ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026

მასწავლებელს მიღებული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა – რა ცვლილებები იგეგმება სქემაში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებებია. პროექტზე მასწავლებლის სახლი მუშაობდა და მთავრობის დამტკიცების შემდეგ ის ძალაში შევა.

კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება სქემაში? – ამის შესახებ „ლიბერალს“ მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილე, მანანა რატიანი ესაუბრა.

მისი თქმით, სქემაში დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, მასწავლებლის სტატუსიდან ჩამოქვეითების შესახებ ჩანაწერი იცვლება. მოქმედი წესით, მაგალითად, თუ უფროსი მასწავლებელი 4 წლის განმავლობაში 13 კრედიტქულას ვერ დააგროვებს, ის ამ სტატუსს კარგავს.

“მასწავლებლის სტატუსიდან ჩამოქვეითების შესახებ ჩანაწერი იცვლება. მასწავლებელი, რომელსაც მიენიჭება სტატუსი, შემდგომ მისი ჩამოქვეითება აღარ იქნება შესაძლებელი. ამდენად ეს ჩანაწერი გაუქმდება და მასწავლებლებისათვის, რომლებმაც რაღაც სტატუსს მიაღწიეს და წინსვლას აღარ გეგმავენ, სტატუსის დაკარგვის შიში აღარ ექნებათ.

სტატუსის შენარჩუნებისთვის კრედიტების გარკვეული რაოდენობა (მაგალითად, უფროს მასწავლებელს 13 კრედიტქულა უნდა დაეგროვებინა და წამყვან მასწავლებელს -19) უკვე აღარ იქნება საჭირო. ისინი შეძლებენ სასწავლო პროცესზე და მოსწავლეზე უფრო მეტად ორიენტირებული იყვნენ”, – ამბობს მანანა რატიანი.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სქემაშია დაგეგმილი იმ დოკუმენტაციების შემცირებას ეხება, რომელიც მასწავლებელს საკუთარი საქმიანობის დასადასტურებლად უნდა მოემზადებინა.

„მასწავლებლების მოთხოვნით, გარკვეული პრობლემები იყო დოკუმენტაციის რაოდენობასთან დაკავშირებითაც. ამ ყველაფერს მასწავლებლები აქტიურად აპროტესტებდნენ. აქედან გამომდინარე ვეცადეთ, ეს პროცესი დაგვეხვეწა.

შესაბამისად, ის დოკუმენტაცია, რომელიც მასწავლებლებმა თავიანთი საქმიანობის დასადასტურებლად საქაღალდეში უნდა ატვირთონ, შეიცვლება და თუკი 32 აქტივობაზე მთლიანობაში, რომელიც სქემის ფარგლებშია მოთხოვნილი, იყო 68-მდე დოკუმენტი მტკიცებულებად, ახლა ეს რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და მაქსიმალური რაოდენობა გახდა 40,” – ამბობს მანანა რატიანი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიხედვით, შეფასების ჯგუფს მასწავლებლის აქტივობის შეფასების საშუალება არა მხოლოდ სასწავლო წლის ბოლოს ექნება, არამედ სემესტრულად, რაც მისი თქმით, დროში უკეთ გაანაწილებს შეფასების ჯგუფების და მასწავლებლის შრომას.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სქემაში შესვლის გზებთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებები? – მანანა რატიანი ამბობს, რომ სქემის დოკუმენტში შესვლის კომპონენტის თავი მთლიანად იქნება ამოღებული.

“ეს დარეგულირებული იქნება ზოგადი განათლების კანონით და სხვა უფრო ზემდგომი კანონით. სქემაში მასწავლებლის შესვლისა და გამოსვლის მექანიზმებთან დაკავშირებით, როგორც წინა სქემაში გაჩნდა ჩანაწერი, სამინისტრო სამუშაო ჯგუფს შექმნის. ანუ სქემა ამ კომპონენტს თავიდან იცილებს”,- ამბობს მანანა რატიანი.

მისი თქმით, ცვლილებების პროექტი სამინისტროში უკვე გადაგზავნილია და შემდგომი ეტაპი მთავრობაზე წარდგენაა. იმედოვნებს, რომ ცვლილებები უახლოეს პერიიოდში იქნება დამტკიცებული, რის შემდეგაც ცვლილებების გაცნობის მიზნით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავოსში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის სპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება, სადაც მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა იგეგმება.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „უკრაინის აღდგენის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს“ შესახებ პანელურ დისკუსიაში და ღონისძიების ფარგლებში ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

„ბიბისი“ – ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა

ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ალ-ზაჰრას რაიონში მათი ავტომობილი დაბომბეს.„ბიბისის“ ცნობით, დაღუპული სამი ფოტოჟურნალისტი ღაზის სექტორში ეგვიპტური ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის მუშაობდა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებს იღებდა.”ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ იერიში მიიტანეს „რამდენიმე ეჭვმიტანილზე, რომლებიც „ჰამასთან“ დაკავშირებულ დრონს იყენებდნენ იმგვარად, რაც საფრთხეს უქმნიდა ჯარისკაცებს“.ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა რაიონში ისრაელის მიერ არტილერიისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.„ჰამასისი“ მიერ კონტოლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 10 ოქტომბერს დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ღაზაში სულ მცირე 466 პალესტინელი დაიღუპა.ისრაელის სამხედროების განცხადებით, იმავე პერიოდში პალესტინელი შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმების შედეგად სამი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი – ღაზა დემილიტარიზებული და აღდგენილი იქნება, „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს, შემდეგ კი სხვა საკითხები მოგვარდება

ღაზა დემილიტარიზებული და აღდგენილი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებაზე ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.მისი თქმით, „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს, შემდეგ კი სხვა საკითხები მოგვარდება.„ნათლად განვაცხადე, რომ „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს და ეს სრული ვალდებულება იქნება. შემდეგ კი სხვა საკითხებზე გადავალთ და ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ღაზა დემილიტარიზებული, სათანადოდ მართული და ლამაზად აღდგენილი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“, რომელიც თავდაპირველად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცებაზე იყო ორიენტირებული, უფრო ფართო როლის შესრულება შეუძლია.მისივე თქმით, გაერო-სთანაც ითანამშრომლებს.„ეს შესანიშნავი გეგმა იქნება. ვფიქრობ, ღაზასთან წარმატების მიღწევის შემდეგ შეგვიძლია, სხვა საკითხებზეც გადავინაცვლოთ. ღაზაში ძალიან წარმატებული ვიქნებით. ეს შესანიშნავი სანახავი იქნება, შემდეგ კი სხვა რაღაცების გაკეთებას შევძლებთ. ბევრი სხვა რამის გაკეთებაც შეგვიძლია. როგორც კი ეს საბჭო სრულად ჩამოყალიბდება, თითქმის ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ და ამას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად გავაკეთებთ, გესმით? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ არ გამოუყენებიათ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რვა ომი დაასრულა.„გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არასდროს მისაუბრია იმ რვა ომის შესახებ, რომლებიც დავასრულე. თქვენ იფიქრებთ, რომ მათ შეეძლოთ ამ რვა ომის დასრულება, მაგრამ ვერ შეძლებდნენ. ვფიქრობ, ზოგიერთის დასრულება სცადეს, თუმცა საკმარისად არ ეცადნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

პაატა მანჯგალაძე – 100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები, მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს

100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები. მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს, – ამის შესახებ „სტრატეგია არმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.მანჯგალაძის თქმით, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს.„არ არსებობს ჩემი მიმალვის საფრთხე, ჩემით ჩავედი და ჩავბარდი პოლიციელებს. 1 000-ზე მეტი განცხადებაა ჩემი, რომლის უმეტესობა ნეგატიური ხასიათისაა. ეს არანაირი მტკიცებულება არ არის ჩემ წინააღმდეგ. 100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები. მართლა გამიხარდებოდა, რომ შემეძლოს, ერთი დაძახებით 100 000 კაცი გამომეყვანა ქუჩაში. მე ვიყავი ამ აქციაზე, მანამდე დავდიოდი სხვა აქციებზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.ამასთან, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქმეში არსებული ფოტოს საფუძველზე თქმა, რომ ის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორია, არ შეიძლება.„იმ წუთას მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ ოფისის წინ მედიასაშუალებებს ჩავწეროდი. გადავიღე ფოტო ამ ადამიანებთან. ეს იყო მხოლოდ პერფორმანსი. ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ამის გასაღება ორგანიზატორად არ შეიძლება“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს გავრცელდა ვიდეო, სადაც პაატა ბურჭულაძემ აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა. ბურჭულაძემ კომიტეტის წევრებად დაასახელა ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.

ჟან-კლოდ იუნკერი – ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის

ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.იუნკერის თქმით, არ შეიძლება, ევროკავშირი დაემორჩილოს აშშ-ის „ნეოკოლონიალურ ქცევას“.ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპელებს, აშშ-თან დაძაბულობა დიპლომატიის გზით მოაგვარონ და ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირს უჭირავს კარტები ხელში“.„ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რაც გაგვაჩნია, რომლებიც მძიმედ დააზარალებს აშშ-ის ეკონომიკას და ჩვენ არ უნდა შევიკავოთ თავი საჭიროების შემთხევაში ამ ინსტრუმენტების გამოყენებისგან“, – განაცხადა იუნკერმა.მისი თქმით, დონალდ ტრამპთან „მეგობრულად საუბარი ბოლო პერიოდში სულ უფრო რთული გახდა, ამიტომ ევროკავშირი უფრო მტკიცე უნდა იყოს მასთან ურთიერთობებში და უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ „ევროკავშირს ვერ დაიქვემდებარებ რაიმე სახის ნეოკოლონიალური ქცევით“.„ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის. მან ეს იცის, მაგრამ არ ითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ“, – თქვა ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა.ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელიც ამჟამად ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მრჩევლის პოსტს იკავებს, ასევე ისაუბრა ტრამპის სურვილზე, დაეუფლოს გრენლანდიას და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან ძალის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის მუქარამ, შესაძლოა, ნატო-ს არსებობა დაასრულოს.„თუ ნატო-ს მოკავშირე თავს დაესხმება ან დაემუქრება ნატო-ს სხვა მოკავშირეს, ეს ნიშნავს პროცესის დაწყებას, რომლის შედეგადაც ჩვენ, შეიძლება, გავხდეთ ნატო-ს დაშლის თვითმხილველები“, – განაცხადა იუნკერმა.

ბოლო სიახლეები