ვფიქრობთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები სრულ თანხვედრაშია მთავრობის მიერ დაწესებულ გეგმა-გრაფიკთან.
„პორტის ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად უკიდურესად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ დროულად გამოაცხადოს სამშენებლო ტენდერი მისასვლელ გზასა და სარკინიგზო გზის მიმართულებით. დღეს უკვე პირველად საჯაროდ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საფინანსო ორგანიზაციებს ვგულისხმობ და ამავდროულად, საქართველოს რკინიგზამ დაასრულა პროექტირება ანაკლიის პორტთან მისასვლელი რკინიგზის გზის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, ტენდერის გამოცხადება იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უკვე შემდეგ ფაზაზე გადასაყვანად. ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს მათ შორის, ნათელი დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად სისტემურად უდგება სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების განვითარებას.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დასახული გეგმა თანმდევი დროის გრაფიკით, რასაც ზედმიწევნით მივყვებით ყველა შესაბამისი უწყება, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს , რომ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს პირველი გემი და, რა თქმა უნდა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

