სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026

მედიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს

მედიის წარმომადგენლები პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ, ხოლო პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

ამის შესახებ იმ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი ზურაბიშვილმა პირველ არხთან წაიკითხა.

„გასული წლის 29 ივნისს, ჩვენი კოლეგა, პირველი არხის მონტაჟის ყოფილი რეჟისორი, მამუკა ბერძენიშვილი 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის ე.წ. ემდეემას პირადი მოხმარებისთვის შეძენა,შენახვის ბრალდებით დააკავეს და დაკავებიდან 9 თვის შემდეგ, 2018 წლის 21 მარტს, რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა და შესაბამისი კანონები სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. იმის ფონზე, რომ ადამიანები გაუპატიურებისთვის ციხეში 6-დან 8 წლამდე მიდიან, წამებისთვის 7-დან 10 წლამდე, მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე, ხოლო ნარკოტიკების გავრცელებისთვის შეიძლება 6 წლით დაისაჯონ, მცირე ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის, ან პირადი მოხმარებისთვის 8 წლით პატიმრობის შეფარდება, სახელწიფოს მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატური და არაადამიანური ნაბიჯია. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია კანონში დოზირებების განსაზღვრა, რათა ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა განსაკუთრებულად დიდ ოდენობად არ ითვლებოდეს.

ასევე, მიგვაჩნია, რომ მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, ხოლო პრობლემურ მომხმარებლებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკა არა რეპრესიული, არამედ ზრუნვაზე ორიენტირებული უნდა იყოს. სამწუხაროდ კანონებში ცვლილებების პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და ადეკვატური კანონმდებლობის შემუშავება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება.

ამასობაში კი უსამართლოდ ათასობით ოჯახი უბედურდება. ამ წუთისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია მოხდება თუ არა რაიმე ცვლილება ამ მიმართულებით. მამუკა ბერძენიშვილი არის სახელმწიფოს მიერ წარმოებული ფაშისტური ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლი და მასთან ერთად ციხეში პირადი მოხმარებისთვის და მინიმალური დოზებისთვის 2000-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს.

ვადასტურებთ, რომ მამუკა ბერძენიშვილი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, ძალიან უკონფლიქტო, დადებითი პიროვნება და მისი ადგილი პენიტენციალურ დაწესებულებაში ნამდვილად არ არის.

მამუკა ბერძენიშვილი საზოგადოებისთვის და არც ერთი ადამიანისთვის არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. მოვითხოვთ, პირველ რიგში პარლამენტისგან, კანონში დაუყოვნებლივ ცვლილებებს და პრეზიდენტისგან მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას, რათა ის დაუბრუნდეს თავის ოჯახსა და მეგობრებს“,- ნათქვამია მიმართვაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 0.1133 გრამი კანაფისა და 6 აბი MDMA-სთვის 28 წლის მამუკა ბერძენიშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

5 მარტს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადავადდა. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტები გამოუშვა

2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი აღინიშნება. ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები მიუძღვნა.მონეტების დიზაინი სებ-მა საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა, თავად მონეტები კი პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა.326 წელს საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამ მოვლენამ საქართველოს ისტორიისა და კულტურის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენა ქართველთა იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული თვითმყოფადობის, ღირებულებებისა და კულტურის ჩამოყალიბებაში. აღნიშნული ისტორიული მოვლენა წმინდა ნინოს ქადაგებას, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის გაქრისტიანებას უკავშირდება.მონეტის წინა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის (საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლო) გამოსახულება და საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო ქრისტიანული ნათლობის სცენა. ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული სამი მტრედი ყოვლადწმინდა სამების, ხოლო ერთ-ერთი მტრედის ნისკარტში მოქცეული ზეთისხილის რტო სულიწმინდის სიმბოლოა. მონეტის ზედა ნაწილში წრიულად დატანილია წარწერები: „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო – 1700″, ხოლო ჯვრის ქვემოთ – საიუბილეო ციფრი „1700“ სტილიზებული სახით. ვერცხლის მონეტაზე ჯვრის გამოსახულება მოცულობითია და ახალი ტექნოლოგიით – ხისებრი ფაქტურით არის შესრულებული, ხოლო სტილიზებული ციფრი „1700“ ოქროსფერია.მონეტის უკანა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოში ქრისტიანული რწმენის, სიძლიერისა და უწყვეტობის ნიმუში – სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. ტაძრის გუმბათის ზემოთ, რკალზე, დატანილია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა. რკალის ზემოთ გამოსახულია მზის სხივები, მარადისობის და ქრისტეს, როგორც „სამყაროს სინათლის“ სიმბოლო. მონეტას რკალად გასდევს ტრადიციული ქართული ორნამენტი, რაც ურთიერთდაკავშირებულობასა და უწყვეტ მემკვიდრეობას აღნიშნავს. მონეტის ზედა ნაწილში დატანილია წარწერები: „საქართველო 2026 GEORGIA“.წარწერებში გამოყენებული შრიფტი სპეციალურად აღნიშნული მონეტის დიზაინისთვის შეიქმნა.ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე – ჩემთვის პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, დავადასტურეთ მზადყოფნა ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის

ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის,  ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი.

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 1 600-მდე წარმომადგენელს სანქციები დაუწესა

12 ოქტომბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების პაკეტი დაამტკიცეს. ის რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებულ 1 569 პირსა და კომპანიას შეეხება. სიაში 826 კომპანია და მათი 743 აღმასრულებელი დირექტორია შეყვანილი.სანქციები მიმართულია იმ მიმწოდებლების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს შეიარაღების წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტებით ამარაგებენ. საუბარია კომპანიებზე, რომელთა ერთობლივი წლიური ბრუნვა, სულ მცირე, 20 მილიარდ ევროს შეადგენს და რომლებშიც 250 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.სანქცირებული კომპანიები რაკეტების, დრონების და თვითმფრინავების წარმოებაში გამოყენებულ ნაწილებს აწარმოებენ. ამ კომპონენტებს შორისაა ელექტრონული დეტალები, მიკროჩიპები, რადარები და საკომუნიკაციო მოწყობილობები, აგრეთვე საავიაციო, სატელიტური და სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები. სიაში ასევე შედიან ასაფეთქებელი ნივთიერებების, საბრძოლო მასალის, ოპტიკური და სანავიგაციო სისტემების მწარმოებლები.ახალი სანქციების დაწესების შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო ევროკავშირის სანქციათა სიებში შეყვანილი ფიზიკური და იურიდიული პირების საერთო რაოდენობა თითქმის 4 600-ს აღწევს.ევროკავშირმა სანქციები კიდევ 77 პირსაც დაუწესა, ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე სექტემბერში ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო.მათ შორის არის დეპუტატობის 74 კანდიდატი, რომლებიც დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, ასევე ყირიმსა და სევასტოპოლში გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდნენ. სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამ წევრს, არჩევნების ორგანიზებისთვის.ევროკავშირის განცხადებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება არღვევს საერთაშორისო სამართალს და ლახავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.ყველა სანქცირებულ პირს ეკრძალება ევროკავშირში მგზავრობა, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული მათი აქტივები გაყინულია, ხოლო ევროპელ მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფინანსური ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება.უფრო ადრე, სექტემბერში ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 10 პირს, რუსეთში დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების მხარდაჭერისა და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შერყევისკენ მიმართული ქმედებების გამო.

ნატო-ს უმაღლესი მთავარსარდალი – ვინმე იმდენად უგუნური თუ აღმოჩნდება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ, ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმა სრულიად უშედეგო იქნება

ვინმე იმდენად უგუნური თუ აღმოჩნდება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ, – ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, ალექსუს გრინკევიჩმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„არავინ უნდა აღიქვამდეს ჩვენს თავდაცვით ხასიათს სისუსტედ ან სიმტკიცის ნაკლებობად. ჩვენი ერთობლივი ძალით მიზნად ვისახავთ მოწინააღმდეგის შეკავებასა და მშვიდობის შენარჩუნებას. თუმცა, თუ ვინმე იმდენად უგუნური აღმოჩნდება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ. შევაჩერებთ თავდასხმას და არ მივცემთ მოწინააღმდეგეს მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, როგორიც უნდა იყოს ეს მიზნები. მოკლედ რომ ვთქვათ, უზრუნველვყოფთ, რომ ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმა სრულიად უშედეგო აღმოჩნდეს“, – განაცხადა გრინკევიჩმა.გენერლის თქმით, ალიანსის თავდაცვის გეგმა მოწინააღმდეგის თავდასხმის შეჩერებას, მისი შეტევის შესუსტებასა და საჭიროების შემთხვევაში მისი ძალების განადგურებას ითვალისწინებს, რათა ნებისმიერი თავდასხმა სრულიად უშედეგო აღმოჩნდეს.„ვფიქრობ, ალიანსის წევრი ქვეყნების მოსახლეობა გარკვეულწილად შეშფოთებულია. მინდა, დავარწმუნო ჩვენი ალიანსის ერთი მილიარდი მოქალაქე, რომ ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ამისთვის ყველას ერთობლივი მუშაობა იქნება საჭირო, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ“, – აღნიშნა გენერალმა.

გურამ მაჭარაშვილი – კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გაიმართება.მაჭარაშვილის თქმით, ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით არაერთხელ მოგვისმენია უსამართლო განცხადებები.„სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია უსამართლო განცხადებები. ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტის შეფასებით, საქართველო ყოველთვის მოწინავე ადგილზეა. ამის ფონზე კი კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს. ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის, ეს არის შეურაცხყოფა ყველა იმ საზოგადოების, ვის წინაშეც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება. რაც შეეხება კაია კალასის განცხადებას, რომ თურმე საქართველოზე ცალკე იმსჯელებენ – რამდენიც უნდა, იმდენი იმსჯელონ. იმდენი აქვთ საქართველოზე უკვე ნამსჯელი და იმდენი აქვთ ევრობიუროკრატებს ნაბრძოლი, რომ საქართველო როგორმე უკან ჩამოეტოვებინათ, აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი, ლგბტ პროპაგანდა ყოფილიყო და ა.შ., ვისღა გაუკვირდება, რომ საქართველოზე ცალკე იმსჯელონ.  მსურს, შეგახსენოთ, კაია კალასის წინამორბედის, ჟოზეფ ბორელის განცხადება: „ევროკომისია არ საუბრობს ევროკავშირის სახელით, ის მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს“. მისი ამ განცხადებით ყველაფერი ნათელია. მას ხომ ნამდვილად ვერ დავაბრალებთ საქართველოს ადვოკატობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები