლენ. სწორედ, ეს არის მთავარი შინაარსი ჩვენი ცხოვრებისა. ჩვენი ქვეყანა ამით გადარჩა, ამან გადაარჩინა ჩვენი სამშობლო იმ უთვალავი მტრის ხელში, რომელიც ჩვენ მუდმივად გარს გვერტყა. ჩვენ გადაგვარჩინა უფალმა, იმან, რომ ჩვენი ხალხი ყველანაირ კეთილდღეობაზე წინ ღმერთს აყენებდა და მე ვფიქრობ, რომ დღეს ასე მივდივართ და დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ სხვლას. ჩვენი შვილები ასე ივლიან, რომ არ გადაუხვიონ ილია მართლის დანატოვარ გზას, ეს არის – „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელიც შემდგომ უკვე, დღევანდელობაში მეორე ილიამ თავისებურად წარმოთქვა, ჩვენმა პატრიარქმა თქვა – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“, ეს ორივე ერთი და იგივე გზაა, გზა, რომელიც უფალთან მიგვიყვანს და ვმადლობ უფალს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ გზაზე სიარული.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს პირველ პირებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გზაზე ატარონ და დიდი მადლობა ჩვენს ხალხს, რომლებმაც ყველანაირ კეთილდღეობას, ყველანაირ სხვაგვარად დაფასებას ამჯობინა, რომ უფალთან იყოს და უფლის გზაზე იაროს,“- განაცხადა მეუფე თეოდორემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ლაშა იყო ერთი უბრალო და გულიანი ბიჭი, უყვარდა ფოტოების გადაღება…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება მეტროში დაღუპულ ახალგაზრდაზე

მეტროში დაღუპული ახალგაზრდა ბიჭი, ლაშა ამირეზაშვილია. ის ადრე ფოტოგრაფი იყო და ძალიან უყვარდა ბუნების პეიზაჟების გადაღება. 30 წლის ბიჭი გუშინ მეტროში ჩააგდეს, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. „ლაშა იყო ერთი უბრალო და გულიანი ბიჭი, უყვარდა ფოტოების გადაღება, განსაკუთრებით ბუნებას უღებდა“,- ამბობს ლაშას ახლობელი. „უბრალო გულიანი ბიჭი იყავი... მშვიდობით, ამირეზ...“ „ლაშა როგორ დაგვწყვიტე გული“,- წერენ სოცქსელში. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანმა, რომელმაც ლაშას ხელი ჰკრა, მას არ იცნობდა.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება – რა ვითარებაა ადგილზე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ტერიტორიაზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო პიროტექნიკის გამოყენების ერთეული შემთხვევები, თუმცა ამას ადგილზე ვითარება არ დაუძაბავს. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტები პარლამენტის რკინის ჯებირს უბრახუნებდნენ, თუმცა არც ამ შემთხვევას მოჰყოლია რაიმე ინციდენტი. ადგილზე არ შეიმჩნევა საპოლიციო ძალების განსაკუთრებულ მობილიზება. აქციის მონაწილეები იმყოფებიან, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წინ, ასევე რუსთაველის თეატრისა და სასტუმრო "მერიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე. პროტესტის მე-14 დღე მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს.

ავსტრალიაში ლაბორატორიიდან გაუჩინარდა ასობით ფლაკონი, რომელიც შეიცავს მომაკვდინებელი ვირუსების ნიმუშებს

ავსტრალიის სამედიცინო ლაბორატორიიდან სასიკვდილო ვირუსების შემცველი ასობით ფლაკონი გაუჩინარდა. ამის შესახებ Newsweek წერს. სულ 325 ფლაკონი განადგურდა ან ამოიღეს უსაფრთხო საცავიდან, მათ შორის 223 ფლაკონი შეიცავს ლიზავირუსის პათოგენს, რომელსაც აქვს თითქმის 100% სიკვდილიანობა და არ იკურნება. თუმცა, ადამიანები თითქმის არასოდეს ავადდებიან ამ ვირუსით. ასევე დაიკარგა ჰენდრას ვირუსის 100 ფლაკონი, რომელიც ცხენებიდან ადამიანზე გადადის და შემთხვევათა 57%-ში ფატალურია, ასევე ჰანტავირუსის ორი ფლაკონი, რომელიც წარმოშობილია ვირთხებიდან და 38%-ში ფატალურია. დაკარგული ნიმუშების შესახებ გამოაცხადა კვინსლენდის ჯანდაცვის მინისტრმა ტიმ ნიკოლსმა. მისი თქმით, ეს მოხდა 2021 წელს ბიოლოგიური უსაფრთხოების პროტოკოლების სერიოზული დარღვევის შედეგად, მაგრამ დანაკარგი მხოლოდ 2023 წლის აგვისტოში აღმოაჩინეს. თუმცა, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ნიმუშები არ არის მოპარული. დაკარგვის სავარაუდო მიზეზი იყო გადაუდებელი შემთხვევა - საყინულეს ავარია, რომელშიც ისინი ინახებოდა.

თეა წულუკიანი – ეს ხელისუფლება არსად მიდის, მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა, ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი, ეს უნდა იყოს შანტაჟისგან...

ჩვენმა ხელისუფლებამ არასად არ გადაუხვია, რადგან თუ სადღაც გადაუხვია, ე.ი. სადღაც სხვაგან წავიდა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისკენ წავიდა, მაშინ ვიღაცამ უნდა დადოს ფაქტი, რას ნიშნავს ეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. „თუ ამბობენ, რომ გადავუხვიეთ ევროპის ინტეგრაციის გზას, მაშინ არგუმენტი. ინტეგრაცია შეჩერდა თუ არა საქართველოს მხრიდან, ამას ვერ დაადგენს ბატონი ჰერჩინსკი, ამას ამბობს საქართველოს პირველი პირი, რომელიც არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა და გასაგებ ქართულ ენაზე, რომ ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანა დამშვიდდეს, რომ შევწყვიტოთ შანტაჟის ჯაჭვი“, – აღნიშნა წულუკიანმა. თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს შანტაჟის ენით საუბარი საქართველოსთან და დაიწყოს საქმიანი დისკუსია. „ყველგან არის ის, თუ რა პირობებში ამყოფებდა ევროკავშირი ჩვენს ხელისუფლებას. მუდმივი შანტაჟისა და წნეხის ქვეშ. დაახლოებით ისეთის, რომელსაც მე ვეძახი „აცე ვიროს პრინციპს“. „აცე ვირო და მოგცემ , პატარა თივას ჩაგიდებ პირში“. შესაბამისად, ეს „აცე ვიროს“ შანტაჟი უნდა შემწყდარიყო, რაღა ჩვენსა და ევროკავშირს შორის დისკუსია გადასულიყო საქართველოსთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებისთვის საუკეთესო გზაზე. ეს ხელისუფლება არსად არ მიდის იმიტომ, რომ მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა. ამიტომ ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი და ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი, საქმიანი დისკუსია. ამიტომაც ითქვა ის, რაც ითქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა თქვა და ასეც იქნება, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანა შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მოამზადებს.

მკვლელობა მეტროში – ცნობილია პირის ვინაობა, რომელმაც ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და ლიანდაგში ჩააგდო

მეტროსადგურში 30 წლის ახალგაზრდას ერთ-ერთმა მგზავრმა, მოულოდნელად, ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო. ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. დანაშაული მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილი ბაქანზე იდგა და მატარებელს ელოდებოდა. მოულოდნელად, მასთან უცნობი პირი მივიდა და ხელი ჰკრა. მგზავრები ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა ამირეზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავების ღონისძიება "კურიერმა" გადაიღო. პოლიციამ მამაკაცი მეტროსადგურიდან ხელბორკილებით გამოიყვანა. „კურიერის“ ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 36 წლის ბექა მინდიაშვილია დაკავებული. ის ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა. ლაშა ამირეზაშვილის ცხედარი გუშინ, გვიან ღამით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს, დღეს კი ახალგაზრდა მამაკაცს მშობლიურ სოფელში გლოვობენ. "კურიერის" ინფორმაციით, ამირეზაშვილი ზემო ხანდაკში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თბილისში კი სამუშაოდ, მკვლელობამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდა. რა გახდა დანაშაულის მოტივი, ჯერ უცნობია. არ არის გამორიცხული, სასამართლოში, მკვლელობის ვერსიაზე თავად ბექა მინდიაშვილმა ისაუბროს. ხვალ, მოსამართლე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ბოლო სიახლეები