ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, ყველაფერს გავკეთებთ, რათა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დავიკავოს სპორტის ამ დისციპლინაში, – ამის შესახებ საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მამუკა ხაბარელი მოუწოდებს ახალგაზრდებს, მაქსიმალურად დაინტერესდნენ ამ სპორტით, ვინაიდან, მისივე განმარტებით, ბიატლონი თანამედროვე მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ფედერაციის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს, როგორც ბუნებრივი რესურსის, ისე თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიმართულებით აქვს.
„დღეს საქართველოში აღვნიშნავთ ბიატლონის საერთაშორისო დღეს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველად ტარდება ჩვენს ქვეყანაში, ბიატლონის ახალ ტრასაზე, რომელიც ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ბაკურიანი 2025-სთვის აშენდა. ეს არის მკაფიო მაჩვენებელი, რომ აქტიურად ვიწყებთ ბიატლონის განვითარებისთვის ზრუნვას. გვინდა, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები, მომავალი თაობა ჩავაბათ სპორტის ამ უნიკალური სახეობის განვითარებაში. საქართველოში ამ დრომდე მაღალ დონეზე არ იყო განვითარებული ბიატლონი, დიდი სურვილი გვაქვს, რომ მაღალ დონეზე ავიყვანოთ სპორტის ეს სახეობა, ვინაიდან ძალიან პოპულარულია ბიატლონი თანამედროვე მსოფლიოში. ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დავიკავოს სპორტის ამ დისციპლინაში“, – განაცხადა მამუკა ხაბარელმა.

