პარასკევი, იანვარი 31, 2025

მარკო რუბიო – ტრამპის პოზიციაა, უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდეს, ნებისმიერი მოლაპარაკება დათმობას გულისხმობს და ერთ-ერთი მხარის მაქსიმალური მიზნების მიღწევით არ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხარიდან დათმობას გულისხმობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, ომის დასრულებას დრო დასჭირდება.

ამის შესახებ მარკო რუბიომ ჟურნალისტ მეგი კელისთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ლიდერია ყველაზე დიდი დაბრკოლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საკუთარი შიდა ინტერესები აქვთ.

„წარმოიდგინეთ, რომ უკრაინელი ხარ, რუსებმა ამდენი ტანჯვა მოგაყენეს და ახლა მათ უფლებას მისცემთ, თქვენი მიწები დაიტოვონ? ვგულისხმობ, რომ უკრაინაში ხალხი განაწყენდება ამის გამო და ეს გასაგებია“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

ამასთან, მისი თქმით, ამ ომში ორივე მხარე მძიმე საფასურს იხდის და როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი დაინტერესებულები არიან ომის დასრულებით.

„ეს ომი არ დასრულდება ერთ-ერთი მხარის მიერ მაქსიმალური მიზნების მიღწევით და ბევრი მძიმე სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობ, ეს შეიძლება მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით გახდეს შესაძლებელი. ადვილი არ იქნება, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ ვიცი, რომ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამას მიაღწიოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ეკა სეფაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ასეთი დიდი, პრესტიჟული ორგანიზაცია დაეყრდნო რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს და გაითვალისწინა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან მიმართებით მას აქვს გარკვეული გეგმა, რომლის გამჟღავნებასაც ჯერჯერობით არ აპირებს. დარწმუნებული ვარ, ამ გეგმით ისინი შეეცდებიან, მოძებნონ რაღაც გამოსავალი, რადგან მათ, პირველ რიგში, თავიანთი თავი ჩაიგდეს უხერხულ მდგომარეობაში, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავისი ქმედებებით კავკასიის რეგიონში კარგავს ქვეყნებს. სეფაშვილი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აუცილებლად უნდა გადასინჯოს მუშაობის ის სტილი და საშუალებები, რომლებსაც იყენებს. „ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციამ განიცადა ძალიან დიდი მარცხი. შარშან აზერბაიჯანის დელეგაციას შეუწყვიტეს უფლებამოსილება, ახლა საქართველოს საკითხი დადგა დღის წესრიგში. ფაქტობრივად, გამოდის, რომ კავკასიის რეგიონში საპარლამენტო ასამბლეა ზედიზედ კარგავს ქვეყნებს. ეს მათი პოლიტიკის ძალიან დიდი მარცხია. მათ აუცილებლად უნდა გადასინჯონ მუშაობის ის სტილი და საშუალებები, რომლებსაც იყენებენ. საზოგადოებას შევახსენებ ერთ მნიშვნელოვან მომენტს. ვიდრე ჩვენი დელეგაცია გაემგზავრებოდა სტრასბურგში, მანამდე საქართველოში ჩამოსული იყო PACE-ს მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც შეაფასა საქართველოში ვითარება და მომზადდა ანგარიში. ამ მონიტორინგის ჯგუფს შეხვდა ჩვენი დელეგაცია, შსს მინისტრი, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგრამ ანგარიშში აისახა მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების და რადიკალური ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ჩვენი მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის ასახვა კი არ მოხდა. ეს მიუთითებს, რომ ამ ორგანიზაციის ის ჩინოვნიკები, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული, არ მუშაობდნენ კეთილსინდისიერად. როგორ შეიძლება, ორგანიზაციამ ანგარიში მოამზადოს ისე, რომ ყველა მხარის პოზიცია და არგუმენტები არ გაითვალისწინოს. როდესაც ჩვენ შევეცადეთ ამ ანგარიშის შერბილებას და შევიტანეთ ცვლილებები მასში, თავისთავად ცხადია, რომ ამ ცვლილებებს მხარი არავინ დაუჭირა. კომიტეტზე დამსწრე საზოგადოება ძირითადად უყურებდა თავმჯდომარეს, რომელიც ლატვიელი ქალბატონი იყო. დამსწრე საზოგადოება მის ნიშანს ელოდებოდა, დაეჭირათ მხარი თუ არა. ერთ-ერთი ჩვენ მიერ გაკეთებული შესწორება ეხებოდა იმას, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და აგრეთვე იმ სასამართლო პროცესებს, რომელიც ჩვენ მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში. ამ შესწორებასაც კი, რომელიც უბრალოდ იყო ფაქტის კონსტანტირება და რომელიც საქართველოსთვის და არამარტო ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი, მხარი არ დაუჭირეს. მათი არაკომპეტენტურობა და სურვილი, რომ საქართველოსთვის მიეყენებინათ ზიანი, თვალნათლივ გამოჩნდა. სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი, პრესტიჟული ორგანიზაცია დაეყრდნო რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს და გაითვალისწინა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში.

ადვოკატი – მზია ამაღლობელი რაიმე დახმარებას და სადმე გადაყვანას არ ითხოვს, ამბობს, რომ ჯერ უძლებს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მოინახულა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მზია ამაღლობელი დასუსტებულია და ნელა მოძრაობს. ამასთან, მაია მწარიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ ითხოვს და ამბობს, რომ ჯერ უძლებს. „როგორც იქნა, ჩავიბარეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, დღევანდელი მდგომარეობით რაც ჩაუტარდა. ახლა სპეციალისტებს ვაჩვენებთ და მერე უფრო შეგვეძლება, ვთქვათ რამე სამედიცინო კუთხით. 20 დღის ნაშიმშილარი ადამიანი როგორც გამოიყურება, ისე გამოიყურება, თუმცა საოცარი ადამიანია. კი არ ცდილობს, დაგანახოს, რომ ან სუსტად, ან ცუდად არის, პირიქით, ამბობს, რომ „არა, ჯერ ვუძლებ. არ შეწუხდეთ, კიდევ გავუძლებ და როცა ვერ გავუძლებ, მაშინ გეტყვით“. გაძლება იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე დახმარებას არ ითხოვს, სადმე გადაყვანას არ ითხოვს. ვიზუალურად რასაც დავაკვირდი, უფრო გამხდარია, ვიდრე ორი დღის წინ იყო, ნელა მოძრაობს. ეს ჩემი დაკვირვებაა, რადგან მანძილი უნდა გამოიაროს და, თავისთავად, ნელა მოძრაობს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა, რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და მერე საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო. ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით და ყველა ჯერზე გვეუბნება, რომ „მე არ ვარ მთავარი თემა“, არაერთი უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, რომ მე ვიყო მთავარი ამბავი. ევროსაბჭოს ბოლო ამბებზე იყო ძალიან შეწუხებული, ამაზე მოვასწარით საუბარი. ახლა ჩავიბარეთ ის ანალიზები, რომელიც 28-ში გაუკეთეს. ერთი უცნაურობაა, რომ 28-ში გაკეთებული ანალიზების პასუხი, ვიდრე ჩვენ არ მივედით, არ იცოდა. ახლა აჩვენეს, სავარაუდოდ, მაგრამ ჩვენ დოკუმენტები გადმოგვცეს. გვითხრეს, რომ დღევანდელის ჩათვლით არის. როგორც მზიამ გვითხრა, იმ კვირაში გეგმავენ უკვე სეროზული კვლევების ჩატარებას, სავარაუდოდ, რომელიც აქ ვერ ჩატარდება. ის ამბობს, რომ მე ვუძლებო, ასეთია მისი მოსაზრება. მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა ისედაც და რაღაც-რაღაც კვლევებს ჩაუტარებენ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა კვლევებს, ორშაბათს გვეცოდინება“, – განაცხადა ადვოკატმა.

შალვა პაპუაშვილი – ბოლშევიკურ სტილში დასახვრეტთა სიებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ადგენს, ტერორის ხელშეწყობა ტერორში მონაწილეობაა

ვიცოდეთ, რომ ბოლშევიკურ სტილში დასახვრეტების ასეთ სიებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მოსამართლეების, პროკურორებისა და პოლიციელთა სიის გამოქვეყნებას. „ცილისწამებაზე დაფუძნებული ტერორის ხელშეწყობა ტერორში მონაწილეობაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მამუკა ხაბარელი – საორგანიზაციო კომიტეტი უკვე მზად არის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის, საქართველოს 45 ქვეყნის ათასამდე სპორტსმენი ეწვევა

ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა საქართველოში, ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით. აშენდა ორი, სრულიად ახალი საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედანი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში, ბაკურიანში კი – უნიკალური საშეჯიბრო არენა ბიატლონის და ქროს ქანთრისთვის, – ამის შესახებ ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა განაცხადა. როგორც მამუკა ხაბარელმა აღნიშნა, საქართველო პრაქტიკულად უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის და ქვეყანას ფესტივალის ფარგლებში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა. „პრემიერ-მინისტრს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია. საორგანიზაციო კომიტეტი პრაქტიკულად უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის. ჩვენი გუნდი უკვე შესულია საშეჯიბრო არენების მოსაწყობად და პირველ დელეგაციებს საქართველოში ველოდებით 4 რიცხვიდან, დავხვდებით მათ, განაწილდებიან ათლეტთა სოფელში და 6 რიცხვიდან უკვე დაგეგმილია პირველი შეჯიბრი ყინულის ჰოკეიში, გოგონათა გუნდი დაიწყებს შეჯიბრს, 9 თებერვალს იქნება ოფიციალურად ფესტივალის გახსნის ღონისძიება და 10 რიცხვიდან ყველა სპორტის სახეობა დაიწყებს შეჯიბრებებს. ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა საქართველოში. უშუალოდ ფესტივალი რვა სპორტის სახეობას მოიცავს, აშენდა ორი სრულიად ახალი, საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედანი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში, ბაკურიანში კი აშენდა ბიატლოის და ქროს ქანთრისთვის უნიკალური საშეჯიბრო არენა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 45 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია ზამთრის სახეობებისთვის. ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში სულ 50 ქვეყანაა გაწევრიანებული და მათ შორის 45 იღებს მონაწილეობას ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში. 1000-მდე სპორტსმენი და 2000-მდე დელეგაციის წევრი ჩამოვა. საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება გველოდება წინ“, – განაცხადა ხაბარელმა.

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება სირიის ლიდერს მიმართავს, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება გააუქმოს

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება სირიის ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ნიკა გვარამიას, ბადრი ჯაფარიძის და თინა ბოკუჩავას ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „მის აღმატებულებას, სირიის სახელმწიფოს მეთაურსა და სირიის დიად ხალხს, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის. ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები. სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა. თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, დაგიდასტუროთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – „კოალიცია ცვლილებისთვის“; თინათინ ბოკუჩავა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“,; ირაკლი კუპრაძე – „ძლიერი საქართველო“; ბერდია სიჭინავა – „გახარია – საქართველოსათვის“.

ბოლო სიახლეები