ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუსის ბუდრისი აცხადებს, რომ ქვეყანამ კიდევ 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები

ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუსის ბუდრისი სოციალურ ქსელში წერს.

„ლიეტუვა მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ ოცნებას. ესტონეთთან კოორდინაციაში, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია, დამატებით 17 პირის სიაში შეყვანით, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობასა და ჩაგვრას მშვიდობიანი აქციების მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ. დადგა დრო, ერთობლივი ქმედებებისთვის ევროკავშირის დონეზე“, – წერს კიასტუსის ბუდრისი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს საქართველოს იმ მოქალაქეთა სია, რომლებსაც მათ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ. ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ესტონეთმა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„15 წუთი გველაპარაკა… „ბერი კაცი ვარ“ მიმღერეთო“ – სვიმონ ჯანგულაშვილი პატრიარქზე

სვიმონ ჯანგულაშვილი ილია მეორეს იხსენებს.„თავისი სნეულების გამო ხან ლაპარაკობდა, ხან ვერ ლაპარაკობდა. უცბად 15 წუთი გველაპარაკა. „ბერი კაცო ვარ“ მიმღერეთო. ეს სიმღერა ძალიან უყვარდა. სხვათა შორის ილია ჭავჭავაძესაც ძალიან ეს სიმღერა. სულ იყო ამ სულიერ ერთიანობაში. დიდ ქართველებთან. გალაკტიონს აუგო წესი და შემთხვევით არ არის, რომ გალაკტიონის გარდაცვალების დღეს გარდაიცვალა. მე მგონია, რომ ეს ღვთიური ადამიანები წმინდანებთან ერთად დახვდებიან იქ და მათთან ერთად იქნება“,  - ამბობს სვიმონ ჯანგულაშვილი.ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა. კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

ჟურნალი „კარიბჭე" პატრიარქის პირადი არქივიდან, დედის მიერ კათოლიკოს-პატრიარქისთვის მიწერილ წერილს ავრცელებს:„პატრიარქის პირადი არქივიდან, დედის წერილი კათოლიკოს-პატრიარქს: "მოკითხვა ჩემს საყვარელ შვილს, ძვირფას, ოქროს და ბრილიანტს. შევნატრი ღმერთს შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს, ჩემო გულო. ეხლა მივიღეთ შენი დეპეშა, რომელშიც იწერები, როგორ ჩახვედითო, ჩვენ კარგად ჩავედით, ორი დღე მცხეთას დავრჩით, მერე სუყველანი ერთად წამოვედით... აქ ახალი არაფერია... მოკითხვა ყველას, შენს კეთილებს და შენს ერთგულს ქართველებსაც და რუსებსაც. კარგად იყავ, ჩემო სიცოცხლევ, ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველა საქმეში და ყველა ბიჯზე, ვთხოვ და ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისაგან. გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი". 

ნიკუშა შენგელაია პატრიარქზე: მამული, ენა, სარწმუნოება – ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც, ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად...

მამული, ენა, სარწმუნოება - ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც, ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად წაგვაქცევენო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას.შენგელაიამ გაიხსენა ისტორიები, რომელიც მას და მის ოჯახს უწმინდესთან აკავშირებდა.“ძალიან დიდი პატივისცემა ჰქონდა ჩემს ოჯახს და მას. როცა ვერიკოს, ბებიაჩემს შვილი გარდაეცვალა, მან მთელი ხატები გაიტანა ოთახიდან, დაკარგა რწმენა. პატრიარქი მოდიოდა და საათობით ესაუბრებოდა ვერიკოს, რომ რწმენისკენ მოებრუნებინა. ბოლოს შეიტანა ხატები ბებიაჩემმა ისევ ოთახში. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მე როგორ შევაწუხებდი, თვითონ მოვიდა, მერე არეკვინებდა და მეუბნებოდა: ნიკუშა, მოდი ჩემთან, რატომ არ მოდიხარ? როგორ განიცდიდა ჩემს ტკივილს, გულწრფელად. ძალიან დიდი ბუნების ადამიანი იყო, ამიტომ იყო დიდი პატრიარქი”, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.მისივე თქმით, ილია II-ის მოღვაწეობა შეუფასებელია.“რა პერიპეტიები არ გავიარეთ, გახსოვთ, როგორ მყარად იდგა ყოველთვის. მისი სახელის მიმართ ყველაზე დიდი პატივისცემა იქნება, რომ ჩვენ თვითონ ვიპოვოთ ჩვენს თავში ახლა ის ძალა და არ დავკარგოთ უფალი და გავძლიერდეთ რწმენაში”, - აღნიშნა შენგელაიამ.მხატვარი ამბობს, რომ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ქუჩებში დამძიმებულები დადიან და ყველას თვალებში გულწრფელი სიმძიმეა, რადგან ილია II ბევრი ადამიანის ნუგეში და იმედი იყო.“როგორი კეთილშობილი იყო, როგორი მომთმენი, როგორი ბრძენი. მოთმინებით აშენა და დღეს ჩვენ ვუყურებთ რამდენ ეკლესია-მონასტერში აღადგინა ლოცვა. 9 აპრილსაც მოვიდა ჩვენს გადასარჩენად”, - აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.“იმედი Live”-ის სტუმარმა პატრიარქის ეპისტოლეებიც გაიხსენა, რომლებიც მუდმივად საქართველოს გამთლიანებასა და გაერთიანებას შეეხებოდა.“თუ მართლა გვიყვარს და პატივს ვცემთ უნდა ვიპოვოთ ძალა და გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც მისი ოცნება იყო - საქართველოს გამთლიანება და გაერთიანება”, - აღნიშნა შენგელაიამ.მხატვარმა უწმინდესთან მის ბოლო შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შედგა.“მაშინ ცოტა დაძაბული სიტუაცია იყო, კითხვასავით დავუსვი, რომ ალბათ გადარჩენისთვის ერი და ბერი ერთად უნდა დავდგეთ-თქო და ხელი მომიჭირა, საუბარი უჭირდა. დიახ, ის იყო სულიერი მამა”, - ამბობს ნიკუშა შენგელაია.

სოზარ სუბარი: ეპოქა არ დასრულებულა – ის, რაც ილია მეორემ შექმნა, გაგრძელდება ძალიან დიდხანს

პატრიარქის ისტორიულ როლზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ილია მეორის ეპოქა მისი ფიზიკური არყოფნის მიუხედავად, გაგრძელდება.„პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებ მთელ საქართველოს - ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვიღებდი სამძიმრის წერილებს ჩვენი თანამოქალაქეებისგან - სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის და სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებისგან. ჩემი ცხოვრების განმავლობაში ისე მოხდა, მჭიდრო კავშირი მქონდა საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელთან და ბევრმა მათგანმა დღეს თავი ვალდებულად ჩათვალა, ჩემთვისაც გაეზიარებინათ ის ტკივილი და მწუხარება, რასაც ისინი განიცდიან უწმინდესის გარდაცვალების გამო. მათ შორის განსაკუთრებით ბევრნი იყვნენ ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანელი მუსლიმები, როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. ასევე საოცრად თბილი და სიყვარულით აღსავსე სამძიმრის წერილი მომწერა ოსმან მჟავანაძემ, თურქეთელმა ქართველმა, ან როგორც თვითონ ეძახიან თავს - „ჩვენებურმა“. ამ დღეებში ბევრჯერ ითქვა, რომ ილია მეორის გარდაცვალებით დიდი ეპოქა დასრულდა, თუმცა მეუფე დანიელმა სხვაგვარად თქვა და მეც მინდა მას დავეთანხმო — ილია მეორის ეპოქა არ დასრულებულა. როგორც მეუფე დანიელმა ბრძანა, მისი უწმინდესობის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობა, ეს არის ქართლის მოქცევის საოცარი ეპოქა, პროცესი, რომელიც დღესაც გრძელდება და გაგრძელდება მარადისობაში.ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ისტორია და მისი უწმინდესობის ბიოგრაფია განუყოფელია და ერთმანეთშია გადაჯაჭვული, ეს ურთიერთობა მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს. ილია მეორემ უდიდესი მონაწილეობა მიიღო ახალი ქართული სახელმწიფოსა ჩამოყალიბებაში და ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში არ არის სფერო, რომელზეც მან წარუშლელი კვალი არ დატოვა.ყველამ კარგად ვიცით, რა რთულ პერიოდში მოუხდა მოღვაწეობის დაწყება ილია მეორეს. მისი უწმინდესობა იხსენებს, როგორ მოხდა მისი ბერად აღკვეცა 1957 წლის 16 აპრილს: „ჩემი აღკვეცა წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში შედგა. დიდი მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეულის სამშაბათი იყო. ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი. აი, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ დროს საქართველოს ეკლესია. ერთ-ერთმა სასულიერო პირმაც იგივე მითხრა: თქვენ რომ ჩაიბარეთ საქართველოს ეკლესია, მას სუდარა ჰქონდა გადაფარებულიო. გარეგნულად თითქოს მართლაც ასე იყო, მაგრამ ზეციური საქართველოს შემწეობა ცხოვლად იგრძნობოდა, ყოველთვის ასე იყო, ასეა დღეს და ასე იქნება კვლავაც. ზეციური საქართველოს, ჩვენი დიდი წინაპრების, ზეციური მხედრიონის ლოცვა-ვედრება ჩვენი ეკლესიის ძლიერების აღსადგენად ღმერთმა შეისმინა...“ილია II-მ შეძლო ის, რაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია: მან გააერთიანა ერი. მან დაგვანახა, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია და რომ სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. დღეს, როცა მის ღვაწლზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელსაც ერქმევა „ილია მეორის ეპოქა“. ეს არის ეპოქა სულიერი სიმტკიცის, ეროვნული ღირსების, საკუთარი თავის, საკუთარი მეობისა და იდენტობის პოვნის. მან ეკლესიაში დააბრუნა ახალგაზრდობა, დააბრუნა ინტელექტუალური ელიტა და, რაც მთავარია, დააბრუნა იმედი.ის, რაც მან შექმნა, გაგრძელდება ძალიან დიდხანს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ეპოქა, რომელიც არ დასრულებულა და გაგრძელდება ძალიან დიდხანს, მანამ, სანამ საქართველო იარსებებს. ბუნებრივია, ამის გაკეთება ადვილი არ იყო. ირაკლი ქადაგიშვილ გაიხსენა: როცა სიონში იგალობებოდა საგალობელი, „ღვთივკურთხეული ქართველი ერი, ღმერთმა დალოცოს მრავალი წელი“, იმ პერიოდში ეს იყო პატრიოტიზმისა და ეროვნული სულისკვეთების გამოვლინება და განმტკიცება.ერთი შეხედვით, დღევანდელი გადასახედიდან, თითქოს მცირე ამბავია, მაგრამ იმ დროისთვის ეს სიტყვები რომ იგალობებოდა, ესეც კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ილია მეორე ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა დარგის მეცნიერებს და ხელოვანებს და ცდილობდა მეცნიერება და სარწმუნოება, ხელოვნება და სარწმუნოება დაეახლოვებინა ერთმანეთთან. მისი ინიციატივით დაიწყო ძველი ქართული საგალობლების გაცოცხლება და ლიტურგიაში დანერგვა. კარგად მახსოვს, რამხელა რეზონანსი ჰქონდა, როდესაც ანჩისხატში შეიქმნა მგალობელთა გუნდი, რომლებმაც პირველებმა დაიწყეს მივიწყებული ძველი ქართული საგალობლების აღდგენა და გალობა. ბევრი ადამიანი სწორედ ამ გალობის მოსასმენად მიდიოდა ტაძარში და ასე იწყებდნენ ურთიერთობას და დაახლოებას ეკლესიასთან. გალობის პარალელურად დაიწყო ქართული ხატწერისა და ფრესკის აღორძინება, ასევე უკვე დაკარგული და მივიწყებული ქართული მინანქრის აღდგენა-აღორძინება და მრავალი ახალგაზრდა ხელოვანის ჩართვა ამ სფეროში. მახსოვს, იქნებოდა ალბათ 1987 წელი, როცა პატრიარქი შეგვხვდა სტუდენტებს და მოგვიწოდა, ყველას გვეთარგმნა სახარების რამდენიმე მუხლი ახალქართულად და ამით შეგვექმნა სახარება თანამედროვე ქართულ ენაზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ასე ახალი თარგმანი ვერ შეიქმნებოდა, მაგრამ მისი უწმინდესობის მიზანი იყო, ახალგაზრდებს დაგვეწყო სახარების კითხვა და დავაახლოვებოდით ეკლესიას. ასე, თანდათან ხდებოდა ჩამოყალიბება იმ მდგომარეობის, რასაც დღეს ქრისტიან ქართულ საზოგადოებად ვიცნობთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.მისი თქმით, როცა ილია მეორის ეპოქაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ საერო და სასულიერო ხელისუფლებათა ურთიერთობის ის უნიკალური მოდელი, რომელიც საქართველოში შეიქმნა და რომლის შემოქმედი მისი უწმინდესობა გახლდათ. „ეს არის ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ერთის მხრივ, ერთმანეთის საქმიანობაში ჩაურევლობაზე, მაგრამ, ამასთანავე სრულ ურთიერთპატივისცემასა და კოორდინაციაზე. ურთიერთობის ეს მოდელი უნიკალურია არა მხოლოდ თანამედროვე სამყაროში, არამედ ისტორიულადაც არა აქვს ბევრი ანალოგი“, - დასძინა სუბარმა.

სიონის ტაძრის დეკანოზი აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს, კანკელთან დაიკრძალება

სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი აცხადებს, რომ ტაძარში მიმდინარეობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საფლავის მომზადება და პატრიარქი ჩრდილოეთის კართან, კანკელთან დაიკრძალება.„როგორც მოგეხსენებათ, უწმინდესის სურვილის საფუძველზე მზადდება სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში მისთვის განკუთვნილი ადგილი. ეს გახლავთ სიონის ტაძრის შესასვლელთან, ჩრდილოეთ მხარე, კანკელთან. ეს არის ჩრდილოეთ კართან განთავსებული ადგილი, სადაც მისი უწმინდესობის საფლავი მომზადდება. მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ტაძრით დაიწყო მოღვაწეობა, როგორც პატრიარქმა, 1977 წლიდან. მის მოღვაწეობას მისმა უწმინდესობამ უწოდა მზიანი ღამე. რვა პატრიარქი არის დაკრძალული ავტოკეფალიის აღდგენიდან დღემდე სიონის საპატრიარქო ტაძარში.საოცარი ამბავი ის არის, რომ მისი უწმინდესობის გარდაცვალებამ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა გააერთიანა. მქონდა საუბარი ადამიანებთან, რომლებიც არიან, სამწუხაროდ, კრიტიკული აზრის მოტრფიალეები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინიც განიცდიან ამ უდიდესი პიროვნების გარდაცვალებას, ძალიან წუხან ამის შესახებ. ერთიანია მთელი ერი და ქვეყანა, რაც მისი უწმინდესობის ძალიან დიდი სურვილი იყო. მისმა უწმინდესობამ სწორედ თავი მიუძღვნა ხალხის ერთსულოვნებას. მის საყვარელ ტელევიზიასაც ერთსულოვნება დაარქვა თავის დროზე, როდესაც ის დაფუძნდა. ვუსამძიმრებ მთელს ერს“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი სანამაშვილი.ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო სიახლეები