ოკუპანტი ქვეყანა არ ისვენებს, ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ უფრო მეტი ტკივილი მოგვაყენოს, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ასეთი ტრაგედიები აღარ მოხდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. გოგიჩაიშვილმა დეპუტატებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
“მთელი ქვეყანა სამძიმარს უცხადებს ტატუნაშვილის ოჯახს. არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ვაჟკაცი კაცი. ეს არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტრაგედიაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი ტრაგედიები აღარ დატრიალდეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, საფრთხე არსებობს ძალიან დიდი, არ ისვენებს ოკუპანტი ქვეყანა, აკეთებს ყველაფერს, რომ კიდევ უფრო მეტი ტკივილი მიაყენოს ჩვენს სამშობლოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიან პროცესში გადავიდეს და ასეთი ვაჟკაცი ადამიანები არ შეეწირონ ბორტმოქმედების ქმედებებს”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. არჩილ ტატუნაშვილს დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.