სამშაბათი, ივნისი 17, 2025

მამუკა ხაზარაძე – მზად ვართ კომპრომისისთვის ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა, ახალი ნომრით, საერთო სიით, ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს

საჭიროა, შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა/შტაბი იმ საპროტესტო თბილისისგან, რომელშიც გაერთიანდება ყველა საპროტესო ხმა. თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა. დაე, საპროტესტო თბილისმა არჩევნებამდე განსაზღვროს, ვის ჩააბარებს ქალაქს, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი მზად არის ყველანაირი კომპრომისისთვის ახალი ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად.

„ქვეყნის გათავისუფლება და დეოკუპაცია რუსული ხელისუფლებისგან უნდა დაიწყოს თბილისიდან! ეს უნდა იყოს ზეპარტიული, თავდადებული ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად!

თბილისი ყოველთვის იყო ქვეყანაში ყველა ცვლილებისა და განვითარების ავანგარდში, ასე იყო ისტორიულად – ასე უნდა გავაკეთოთ ახლაც!

დიახ, რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს! ამისათვის საჭიროა, შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა/შტაბი, იმ საპროტესტო თბილისისგან, რომელშიც გაერთიანდება ყველა საპროტესო ხმა, ვისაც აღარ უნდა რუსულ რეჟიმში ცხოვრება, რომელიც  უკვე 200 დღეა, ქუჩაში დგას და იბრძვის!

თბილისი უნდა გახდეს პოლიტიკური წინააღმდეგობისა და ბრძოლის მთავარი პლაცდარმი, მაგალითი ისტორიული ბრძოლისა, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე აჩვენებს, რომ სწორედ იმ ბრძოლას მოვიგებთ, სადაც ვიცით, რომ ბიძინა გაყალბებას გეგმავს – შეგვიძლია მოვიგოთ იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ უფრო ბევრნი ვართ და ვიბრძოლებთ ყველა უბანზე თითოეული ხმისთვის.

მით უმეტეს, ყველას გვახსოვს, რომ თბილისში მასიური გაყალბების პირობებში, 2024 წელს ოპოზიციურმა ხმამ გაიმარჯვა და დედაქალაქში არჩევნები მოგებული გვაქვს.

არ შეიძლება, ამ გამარჯვების ბრძოლის გარეშე დათმობა –  ეს იქნება დიდი, უპატიებელი შეცდომა!

დღეს, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვინდა, ამ ბრძოლაშიც უნდა ჩავერთოთ, ქუჩის პროტესტის პარალელურად. ოკუპაციასთან ბრძოლა ყველგან უნდა გავმართოთ!

თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა. დაე, საპროტესტო თბილისმა არჩევნებამდე განსაზღვროს, ვის ჩააბარებს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, „პროტესტი“ და ქალაქი მოძებნის 50 დამოუკიდებელ მებრძოლს, პროფესიონალს, პატიოსან მოქალაქეს, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ღირსეულად იბრძოლებს თბილისის ყველა სხვა გამოწვევისთვისაც.

ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს ზეპარტიული! ამ კანდიდატებს პარტიები უნდა დაუდგნენ გვერდით, თავიანთი სრული ინფრასტრუქტურით და რესურსებით. ეს უნდა იყოს საყოველთაო სამოქალაქო პროტესტი!

მზად ვართ ყველა კომპრომისისთვის ერთიანი ახალი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს, რათა თბილისში ხელისუფლება საპროტესტო საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ, თავისუფალ ადამიანებს ჩავაბაროთ.

მე და ჩემი თანაპარტიელები არ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ მანდატებისთვის. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დეოკუპაციისთვის, რასაც რუსული რეჟიმისგან დედაქალაქის გათავისუფლებით დავიწყებთ და ეს ტალღა მთელ საქართველოს მოიცავს!

ეს არ არის ბრძოლა საკრებულოს მანდატებისთვის – ეს ბრძოლაა საქართველოს დეოკუპაციისთვის!  ეს უნდა იყოს სახალხო ბრძოლა თბილისისთვის!

ვიცი, ბევრნი ვართ, ვინც რუსულ რეჟიმს არ ეგუება! ამიტომ ბევრნი გამოვიდეთ და ყველა შესაძლო უსამართლობასა თუ გაყალბებას ადგილზე გავცეთ პასუხი და ჩავშალოთ გაყალბების ყველა მცდელობა, თუ საჭიროა- არჩევნებიც!

ტოტალური გაყალბების მიუხედავად, ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ივანიშვილის რეალური სახე, მივაღწიეთ მისი მთავრობის საერთაშორისო არაღიარებას, ვაქციეთ არალეგიტიმურად და ქმედუუნაროდ, დავტოვეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე.

იგივე ბრძოლა უნდა გავიაროთ და არაღიარებული და ქმედუუნარო დავტოვოთ ახლა უკვე ქალაქების, სოფლებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე! ამისთვის ბრძოლა ღირს!

ამავე დროს მთავარი მოთხოვნა – ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უცვლელად მთავარ მოთხოვნად რჩება! ბრძოლა ბოლომდე – ყველა ფრონტზე!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – მადლობა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივისთვის, რომ განახლდეს სამმხრივი ფორმატი, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე

მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს თავისი ინიციატივისთვის, რომ განახლდეს სამმხრივი ფორმატი თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე და შედგეს შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, რუმან ქურთულმუშთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, სამივე ქვეყნის პარლამენტი ამისთვის მზად არის.„შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წელს, თურქეთში მომხდარი მძიმე მიწისძვრის გამო გადაიდო. სამივე ქვეყნის პარლამენტი მზად არის, ეს ფორმატი განახლდეს და პირველი შეხვედრა შედგეს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე თურქეთში. მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. კიდევ ერთხელ მადლობა თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვიზიტი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენს პარლამენტებს შორის კავშირების გაღრმავებაში. დიდი მადლობა თქვენ და მადლობა თურქეთის პარლამენტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარნეულში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს

მარნეულის რაიონში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს - ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

ისრაელ კაცი – აიათოლა ალი ხამენეიმ, შესაძლოა, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, შესაძლოა, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს.როგორც თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელ კაცმა განაცხადა, ირანმა უნდა შეწყვიტოს ომის დანაშაულის ჩადენა და ისრაელის მოქალაქეების მისამართით რაკეტების სროლა.„მას უნდა ახსოვდეს, რა მოუვიდა დიქტატორს ირანის მეზობელ ქვეყანაში, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგო გეზი აიღო. ჩვენ დღესაც გავაგრძელებთ მოქმედებას რეჟიმის სამიზნეებისა და სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ თეირანში, ისევე როგორც ეს გავაკეთეთ პროპაგანდისა და წაქეზების გამავრცელებელი ორგანოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.ისრაელ კაცმა ასევე მოუწოდა თეირანის მცხოვრებლებს, ევაკუაცია მოახდინონ იმ რაიონებიდან, რომელთა დატოვების ინსტრუქციასაც მათ ისრაელის თავდაცვის ძალები აძლევენ.„თეირანის მცხოვრებლებო, არ ჩაიგდოთ საფრთხეში თავი და ნუ გადაიქცევით დიქტატორის მძევლებად, რომელიც თქვენ გადასარჩენად გიყენებთ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნონა გაფრინდაშვილი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და გულშემატკივრებს მიმართავს:„მეგობრებო, 2 დღის წინ სახლში ყოფნისას, უწყინარ სიტუაციაში, უცაბედად დავეცი. მივიღე სერიოზული დაზიანებები სახის არეში.მინდა ყველა ახლობელი და გულშემატკივარი დავამშვიდო — სახეზე გადატანილი ოპერაციისა და მკურნალობის ფონზე უკეთ ვარ.მადლობა ყველა ახლობელს და გულშემატკივარს ყურადღებისა და თანადგომისთვის.ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ოჯახს, სანათესაოს და სამეგობროს იმისთვის, რომ სანერვიულო გავუჩინე.წინასწარ ვუხდი ბოდიშს ყველა მოახლოებული ღონისძიების ორგანიზატორს, კოლეგებს და პარტნიორებს, ასევე ჩვენი ოჯახის იუთუბ გადაცემის ერთგულ მაყურებელს — უნებური დაცემის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უახლოესი პერიოდი ვერ მივიღებ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რადგანაც მომიწევს სახლში ყოფნა და ინტენსიური მკურნალობა.„დაცემას მოყვება ფეხზე წამოდგომა, ამ ორს კი ერთი გულიანი მიზანმიმართული მოძრაობა ყოფს.“ მწვერვალზე ასვლა კი მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით არის შესაძლებელი, ბრძოლა კი გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.“ჩემს შემთხვევაში და ჩემს ასაკში კი ბრძოლა იწყება იარების მოსაშუშებლად და ფორმაში შესასვლელად. ჩემი დევიზია: „აკეთე საყვარელი საქმე ნებისმიერ ასაკში და ამით გაიხანგრძლივე სიცოცხლე.“მეც კვლავ ვაპირებ საყვარელი საქმის კეთებას.  ვპირდები ჩემს გულშემატკივარს, რომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატს სენიორებს შორის, რომელიც გაიმართება შემოდგომაზე, შევხვდები სრულ მზადყოფნაში და შევეცდები გამარჯვების მოპოვებას. ვაპირებ, რომ გავხდე ყველაზე ასაკოვანი მსოფლიოს ჩემპიონი — ჩემი ქვეყნის სასახელოდ და გულშემატკივრების გასახარად“,- წერს ნონა გაფრინდაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – ეს არის უმაღლესი სკოლა, სადაც შეგიძლია იპოვო საკუთარი პროფესიული გზა, მიიღო ცოდნა და გახდე სპეციალისტი

ჩემთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სამშენებლო ფაკულტეტი მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. ეს არის უმაღლესი სკოლა, სადაც შეგიძლია საკუთარი პროფესიული გზა იპოვო, ცოდნა მიიღო და რაც მთავარია, გახდე სპეციალისტი, რომელსაც სამშენებლო სფეროს განვითარება შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, საპროექტო ორგანიზაცია „კაპიტელის” კონსტრუქტორმა, ნინო პავლიაშვილმა განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნინო პავლიაშვილმა სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობათა მშენებლობის მიმართულებით, ბაკალავრიატი 2018 წელს დაასრულა, მაგისტრატურა - 2020 წელს, ხოლო დოქტორანტურა - 2023 წელს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნამდვილად გამოირჩევა თავისი მყარად ჩამოყალიბებული სტრუქტურით, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებითა და პროფესიონალი ლექტორებით, სამშენებლო ფაკულტეტი კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული ფაკულტეტია. აქ დიდ ყურადღებას უთმობენ როგორც თეორიულ განათლებას, ისე პრაქტიკულ საქმიანობას. ლაბორატორიები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, პროექტებზე მუშაობა კი რეალურ პირობებს ქმნის პროფესიული უნარების განვითარებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ სამშენებლო კომპანიებთან, რაც სტაჟირების საშუალებას გვაძლევს, რათა ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ასევე, ხშირად იმართება სემინარები, კონკურსები და ტრენინგები, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს ჩვენს გამოცდილებას. მუდმივი განვითარება და სიახლეების ძიება არის ის, რაც ადამიანს ავითარებს, ამიტომ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ მათთვის ხელმისაწვდომი რესურსები და დრო, რადგან ეს საკუთარი თავის განვითარებისათვის საუკეთესო პერიოდია. ასევე, ვურჩევ აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და მუდმივად იმუშაონ საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე, რადგან არსებული თუნდაც ყველაზე გამოცდილი საინჟინრო სკოლაც კი ვერ მოგვცემს ცოდნას ძალით, თუ ინიციატივასა და პასუხისმგებლობას თავად არ გამოვიჩენთ“, - განაცხადა ნინო პავლიაშვილმა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბოლო სიახლეები