პარასკევი, აპრილი 25, 2025

ლევან დავითაშვილი – აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი უახლოეს ხანებში ეყოლება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

„საქართველოს მხრიდან წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან არსებობს დადებითი პოზიციები, მიმდინარეობს სტანდარტული პროცედურები და აქედან გამომდინარე, ეს არ არის საკითხი, რომელიც ითხოვს ჩვენს ჩართულობას. ეს საკითხი პროცედურების შესაბამისად გადაწყდება და უახლოეს ხანებში ჩვენ გვეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი, რაც, რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

რაც შეეხება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებს, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას საკმაოდ რთული მემკვიდრეობა ერგო და, შესაბამისად, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან უნდა იქნეს დაწყებული.

„რა თქმა უნდა, წინა ადმინისტრაციის საქმიანობის ბოლო თვეებში ბევრი რამ გაუარესდა ჩვენს ურთიერთობებში, სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა ორივე ხელისუფლებისთვის, ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ჩვენ ძალიან ბევრი კონკრეტული ახალი მიმართულება შეგვიძლია, შევიტანოთ დღის წესრიგში, რაც, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი უნდა იყოს ორივე ქვეყნისთვის – როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე საქართველოსთვის“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლევან დავითაშვილმა ისაუბრა, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ დაწესებული სანქციებია. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს  სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა და ამ კუთხით არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს.

„სახელმწიფო დეპარტამენტში საუბარი გვქონდა ზოგადად სანქციების აღსრულებაზე, საქართველო არის სანიმუშო ქვეყანა, აშშ-ის პარტნიორი სანქციების აღსრულების კუთხით. თუმცა, სანქციები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა შემოღებული საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ურთიერთობებში და, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს. გვესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისევე როგორც ახალი ადმინისტრაციისთვის, მემკვიდრეობა საკმაოდ რთულია და ამას დრო დასჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიწყებთ დიალოგს და ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურები იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს პოლიტიკური ნება. რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობს თანამშრომლობის, სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების ნება და ეს ყველაფერი იმედს გვაძლევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაღრმავებთ და გავაძლიერებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მაია ბითაძე – საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის ენერგეტიკული ბაზრების დასაკავშირებლად

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის ენერგეტიკული ბაზრების დასაკავშირებლად, მათ შორის, აღსანიშნავია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები და ხელი შეუწყოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მაია ბითაძემ საპარლამენტო პლენუმის მონაწილეებს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა და ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განახლებად ენერგიაზე გადასვლის საკითხზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.„საქართველო, როგორც განახლებადი ენერგიის გამომუშავების ძლიერი პოტენციალის მქონე ქვეყანა, თანმიმდევრულად აახლოებს ეროვნულ ენერგეტიკულ პოლიტიკას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან. მათ შორის, 2024 წელს პარლამენტის მიერ მიღებულმა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულმა ინტეგრირებულმა გეგმამ განსაზღვრა 2030 წლის მიზნები – სათბურის აირების ემისიების შემცირების, განახლებადი ენერგიის ზრდისა და ენერგოსისტემების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.მისი თქმით, კლიმატის ცვლილების დაძლევის მიმართულებით საქართველოს ამბიცია ძლიერდება – 2025 წელს იგეგმება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლება და 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 47%-ით შემცირების მიზნის განსაზღვრა.ამასთან, საქართველო ნერგავს მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემას, რაც უზრუნველყოფს ემისიების გამჭვირვალე აღრიცხვას შესაბამის სექტორებში და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ემისიებით ვაჭრობას.მაია ბითაძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აქტიურად მუშაობენ „კლიმატის ცვლილების შესახებ“ კანონზე, რომელიც 2050 წლისთვის განსაზღვრავს კლიმატ-ნეიტრალურობის მიღწევის მიზანს.ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია 2017 წლის პირველი ივლისიდან და გაერთიანების სამდივნოსთან აქტიური თანამშრომლობით შესაბამის რეფორმებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო მიმდინარე წელს ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.

ირაკლი ღარიბაშვილი – „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან, ძლიერ პოლიტიკურ ძალად, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა გარანტი

დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა.„მისი ლიდერობით კი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანასა და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ამავდროულად, მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით. ამ ფონზე, მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას, ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო. რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვარის, იდეალების, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება, შესაბამისად, ვრჩები, როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად! მსურს ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიდან მემსახურა საქართველოსთვის! წარმატებებს ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და მთლიანად „ქართული ოცნების“ დიდ გუნდს! მადლობა ქართული ოცნების წევრებს, მომხრეებს, მხარდამჭერებს, იმ უზარმაზარ არმიას ვისთან ერთადაც ამდენი გამარჯვება ვიზეიმეთ! მადლობა საჯარო მოხელეებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ხალხს! მჯერა,  „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და პარალელურად უზრუნველყოფს საქართველოს ევროპულ მომავალს, შექმნის შესაბამის პირობებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და სტაბილური განვითარებისთვის! უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

ირაკლი ღარიბაშვილი – ყოველთვის, ყველა თანამდებობიდან ერთგულად, უკომპრომისოდ ვიცავდი ეროვნულ ინტერესებს, პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ქვეყნისა და პარტიის წინაშე

მეამაყება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ჩემი საქმიანობის პერიოდში თავდაუზოგავად ვიშრომე, გუნდთან ერთად ბევრი საქმეც გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ იცავდა ეროვნულ ინტერესებს.„დღეს მინდა, გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, არსებულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გავცე! დღემდე, თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა – ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას, შესაბამისად ჩემი მთავარი მოტივაციაც ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე ძლიერი და გულწრფელი სურვილი რომ ერთი მყარი აგური დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. 2011 წლის ოქტომბერში მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და მის პოლიტიკურ გუნდში გავერთიანდი. მაშინ ჩემი ოჯახი ძალიან დაზარალდა, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი ჩემი გადაწყვეტილების გამო უკანონოდ ჩასვეს ციხეში და სააკაშვილის რეჟიმს ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად, მძევლად ჰყავდა აყვანილი და გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო ჩვენი ბრძოლა, ჩვენ ოჯახის წევრს დავკარგავდით, მას ციხეში მოკლავდნენ და ალბათ, მეც დიდი ხნით მომიწევდა ციხეში წასვლა. რაც ყველაზე მთავარია, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. მადლობა ღმერთს, საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა ჩვენი პარტიის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა და საკუთარი ხალხის მტერი და ეროვნული ინტერესების მოღალატე, მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, წილად მხვდა პატივი ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად, აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში, სხვადასხვა დროს ორჯერ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ხოლო ბოლო ერთ წელიწადზე მეტია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციიდან ვემსახურები საქართველოს.ნამდვილად მეამაყება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ჩემი საქმიანობის პერიოდში თავდაუზოგავად ვიშრომე, გუნდთან ერთად ბევრი საქმეც გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ – სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად უზრუნველვყავით მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება, გავაძლიერეთ და გავამყარეთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მე ყოველთვის, ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შევძელი და მოვახერხე, უფლის შეწევნითა და წყალობით, პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ასევე პარტიის წინაშე, რითაც ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში. არაერთხელ მითქვამს, რომ არც ერთი თანამდებობა არ არის მარადიული და არც ერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი, ეს ჩემთვის ყოველთვის საკუთარი სამშობლოსა და ხალხის მსახურების შესაძლებლობა იყო! ასე მივიჩნევდი 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავტოვე და პოლიტიკიდან გავედი! ასე იყო მაშინაც, როდესაც 2019 წელს პოლიტიკაში დავბრუნდი და „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად დაწყებული საქმე განვაგრძე, ასე იყო შარშან, როდესაც მეორედ დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ასეა დღესაც, როდესაც მეორედ ვტოვებ პოლიტიკას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვტოვებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს და მივდივარ პოლიტიკიდან – ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშილი "ქართულ ოცნებას" ტოვებს და პარტიიდან მიდის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ბოლო სიახლეები