„პაციენტები იმყოფებიან მართალია რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან არის აღდგენილი. ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სამივე პაციენტთან არის აღდგენილი, ასევე ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს. ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს.
რაც შეეხება მესამე ქალბატონს, რომელიც არის 32 წლის ასაკის, მას გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია სახის ძვლების, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით,” – განაცხადა ლევან რატიანმა.
შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი მძიმეა.
სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.