,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან 20 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. ამის შესახებ “ლიბერალი” წერს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო ან კერძო სკოლაში. მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა მასწავლებლებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.tprize.ge.
გარდა თვითნომინირებისა, მონაწილეობის მისაღებად, სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ ერთი ან რამდენიმე მასწავლებელი.
კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
25 აპრილი: კონკურსის I ეტაპი- განცხადების ტექნიკური შემოწმება;
15 ივნისი: კონკურსის II ეტაპი – საუკეთესო კანდიდატის გამოვლენა;
1 სექტემბერი: კონკურსის III ეტაპი – ხუთი ფინალისტის გამოვლენა;
5 ოქტომბერი: გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია;
კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული შემდეგ კრიტერიუმების უნდა აკმაყოფილებდეს:
მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესება;
სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;
ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 5 ოქტომბერს სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას გადაეცა.
საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 31 მაისს დაწესდა.