ოპოზიცია არ აპირებს, ჩაერთოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში. პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, “ქართული ოცნება” ქვეყნის პატრიოტებს გასამართლებით ემუქრება.
“ემუქრება სისხლის სამართლის წესით დაჭერა საქართველოს ყველა პატრიოტს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები შეშინდებიან. რა თქმა უნდა, არც ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, ვითანამშრომლოთ დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს იდეის გასამართლების კომისიასთან. რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გამორიცხულია”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
“ძლიერი საქართველოს” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის პირები, რომელიც პასუხისმგებლები იყვნენ წარსულის შეცდომებზე, დღეს “ქართული ოცნების” რიგებში მყარად სხედან, ამიტომ, მისი თქმით, არ იცის, ვის გასამართლებას აპირებენ ისინი.
“რის გამოძიებას აპირებენ, არ ვიცი იმიტომ, რომ მაშინდელი ხელისუფლების დროს რაიმე პრობლემები თუ იყო, ამ პრობლემებზე პასუხისმგებელი ხალხი დღეს მყარად არის მოთავსებული “ქართული ოცნების” რიგებში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.