მე მგონია, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ უპირისპირდება სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. კომენტარი ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„პოლემიკაში შესვლა და კამათი თუ მიგაჩნიათ დაპირისპირებად, კი ბატონო, მაშინ ასე დავარქვათ. უბრალოდ ფაქტს გეტყვით – როდესაც პრეზიდენტი გამოდის და ამბობს: „მე შეწყალების გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო რაღაც გადაწყვეტილება“ და მეორე თუ მესამე დღეს გამოდის ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და ამბობს: „მე თვეების წინ ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ“, ერთს დავუჯეროთ თუ მეორეს ამ შემთხვევაში? ამ დაჯერება/არ დაჯერების ნაწილშიც ფაქტების აცდენასთან გვაქვს საქმე. საიდან იცოდა ევროპარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილის იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც თავად ქალბატონი სალომე ამბობდა: „მივიღე დღეს“ თუ გუშინ. ამას ხომ ჩემი შეფასება არ სჭირდება?აქედან გამომდინარე, მე მგონი ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მდინარაძემ.