სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის მისი ოჯახისთვის გადმოცემა შესაძლოა იმის გამო ჭიანურდება, რომ ექსპერტიზას გარდაცვალების მიზეზის დადგენა გაუჭირდეს.
“2014 წელს მსგავს ვითარებაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, რომლის ცხედრის გადმოცემაც ძალიან დაგვიანებით მოხდა და ექსპერტიზას გაუჭირდა გარდაცვალების მიზეზის დადგენა. ახლაც იგივე ეჭვი ჩნდება”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ და განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ტატუნაშვილი გარდაცვლილი მიიყვანეს და მის ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური მხარდაჭერის მიღებას უნდა ეცადოს საერთაეშორისო თანამეგობრობისგან. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისგან ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რათა საქართველოს დაკავებული 2 მოქალაქის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადმოყვანა მოხდეს.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.