ერთი წლის წინ ქართველ ხალხს სჯეროდა, რომ ხელისუფლება თავის დაპირებებს დასავლეთსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ შეასრულებდა, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ჰელსინკის კომისიაში, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ესტონელი ხალხი მუდმივად განაგრძობს ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის მხარდაჭერას.
„დაახლოებით ერთი წელი ან ცოტა მეტი გავიდა, რაც საქართველოში ვიყავი. ეს არჩევნებამდე იყო და ვნახე ქართველი ხალხის დიდი მზადყოფნა. მათ იმ დროს სჯეროდათ, რომ ხელისუფლება შეასრულებდა თავის დაპირებებს დასავლეთსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ, თუმცა ეს უხეშად დაირღვა.
ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ქართველ ხალხთან. ამ ათწლეულის განმავლობაში დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ რეფორმებს. რასაც ახლა ვხედავთ, მე ამ ხელისუფლებას ხელისუფლებას ვერ ვუწოდებ, ეს არის რეჟიმი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, არის იმავე მოვლენების დასაწყისი, რაც წლების წინ ბელარუსში დავინახეთ. ეს ძალიან საშიში რამ არის. შემიძლია გითხრათ, რომ ესტონელი ხალხი მუდმივად განაგრძობს ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ცაჰკნამ.

