ორშაბათი, დეკემბერი 23, 2024

მამუკა ხაზარაძე: პრეზიდენტის განცხადება იყო ძალიან მკაფიო

ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და ყველა დაკავებული ადამიანის გათავისუფლება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ძალიან მდაბიო საქციელია, ეს ყველაფერი რაც ჩვენ ვიხილეთ. კერძოდ, მიკროფონების გამორთვა, სცენის წართმევა. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. ხელისუფლება არის აგონიაში და უკვე ისეთ საქციელს ჩადის, რომელიც ნორმალურ ჩარჩოში არ ეტევა.

თქვენ ხედავთ [რუსთაველის გამზირზე] ყოველდღიურად იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ ძლიერი, თავისუფალი საქართველო და უნდათ საქართველო ევროპაში. რამდენად სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის ხელში, რომ ამის გამეორება ჩვენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გვჭირდება, რომ ევროპა უკეთესია რუსეთზე. აი, ამ დონემდე თავიანთი რუსული პროპაგანდით ჩვენი ქვეყანა მიიყვანეს. ამ ქვეყანაში უმრავლესობას უნდა ნორმალური, ევროპული ცხოვრება და ამას აუცილებლად მივაღწევთ.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, ის იყო ძალიან მკაფიო. იმის შეხსენება არავის სჭირდება, რომ ქვეყანა არის სერიოზულ კრიზისში, ეს კრიზისი ცოტა ხანში გადაიქცევა ეკონომიკურ კრიზისში, ამის ყველა ნიშანი არსებობს. ამ ქვეყანაში ყველა ვცხოვრობთ და ერთადერთი გამოსავალი ამ შექმნილი კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და ყველა დაკავებული ადამიანის გათავისუფლება.

თუ ოდნავ მაინც ვინმეს სინდისი აქვს შერჩენილი, ვინც დღეს ე.წ. ხელისუფლებას წარმოადგენს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ძალიან სერიოზული უფსკრულის პირას არის მისული სიტუაცია და ამის განმუხტვის, გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალება არის ახალი არჩევნები“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას აანონსებს

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას აანონსებს. შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ პროცესი მაშინვე დაიწყება, როგორც კი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. ტრამპის თქმით, ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველივე დღეს მოეწერება ხელი ბრძანებების ისტორიულ ფურცელს, რათა დაიკეტოს ქვეყნის საზღვრები არალეგალი უცხოელებისთვის და, პარალელურად, დაიწყება ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაცია ამერიკის ისტორიაში.

ეკა სეფაშვილი – როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს გარედან აქვს მკაცრი დავალება, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს და ცდილობს, პროცესები აქეთკენ წაიყვანოს, მას არაფერი გამოუვა

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების 29 დეკემბრამდე ჩანიშვნაზე, მაფიქრებინებს, რომ ის ცხოვრობს პარალელურ სამყაროში, სადაც არჩევნები გაყალბდა და ინსტიტუტები, კონსტიტუცია არ არსებობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა. სეფაშვილის თქმით, არ ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის განცხადებას ვინმე სერიოზულად მიიღებს. „როგორც ჩანს, მას გარედან მკაცრი დავალება აქვს მიღებული, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს და ცდილობს, პროცესები აქეთკენ წაიყვანოს. მას არაფერი გამოუვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ჰყავს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, არ ემორჩილება კანონს და ურჩევნია, უცხო აქტორების დავალებები შეასრულოს საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე 22 დეკემბერს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მზად ვარ, დავსხდეთ, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე“.

შალვა პაპუაშვილი – კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს – ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც, ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის...

კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს და არავინ იფიქროს, რომ ვინმე, 105 831 ამომრჩევლისთვის თვალის არიდებას შეძლებს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, "ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც. ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა". "რაც შეგვეხება კახელებს. კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს და არავინ იფიქროს, რომ ვინმე, 105 831 ამომრჩევლისთვის თვალის არიდებას შეძლებს. საგარეჯო - 66% სიღნაღი - 63% დედოფლისწყარო - 66% თელავი - 55% გურჯაანი - 62% ახმეტა - 56% ყვარელი - 57% ლაგოდეხი - 62% ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც. ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

მარგუს ცაჰკნა – საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება

საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. როგორც ცაჰკნამ აღნიშნა, დასავლეთის ყურადღების ქვეშ რჩება ანტისახელისუფლებო მასშტაბური საპროტესტო აქციები. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს, ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ისე, რომ ამას შედეგები არ მოჰყვეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართველი ხალხი განაგრძობს ქუჩაში გამოსვლას და უარს ამბობს, შეეგუოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროპასა და დემოკრატიაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. „პროტესტის მონაწილეთა სასტიკი დარბევა დაუშვებელია და საბედნიეროდ, ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ მრავალ გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეუმჩნეველი და უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა ცაჰკნამ. მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებმა პირველებმა დააწესეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სანქციები ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. „სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ უჭერენ ამ ინიციატივას მხარს სხვა ქვეყნები. ამ კვირაში ასეთივე ზომები მიიღო დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, რომლებმაც სანქციები რიგი ქართველი მაღალჩისნოსნების მიმართ შემოიღეს“, – განაცხადა ცაჰკნამ. ამასთან ცაჰკნა აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.

თუ საყოველთაო გაფიცვა არ იქნება არაფერი გამოვა, სხვამ იმუშაოს და ჩვენ გავიფიცოთ? – გიორგი უშიკიშვილი

„თუ საყოველთაო გაფიცვა იქნება 2-3 დღეში ყველაფერი დამთავრდება,“ – ამის შესახებ გიორგი უშიკიშვილი აცხადებს.   როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, მხოლოდ მომღერლებისა და მსახიობების გაფიცვა შედეგს ვერ მოიტანს. „ძალიან სასიამოვნოა, რომ მომღერლები და მსახიობები გაიფიცნენ, მაგრამ აქ გამოსავალი არის ერთი რაღაც, ჩემი აზრით, რამდენ ხანს უნდა გაიფიცონ მარტო მომღერლები და მსახიობები? თუ საყოველთაო გაფიცვა იქნება 2-3 დღეში ყველაფერი დამთავრდება. თუ საყოველთაო გაფიცვა არ იქნება არაფერი არ გამოვა. რამდენ ხანს უნდა გავიფიცოთ? ყველას ვალდებულებები აქვს, შვილები ჰყავთ და ა.შ. სხვამ იმუშაოს და ჩვენ გავიფიცოთ?“ – აღნიშნავს უშიკიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.

ბოლო სიახლეები