ორშაბათი, იანვარი 20, 2025

ლევან დავითაშვილი: გამართლდა ჩვენი პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის სექტორის ზრდასთან დაკავშირებით – დაფიქსირდა შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი

‘2024 წელს ტურიზმის სექტორიდან რეკორდული რაოდენობის შემოსავლები დაფიქსირდა~ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4,425.4 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.3%-ით მეტია.

„ეს მნიშვნელოვანი მატებაა წინა წელთან შედარებით. ასევე 2024 წლის მეოთხე კვარტალი, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, საკმაოდ შედეგიანი იყო,  ტურიზმის სექტორიდან 963.7 მლნ დოლარის შემოსავალი მივიღეთ, რაც კვარტლის ჭრილში 10.3%-ით იყო გაზრდილი“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არსებული სტატისტიკის თანახმად, ფაქტობრივად, გამართლდა მთავრობის პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის სექტორის ზრდასთან და შემოსავლებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სექტორიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარამდე იქნებოდა შემოსავალი. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, საიდანაც ტურიზმის შემოსავლების ზრდა მოხდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მათი გეოგრაფიული არეალი საკმაოდ მრავალფეროვანია.

„მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან – დაახლოებით 41%-ით, რაც 128 მლნ დოლარს შეადგენს. შემოსავლები გაიზარდა აზერბაიჯანიდან 18%-ით, ირანიდან, ასევე ევროკავშირიდან 21 მლნ დოლარით, საუდის არაბეთიდან – ეს არის ქვეყნები, საიდანაც გვაქვს ტურიზმის შემოსავლების ზრდა. ამასთან, გარკვეულწილად შემცირდა რუსეთიდან 9.4%-ით, რაც ჯამში 88 მლნ დოლარია, უკრაინიდან 18.9%-ით – ეს არის 148 მლნ დოლარი, თურქეთიდანაც გარკვეული, 3%-იანი შემცირება გვაქვს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თანხებთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – მოცულობამ 5.1 მლნ ვიზიტს მიაღწია. მისი შეფასებით, ეს ძალიან დამაიმედებელი სურათია. ამ შემთხვევაშიც სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყნებს მოიცავს.

„პრინციპში, ესეც სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგნაირად – ჩვენი მთავარი ტურისტული ბაზრებია თურქეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ინდოეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი, აშშ, საბერძნეთი, საფრანგეთი, ქუვეითი, ლატვია და არაბეთის გაერთიანებული საამიროები“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელმაც მანქანით 35 ადამიანი მოკლა

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს 62 წლის კაცი, რომელიც გასული წლის 11 ნოემბერს, ქალაქ ჭუხაიში, სპორტული ცენტრის გარეთ, სავარჯიშოდ შეკრებილ ხალხში ავტომანქანით შევარდა და 35 ადამიანი მოკლა. დეკემბერში, ქალაქ ჭუხაის სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული "საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის" და 62 წლის კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 19 იანვარს ჩინეთში სიკვდილით ასევე დასაჯეს 21 წლის კაცი, რომელმაც 17 ნოემბერს პროფესიულ სასწავლებელში დანი 8 ადამიანი მოკლა. პოლიციის მიხედვით, ახალგაზრდა კაცმა ბრალი "უყოყმანოდ აღიარა". სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა 17 დეკემბერს მიუსაჯა.

ლევან იოსელიანი – საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველაფერზე საჯაროდ ლაპარაკობს და არ იტყუება

მოგონილი ტყუილია, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია გამოვაქვეყნე,  ბევრი განმარტება გავაკეთე. სისტემური ხასიათი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს, მათ შორის წამებას, წამების მუქარას, არაადამიანურ მოპყრობას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანს კითხვა დაუსვეს „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ განცხადებაზე, რომ ის ჯეროვნად არ ასრულებს თავის მოვალეობას, რადგან სისტემურ ძალადობად არ შეაფასა აქციების დროს დაზარალებულების მდგომარეობა. „ათზე მეტი განცხადება გავავრცელე, სადაც ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა პოლიციას და ხელისუფლებას ეკისრება, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც უნდა გამოიძიოს ეს საკითხი. საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველა სოციალურ საცხოვრისში, თავშესაფარში ნამყოფია, ყველას პრობლემა იცის და ყველაფერზე საჯაროდ ლაპარაკობს და არ იტყუება“, – განაცხადა იოსელიანმა.

აღმოაჩინეს გიგანტური მწერი, რომელიც ერთ კილოგრამს იწონის

სინგაპურელმა მკვლევრებმა ახალი სახეობა, გიგანტური იზოპოდი აღმოაჩინეს. ამ არსებას (Bathynomus vaderi) Star Wars-ის პერსონაჟის, დართ ვეიდერის სახელი უწოდეს. B. vaderi გიგანტური იზოპოდების გვარის წარმომადგენელია. ის წყალში ცხოვრობს, მაგრამ ვიზუალურად ხმელეთის მწერს მოგვაგონებს. იზოპოდის სიგრძე 32.5 სანტიმეტრია და ერთ კილოგრამს იწონის. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არსება მარტივი შესამჩნევია, მაგრამ ჯერჯერობით ის მხოლოდ ვიეტნამის სპრატლის კუნძულებზეა დაფიქსირებული. შთამბეჭდავი ზომის გარდა, ყურადღება მიიქცია არსების კუთხოვანმა თავმა, რომელიც ვარსკვლავური ომების ბოროტი ლორდის ჩაფხუტს წააგავს — აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. კვლევა ჟურნალ ZooKeys-ში გამოქვეყნდა.

ჯო და ჯილ ბაიდენები დონალდ ტრამპს და მელანია ტრამპს თეთრ სახლში მასპინძლობენ

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს თეთრ სახლში მასპინძლობენ. დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლში ვაშინგტონის წმინდა იოანეს ეკლესიიდან მივიდნენ, სადაც წირვას ესწრებოდნენ. 1837 წლიდან აშშ-ში ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი მომავალ პრეზიდენტს ჩაიზე მასპინძლობს, რის შემდეგაც ისინი კაპიტოლიუმისკენ მიემართებიდან, სადაც ფიცის დადების ცერემონია უნდა გაიმართოს. აღნიშნული ტრადიციის შესრულებაზე 2021 წელს, ბაიდენის ინაუგურაციის წინ დონალდ ტრამპმა უარი თქვა.

აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე მიწის ქვეშ გამავალი 300 მეტრიანი საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკის (ხუარესის და ელ პასოს შორის) აღმოჩენილი 300 მეტრიანი გვირაბი, რომელსაც არალეგალური მიგრანტები საზღვარზე გადასასვლელად იყენებდნენ დაილუქება. გამოცემა BBC-ის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას მექსიკის სასაზღვრო უწყება ავრცელებს. არსებული ინფორმაციით გვირაბი, რომელიც გასულ კვირას აღმოაჩინეს სანიაღვრე ქსელში იყო აშენებული - ოფიციალური შეფასებით, მის აშენებას სულ მცირე, ერთი წელი დასჭირდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, ცნობილი იყო თუ არა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გვირაბის მშენებლობის შესახებ, რომელიც არალეგალი მიგრანტების გადასაადგილებლად და კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ აშშ-სა და მექსიკის საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ცნობისთვის, ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დადო, რომ ინაუგურაციის შემდეგ "ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას" დაიწყებს. ასევე, გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათშივე აპირებს, რომ რიგი აღმასრულებელი ბრძანებები საზღვრის, ენერგეტიკისა და მთავრობის რეფორმის პრიორიტეტული საკითხებისთვის გამოიყენოს.

ბოლო სიახლეები