რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება მალე უნდა დაიდოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირაში შეეცდება, განსაზღვროს, გააგრძელებს თუ არა შუამავლის როლს.
„ეს მალე უნდა მოხდეს. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ დროისა და რესურსების დათმობას ამ ძალისხმევისთვის, თუ ის ნაყოფს არ გამოიღებს. ეს კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც გადავწყვეტთ, არის თუ არა ეს ისეთი საქმე, რომელშიც აღარ გვინდა ჩართულობა, ან ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანის დროა“, – განაცხადა რუბიომ.
რუბიოს თქმით, ვაშინგტონი თავს იკავებს რუსეთზე სანქციების დაწესებისგან, რათა დიპლომატიას შესაძლებლობა მისცეს, იმუშაოს, თუმცა აღნიშნა, რომ ტრამპს აქვს ვარიანტები ნებისმიერი მხარის წინააღმდეგ, რომელიც სამშვიდობო შეთანხმებას წინააღმდეგობას გაუწევს.
„თუ ეს არ მოხდება, არ გამოიღებს ნაყოფს, მაშინ, როგორც სახელმწიფოს, გვაქვს ვარიანტები იმათთვის, ვისაც პასუხისმგებლად მივიჩნევთ იმაში, რომ არ სურს მშვიდობა, მაგრამ ჯერჯერობით გვირჩევნია, ამ ეტაპამდე არ მივიდეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს დიპლომატიის კარს დახურავს. არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს რეალისტურობის საფუძველიც. ახლოს ვართ, მაგრამ საკმარისად ახლოს არ ვართ“, – აღნიშნა რუბიომ.