პარასკევი, იანვარი 10, 2025

მამუკა მდინარაძე – პარლამენტში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია

საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში პარლამენტში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-12 წლებში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე. 2012 წლიდან დღემდე ეს პოლიტიკური ძალა ასრულებს მაოხრებელი გზირის ფუნქციას ქართულ პოლიტიკაში, ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. ამასთან, ამ პოლიტიკური ძალის ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შემთხვევაში, ის აუცილებლად ჩაიდენს იმავე სახის დანაშაულებს ახალი შემართებითა და ენერგიით, რაზეც მას მწვანე შუქს აუნთებენ იგივე ძალები, რომლებიც 2003-12 წლების ავტორიტარულ, სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ.

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასაკის გამო, არ შესწრებია დანაშაულებს, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი ჩადიოდა, მრავალ ადამიანს კი ეს დანაშაულები, სულ მცირე, ემოციურ დონეზე აქვს მივიწყებული. საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რათა მომავალში მათი გამეორება არ დაუშვას. სწორედ ამგვარი მიდგომით, ნიურნბერგის პროცესითა და რეჟიმის დანაშაულების მუდმივი შეხსენებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიამ დაამარცხა ნაციონალ-სოციალიზმი საზოგადოების ცნობიერებაში. ეს არის გამოცდილება, რომელიც საქართველომაც უნდა გაიზიაროს და პრაქტიკაში დანერგოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააანონსა ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ.

„საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაშია ჩაბუდებული და სწორედ „დიფ სთეითის“ მიერ იმართება. ეს არის „დიფ სთეითის“ მიერ ჩამოყალიბებული მონების ჯგუფი, რომელიც, როგორც ამას თავად „დიფ სთეითის“ მართვის წესი ითვალისწინებს, თვალდახუჭული ემსახურება პატრონის ნებისმიერ ახირებას. შესაბამისად, საქართველოშიც ზუსტად იგივენაირად არის საჭირო რადიკალური ოპოზიციისგან გათავისუფლება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება გათავისუფლება „დიფ სთეითისგან“.

2003-12 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. ესენია: პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა; კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით; კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება; 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.

აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს  პარლამენტი  განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.

„სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.

დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოჰკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება, ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება, ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ.

დასასრულ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას სიდნეიში 9 თებერვალს ჩაატარებს

ილია თოფურიას ძმა ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას სიდნეიში 9 თებერვალს ჩაატარებს. სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში ალექსანდრე თოფურიას მეტოქე ავსტრალიელი კოდი ჰადონი იქნება, რომელსაც შერეული ორთაბრძოლების სხვადასხვა დივიზიონში შვიდი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს. უშუალოდ UFC-ში მან ერთხელ იბრძოლა და 2024 წლის ოქტომბერში დენ არგუეტა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, 28 წლის მებრძოლს სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით ექვს ბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის ანგარიშზე ხუთი მოგება და ერთი მარცხია. უფროსი თოფურია ბოლოს 2023 წლის მაისში ჯონ სეგასს დაუპირისპირდა და ნოკაუტით სძლია. თოფურიასა და ჰადონის ბრძოლა UFC 312-ის ეგიდით გაიმართება. ალექსანდრე შერეული ორთაბრძოლების ყველაზე წარმატებული ორგანიზაციის მეექვსე მოქმედი ქართველი სპორტსმენი გახდება.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამჟამად ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მომზადების პროცესი მიმდინარეობს

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მომზადების პროცესი. „მას სურს შეხვედრა და ჩვენ ვემზადებით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრის წინ თავის რეზიდენციაში მარ-ა-ლაგოში, ფლორიდაში. „პრეზიდენტ პუტინს სურს შეხვედრა. მან ამის შესახებ საჯაროდაც განაცხადა და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი“, – აღნიშნა ტრამპმა. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება, გაიმართოს შეხვედრა. კრემლში ტრამპის განცხადებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა წინა დღეს პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი თუ შეინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარების განზრახვას 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ, მოსკოვი ამას მიესალმება. „თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თუ შენარჩუნდება პოლიტიკური ნება უმაღლეს დონეზე კონტაქტების აღდგენის შესახებ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პუტინი ამას მიესალმება“, – განაცხადა მან. ტრამპმა ადრე დაუშვა, რომ მოლაპარაკებები პუტინთან, შეიძლება, გაიმართოს ინაუგურაციიდან ექვსი თვის განმავლობაში. თავად პუტინმაც დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის ტრამპთან შესახვედრად.

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გაიმართოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი დღეს, 10:30 საათზეა ჩანიშნული. მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობას დააყენებს. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან, მსახიობის მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის მიმართ, საქმე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით არის აღძრული. ამასთან, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

ლოს ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს. პარალელურად ხდება გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ინფორმირებაც. ამასთან, ოლქის შერიფის განცხადებით, მძიმედ დაზარალებულ ბევრ ტერიტორიაზე მისვლა ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება. ლოს ანჯელესის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ცეცხლის დანთებაში ქალაქის ერთ-ერთ რაიონში. ლოს ანჯელესის ოლქში ხანძარი მიმდინარე კვირას გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.

ცნობილია კაცის ვინაობა, რომლის ცხედარი 4 თვიანი ძებნის შემდეგ სასაფლაოზე იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, 39 წლის მურთაზ რუსტამოვის ცხედარი სასაფლაოზე 4 თვიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ცხედარს კიდურები მოკვეთილი ჰქონდა. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით მისი ცხედარი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ბოლო სიახლეები