„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ აქცენტი მხოლოდ სიაზე კეთდებოდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ სია არ არის ამ რეზოლუციაში. უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაში, რომელსაც ძალიან კარგია, რომ უმცირესობა დასთანხმდა, არის ბევრი ძალიან პრინციპული საკითხი, რომელიც ამ ფორმით არ დაფიქსირებულა. კერძოდ, რეზოლუციაში მოხდა ხაზგასმა პრინციპულ დამოკიდებულებაზე ოკუპაციის მიმართ; დეოკუპაციის კონკრეტულ პირობებზე; ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების დაშვებაზე; უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი – რეზოლუციის ტექსტიც, პრემიერის განცხადებაც, თითოეული ჩვენგანის მიდგომა, განცხადება თუ ფრაზა გამომდინარეობს მთავარი პრინციპიდან – ჩვენ არჩეული გვაქვს სწორი გზა, პრაგმატული, პრინციპული, სამშვიდობო დამოკიდებულება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამ პრინციპებში ჯდება თითოეული სიტყვა, რომელიც ჩვენი მხრიდან არის გახმოვანებული.
ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი, პრინციპული საკითხია ნახსენები, რომელთან დაკავშირებითაც საერთო პოზიცია გაგვაჩნია და გულწრფელად ძალიან მიხარია, რომ საქართველო, ქართული პარლამენტი ახერხებს პრინციპული, სამშვიდობო და იმ პრაგმატული პოზიციის დაფიქსირებას, რაც დეოკუპაციისკენ მიმავალ გზაზე ქმნის სწორ საფუძველს და სწორ დასაყრდენს“, – დასძინა მდინარაძემ.