ორშაბათი, იანვარი 13, 2025

ლოს ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მზად არიან მოსალოდნელი ძლიერი ქარისთვის, რამაც შესაძლოა, ტყის ხანძრები გააძლიეროს

ლოს ანჯელესში მეხანძრეები ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობას განაგრძობენ. როგორც მედია წერს, ისინი ნელ-ნელა ახერხებენ ხანძრის ლოკალიზებას, თუმცა ძლიერი ქარი კვლავ საფრთხეს უქმნის სან ფერნანდოს ხეობის მჭიდროდ დასახლებულ თემებს.

ლოს ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მომავალი კვირისთვის მოსალოდნელი ძლიერი ქარის ახალი ტალღისთვის მზად არიან, რამაც შესაძლოა, რეგიონში ტყის ხანძრები კიდევ უფრო გააძლიეროს. სახანძრო სამსახურში ამბობენ, რომ წყლის სისტემა მზად არის ხანძრის დამატებითი კერების ჩასაქრობად.

გასულ კვირას აშშ-ის სიდიდით მეორე ქალაქში ერთდროულად გაჩენილი ექვსი ხანძრის შედეგად, ამ დროისთვის, სულ მცირე, 16 ადამიანია დაღუოული. დაკარგულად ითვლება, სულ მცირე, კიდევ 16 პირი. ადგილობრივი ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ საბძებრო სამუშაოების გაგრძელებასთან ერთად, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლმა 12 000 შენობა-ნაგებობა დააზიანა ან გაანადგურა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, ისინი სამშობლოში დააბრუნოს რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს, რომლებიც კურსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, ისინი სამშობლოში დააბრუნოს რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ. „მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოახერხებენ ჩვენი ბიჭები კიდევ სხვების დაკავებას. მსოფლიოში არავინ უნდა ეჭვობდეს, რომ რუსეთის არმია ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული. პუტინმა სამი წლის წინ ნატო-სთვის ულტიმატუმებით და ისტორიის გადაწერის მცდელობით დაიწყო, ახლა კი ფხენიანის სამხედრო დახმარების გარეშე ვერ ძლებს. უკრაინა მზადაა, კიმ ჩენ ინს მისი ხალხი დაუბრუნოს, თუ ის შეძლებს მათ გაცვლას ჩვენს მეომრებში, რომლებიც რუსეთში ტყვეობაში იმყოფებიან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი ტყვე უარის ნიშნად თავს აქნევს კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. თარჯიმნის თქმით, ტყვეს ეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ წვრთნებზე მიდიოდა. „თუ დაბრუნება მოუწევს, დაბრუნდება. თუ აქ დარჩენის შანსს მისცემენ, დარჩება“, – გადმოსცემს თარჯიმანი. ამასთან, მეორე ჩრდილოკორეელმა ტყვემ თანხმობის ნიშნად დააქნია თავი კითხვაზე, სურს თუ არა ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება. მოგვიანებით მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთმა ტყვემ უკრაინაში დარჩენის სურვილი გამოთქვა, მეორემ – ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნების.

მოსამართლეებმა რესტორან „ბაბილოს“ ტერიტორია სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს, ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები

მოსამართლეებმა რესტორან „ბაბილოს“ ტერიტორია დატოვეს. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები რესტორნის პერიმეტრიდან გარკვეული მანძილით გადასწიეს და ერთგვარი კორიდორი შექმნეს, რის შემდეგაც რესტორანში მყოფმა მოსამართლეეებმა ტერიტორიის დატოვება შეძლეს. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი ამ დრომდე რჩებიან „ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მანამდე ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ადგილიდან კიდევ რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, ისინი დააკავეს თუ ტერიტორიას გაარიდეს. რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც, არსებული ინფორმაციით, მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის წინ შეიკრიბნენ. ისინი რესტორანში მისულ მოსამართლეებს შეძახილებით დახვდნენ. დაპირისპირება მოხდა მას შემდეგაც, რაც რამდენიმე მოსამართლემ რესტორანი დატოვა. აქციის მონაწილეებმა ისინი შეძახილებით გააცილეს, ასევე კვერცხები დაუშინეს. ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებისა და ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

VIDEO: ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ვრცელდება ეზოტერიკოს გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 12 იანვრით თარიღდება. ვრცლად ↓

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ შევთავაზეთ დახმარება სლოვაკეთის ხალხს რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან ადაპტაციის პერიოდში, მაგრამ ფიცომ ქედმაღლურად უარი განაცხად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მან უარი განაცხადა კიევის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შედეგების შესამსუბუქებლად. „კარგია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ფიცო უკვე დაბრუნდა ვიეტნამის ძვირადღირებული სასტუმროდან და ბრატისლავაში იმყოფება. პირადად მისთვის ეს რთული უნდა იყოს – ფუფუნებაში ცხოვრებიდან გადასვლა საკუთარი შეცდომების გამოსწორების მცდელობაზე“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერის შეცდომად დაასახელა რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელების იმედი. „ჩვენ შევთავაზეთ დახმარება სლოვაკეთის ხალხს რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან ადაპტაციის პერიოდში, მაგრამ ფიცომ ქედმაღლურად უარი განაცხადა. ევროპაში ბევრი აფრთხილებდა მას, რომ არ შეიძლება უბრალოდ არაფრის კეთება და ლოდინი. ახლა ის ცდილობს, პიარით, სიცრუითა და ხმაურიანი ბრალდებებით გადააბრალოს პასუხისმგებლობა სხვას. მაგრამ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ მან ფსონი დადო მოსკოვზე და არა საკუთარ ქვეყანაზე, გაერთიანებულ ევროპასა და საღ აზრზე. ეს თავიდანვე განწირული ფსონი იყო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში ენერგიის მიწოდების ახალი წყაროების მოძიება, ევროკავშირთან თანამშრომლობა და ამერიკული გაზის მიწოდების გაზრდა დაეხმარება იმ პრობლემების მოგვარებაში, რაც „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ახლომხედველობამ გამოიწვია“. ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინა, როგორც არასაიმედო პარტნიორი, მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ მობეზრდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში სიარული, მისი „მათხოვრობა“ და „სხვების შანტაჟი“. ამასთან, სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ განაცხადა, რომ უარს ამბობს კიევში ოფიციალურ ვიზიტზე უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო.

სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში – მეუფე შიო

სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. ჯერ კიდევ გრძელდება ის დღეები, ის პერიოდი, რომელსაც საეკლესიო ტიპიკონი ქრისტესშობის შემდგომი დღესასწაულის პერიოდს უწოდებს. ორი ათას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე თავისი სწავლება, მადლი და ძალა. რატომ ხდება, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ არის ამდენი ტანჯვა და უბედურება? იმიტომ ხომ არა, რომ მისი სწავლებიდან ჩვენ არ ვიღებთ მთავარს და ყველაზე მნიშვნელოვანს? და იმ საღვთო სიყვარულიდან, რომელიც მან მოიტანა და ჩვენკენ არის მომართული, ჩვენ ვიღებთ ძალიან მცირეს, არ ვეძებთ მას, ნაკლებად ვეძებთ მას და ნაკლებად გვაქვს მისი იმედი, არამედ უფრო იმედს ვამყარებთ ჩვენს ადამიანურ ძალებზე, ამიტომაც ვიტანჯებით. მაგრამ ყოველთვის იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ძალიან კარგად ესმოდათ, რა მოიტანა ამქვეყნად განკაცებულმა ღმერთმა. გავიხსენოთ თუნდაც აღმოსავლეთიდან მოსული ბრძენი მოგვები. რა მიართვეს მათ უფალს ძღვნად: ოქრო, გუნდრუკი და მური. ეს არის ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო, რაც კი შეიძლება ადამიანმა ღმერთს მიუტანოს. ოქრო მოიპოვება მძიმე შრომით მიწიდან, რომ შემდეგ გამოიდნოს და გაბრწყინდეს მთელი თავისი დიდებითა და სისუფთავით. ეს ოქრო ყოველი ადამიანის სულშია, ეს არის ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვა და აქტივობა, რომელიც მოიპოვება მძიმე შრომითა და ღვაწლით. ეს შემოქმედებითი აქტივობა და სწრაფვა ფერს უცვლის სამყაროს, ადამიანს, განანათლებს მას თავისი უჭკნობი სულიერი მშვენიერებით. აი, რისი სიმბოლოა ოქრო. მოგვებმა მიიტანეს ასევე გუნდრუკი. ეს არის სურნელოვანი საკმეველი, რომელიც ყოველთვის სიმაღლისკენ მიისწრაფვის. სიმაღლისკენ სწრაფვაც არის ყოველი ადამიანის სულში, რომ ამაღლდეს, რომ გახდეს ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლა არის. მაშასადამე, გუნდრუკი არის სიმბოლო სიმაღლისაკენ სწრაფვისა და ზეციური სამყაროს ძიებისა. მოგვებმა ასევე მიიტანეს უფალთან მური. ეს არის ნივთიერება, რომლისგანაც მზადდებოდა სურნელოვანი ნელსაცხებელი. ძველად ხალხში იყო ასეთი ჩვეულება, რომ სურნელოვან ზეთს ან ნელსაცხებელს სცხებდნენ არა მხოლოდ მიცვალებულებს, არამედ ცოცხლებსაც და ამით გამოხატავდნენ სიყვარულს მათ მიმართ. ჩვენც გვაქვს ასეთი წესი, რომ მიცვალებულის წესის აგების დროს ვიყენებთ სურნელოვან ზეთს, ასევე საფლავზე მიგვაქვს ზეთი, რითიც გამოვხატავთ სიყვარულს. აი, ეს სიყვარული არის საღვთო სიყვარულის ანარეკლი ადამიანში, რომელიც ჩვენში ჩადო ღმერთმა, როცა ქმნიდა ადამიანს. ეს სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული. აი, რისი სიმბოლოა მური. როგორც გითხარით, ძვირფასო ძმებო და დებო, ჯერ კიდევ არ მომხდარა ქრისტესშობის დიდებული დღესასწაულის წარგზავნა. ჩვენ ჯერ კიდევ გვინათებს ბეთლემის ვარსკვლავი, ჯერ კიდევ ვდგავართ იმ ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი, შემოქმედი სამყაროსი; ნუ ვიქნებით დამწუხრებულნი, სასოს ნუ წარვიკვეთთ იმის გამო, რომ ვდგავართ ხელცარიელი, იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, ყველა ადამიანს შეუძლია უფალს მიართვას ის ძღვენი, რომელიც მიიტანეს იმჟამინდელმა ბრძენმა მოგვებმა, რადგან ეს ყველაფერი არის ჩვენში; მაგრამ ეს ყველაფერი, ეს ყველა თვისება, რისი სიმბოლოც არის ოქრო, გუნდრუკი და მური, ჩვენში უნდა გაიხსნას მუდმივი შრომით, მუდმივი ძალისხმევით, ცხოვრების გამოსწორებით და იმ მადლისა და ძალის შეწევნით, რომელსაც გვაძლევს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, შეგვეწიოს წმინდა მეფე დავითი, ფსალმუნთა მთქმელი, წმინდა მოციქული იაკობი, ძმა უფლისა, და მართალი იოსებ დამწინდველი, რომელთა ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ. მათი ლოცვით, უფალმა ინებოს, რომ მოწყალებით მიიღოს ჩვენი ძღვენი და ბაგასთან მდგომ თავის დედას და ჩვენს საერთო დედას, ღვთისმშობელს, მიუთითოს ყოველ ჩვენგანზე, როგორც თავის ძმებსა და დებზე, „რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი““, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ბოლო სიახლეები