საქართველოში რისი მომსწრენიც ვართ, ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ელოდება ევროკავშირი წევრობის კანდიდატი ქვეყნისგან. დღითი დღე საქართველოს დემოკრატიული საფუძვლები ინგრევა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს.
„ქართული ოცნების“ რეჟიმმა წამოიწყო ყველაზე დრამატული რეპრესიები ქვეყნის პროევროპული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ბოლო კვირებში რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია არის განგრძობადი თავდასხმების წინაშე. ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის ინიცირებას, სათანადო საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე, ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. როგორც თქვენს ანგარიშში სწორად არის ხაზგასმული, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის დახმარების გაწევაში. საქართველოში კრიზისის დაწყებიდან დღემდე ევროკომისიამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა და ამჟამადაც ახდენს პროექტის იმპლემენტაციას სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, რომელთა ღირებულება შეადგენს 46 მილიონ ევროს, დამატებითი 32 მილიონი ევრო იქნება ხელმისაწვდომი უახლოეს ხანში, მას შემდეგ, რაც ამას დაამტკიცებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე, როგორ მივაწოდოთ დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ თავიდან იყოს აცილებული საქართველოს მთავრობის მხრიდან შემდგომი რეპრესიები. უკანასკნელი რეპრესიული კანონები, კერძოდ, უცხოელ აგენტად რეგისტრაციის აქტი, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ნეგატიურად აისახება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიწოდების შესაძლებლობაზე. მაგრამ მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ერთგული ვრჩებით, ვიპოვოთ საუკეთესო გზები, რათა ჩვენმა დახმარებამ მიაღწიოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამდე და მედიამდე ისე, რომ მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა მარტა კოსმა.
ამასთან, მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად დამატებით 7 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი.
„თქვენ ასევე იცით დეზინფორმაციული კამპანიებისა და ნარატივების შესახებ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, ეს თავდასხმები უბრალოდ მიუღებელია, ამ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ჩვენ ვაძლიერებთ კომუნიკაციის ძალისხმევას და დამატებით 7 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი ამ შემოდგომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამტკიცებისთანავე. ეს თანხები იქნება გამოყენებული საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ევროკავშირისა და მისი ინტეგრაციის გზის შესახებ, ასევე, რომ გაუმჯობესდეს მოქალაქეების წვდომა ზუსტ, დივერსიფიცირებულ და სანდო ინფორმაციასთან. ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა და უნდა ვაჩვენოთ ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნა მარტა კოსმა.
მარტა კოსის განმარტებით, „მომდევნო კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო იმსჯელებს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის იმსჯელებენ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ რეპრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ და ყველა მათგანის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე“.
„ყველა ვარიანტი უნდა დარჩეს მაგიდაზე, რათა ვუპასუხოთ არსებულ უკუსვლას დემოკრატიული სტანდარტების კუთხით. ამავე დროს, შევინარჩუნოთ თანამშრომლობის შესაძლებლობა ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკებში, რომელიც არის ევროკავშირში გაწევრიანების ჩარჩოს მიღმა, მათ შორის შავი ზღვის სტრატეგიასა და რეგიონული დაკავშირებადობაზე“, – აღნიშნა მარტა კოსმა.