კვირა, დეკემბერი 29, 2024

მამუკა მდინარაძე – კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის, ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება, მათ კი უცხოელების, ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები

კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის – ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება ხოლმე და მათ – უცხოელების, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ამიტომ არის მმართველი გუნდი დაუმარცხებელი.

„კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის – ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება ხოლმე და მათ – უცხოელების. ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები. ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდისქნევას რომ ზეიმობენ“, – წერს მდინარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც არჩევნებზე

გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერც ქუჩაში შეძლეს საზოგადოების მობილიზება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც არჩევნებზე. „გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერც ქუჩაში შეძლეს საზოგადოების მობილიზება. ერთი და იგივე რესურსი სჭირდება არჩევნებში გამარჯვებას და ქუჩაში წარმატებას. ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც იყო წარუმატებელი არჩევნებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს

აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს. აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გავრცელებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი უვიზოდ მყოფი რუსეთის მოქალაქეები წლის განმავლობაში ქვეყანაში 90 დღეზე მეტ ხანს ვერ შეძლებენ ყოფნას. გადაწყვეტილება ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა. დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის საპასუხო ნაბიჯი მოსკოვის მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის რუსეთში მსგავსი 90-დღიანი შეზღუდვის შემოღებაზე. ცნობისთვის, 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 29 გადარჩა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაზიანდა. ალიევმა ასევე ისაუბრა იმ პირობებზე, რაც აზერბაიჯანულ მხარეს აქვს. ესენია რუსეთის მხრიდან დანაშაულის აღიარება, დამნაშავეების დასჯა და კომპენსაციის გადახდა აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის, დაშავებული მგზავრებისთვისა და ეკიპაჟის წევრებისთვის.

სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, ისლანდიის, ფინეთის, შვედეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ეუთო-ს რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარებას განიხილავენ. „ჩვენ გამოვედით მოწოდებით საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს მოხსენებული დარღვევების შესახებ. ჩვენ დავგმეთ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა და დაშინება; ჩვენ ვწუხვართ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ მიმართული მუქარის გამო. როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ ქვეყნის გაღრმავებული პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალი გზით. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი და საზოგადოების ნდობის აღდგენა მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთო-ს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით. ასევე ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის განხილვით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 1 500-ზე მეტი თანამშრომელი. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, გადარჩენილთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია. დადასტურდა, რომ ორივე გადარჩენილი ეკიპაჟის წევრია. ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩოი სანგ-მოკმა ტერიტორია სპეციალური კატასტროფის ზონად გამოაცხადა. ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი ავიაკატასტროფა სამხრეთ კორეაში 1997 წლის შემდეგ, როდესაც კორეის ავიახაზების Boeing 747 ჩამოვარდა გუამის ჯუნგლებში, რის შედეგადაც 228 ადამიანი დაიღუპა.

შსს – პარლამენტის წინ დღეს დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დღევანდელ აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი თავისუფალია. პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე ადმინისტრაციული წესით რამდენიმე საათის წინ დააკავეს, ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ბოლო სიახლეები