აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის „შუამავლის როლზე“, თუ მშვიდობის მიღწევის პროცესში პროგრესი არ იქნება.
მარკო რუბიოს განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ტემი ბრიუსი ციტირებს.
განცხადებაში რუბიო აღნიშნავს, რომ „დადგა დრო, როდესაც ორივე მხარემ“, უკრაინამ და რუსეთმა, „უნდა წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით“.
„გადაწყვეტილება იმის შესახებ, როგორ ვიმოქმედოთ შემდგომში, ახლა პრეზიდენტ ტრამპს ეკუთვნის. პროგრესი თუ არ იქნება მიღწეული, ჩვენ უარს ვიტყვით შუამავლის როლზე ამ პროცესში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანს არ დაუზუსტებია, რა ვადებზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა დასძინა, რომ ეს არის „ძალიან მკაფიო განცხადება“ რუბიოს მხრიდან. ამასთან, ტემი ბრიუსმა აღნიშნა, რომ კონკრეტული წინადადებები ეხება „ცეცხლის სრული, ხანგრძლივი შეწყვეტის მიღწევას“.