ხუთშაბათი, სექტემბერი 24, 2026

ლევან ბეჟაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა სარჩელი, საკონსტიტუციო სარჩელს თუ არ მიიღებს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება

კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და საკონსტიტუციო სარჩელს თუ არ მიიღებს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარლამენტის სამანდატო კომისია ვალდებული იქნება, არ გაატაროს რეგისტრაციაში 150-ვე დეპუტატობის კანდიდატი, ვინაიდან არჩევნების კონსტიტუციურობაზე სასამართლოში იქნება დავა.

„კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და მნიშვნელოვანია, რომ ვასაჩივრებთ მთლიანად არჩევნების კონსტიტუციურობას და ამ არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საქართველოს ასი ათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევა. პარლამენტის სამანდატო კომისია ვალდებული იქნება, არ გაატაროს რეგისტრაციაში 150-ვე დეპუტატობის კანდიდატი, ვინაიდან არჩევნების კონსტიტუციურობაზე სასამართლოში იქნება დავა. საკონსტიტუციო სასამართლო თუ არ მიიღებს ამ სარჩელს, კიდევ ერთხელ აღმოჩნდება და დადასტურდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რეალურად არ არსებობს ამ ქვეყანაში და ესე კიდევ ერთი დამატებითი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ საფრანგეთი რუსეთის მხრიდან დრონებით შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) საფრანგეთი რუსეთის მხრიდან დრონებით შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.ჟურნალისტმა მაკრონს ესპანური გამოცემა El Mundo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, რუსეთის მხრიდან დრონებით შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.„ამ ინფორმაციის უარყოფა შეგვიძლია. აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს საფრანგეთის შესაბამისი სამსახურებისთვის მსგავსი თავდასხმის შესახებ არ უცნობებია“, – განაცხადა მაკრონმა.მისივე თქმით, ევროპაში ვითარება სულ უფრო იძაბება, რაც შეშფოთების საფუძველს ქმნის.მაკრონმა ასევე ისაუბრა გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში დრონით შესაძლო თავდასხმის მცდელობის შესახებ. მისი თქმით, საფრანგეთში მსგავსი შემთხვევა ჯერ არ მომხდარა, თუმცა „ეს შეიძლება, მოხდეს“.„სწორედ ამიტომ არსებობს რეალური საფრთხე. რუსეთი ევროპული ქვეყნების მიმართ მტრულ, ზოგჯერ კი დანაშაულებრივ ქმედებებს აძლიერებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.მაკრონის თქმით, რუსეთში 300 000 ადამიანის მობილიზება ასევე არის სცენარი, რომელსაც საფრანგეთი შესაძლებლად მიიჩნევს.

ანტონიუ კოშტა – გვჭირდება ​მულტილატერალიზმი, რომელიც მზად არის, უპასუხოს დღევანდელ გამოწვევებს, გვჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას ემსახურება და არა ის, რომელიც მას აკონტროლებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების გადაჭრა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.მისი თქმით, ვერც ერთი ქვეყანა, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ის, დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება პანდემიებს, კლიმატის ცვლილებას, მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებას, ფინანსურ სტაბილურობასა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას.კოშტას განცხადებით, თანამშრომლობა ასევე აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად.„მულტილატერალიზმი წარსულის იდეა არ არის. ის დღევანდელი პრობლემების გადაჭრის ერთადერთი რეალისტური გზაა. სწორედ ამიტომ არის ჩვენი გზავნილი მკაფიო: ჩვენ გვჭირდება მულტილატერალიზმი – ძლიერი, ეფექტიანი, წარმომადგენლობითი და ისეთი, რომელსაც ადამიანებისთვის კონკრეტული შედეგების მოტანა შეუძლია. მულტილატერალიზმი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, აძლიერებს დემოკრატიას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას. მულტილატერალიზმი, რომელიც მზად არის, უპასუხოს დღევანდელ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს – მშვიდობას, კლიმატის საგანგებო მდგომარეობას, ეკონომიკურ დაუცველობასა და ხელოვნურ ინტელექტს. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტსა და მის მართვას, ჩვენ გვჭირდება ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და რეგულირებული სისტემა. გვჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას ემსახურება და არა ის, რომელიც მას აკონტროლებს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ პროცესის მართვის სადავეებთან და თავად განვსაზღვრავდეთ ინოვაციებისა და განვითარების უსაფრთხო და დაცულ ტემპს. ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის რეგულირება რამდენიმე მსხვილი გლობალური კომპანიის ხელში ვერ იქნება“, – განაცხადა კოშტამ.ამასთან, კოშტას თქმით, საერთაშორისო სამართალთან მიმართებით „ორმაგი სტანდარტები“ არ უნდა არსებობდეს და მისი დაცვა ყველა ქვეყანაში თანაბრად უნდა იყოს უზრუნველყოფილი.„საერთაშორისო სამართლის დაცვა და მისი შესრულება არჩევითი არ არის. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს იმ ინსტიტუტების დაცვასაც, რომლებიც ამ პრინციპებს რეალურ მნიშვნელობას ანიჭებენ, მათ შორის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ სასამართლოებს და დავიცავთ მათ დამოუკიდებლობას, მთლიანობასა და საკუთარი მანდატის სრულად შესრულების შესაძლებლობას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მისი თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების მიმართ მუქარა და თავდასხმები მიუღებელია. ანგარიშვალდებულება პოლიტიკურ მოსაზრებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. საერთაშორისო სამართალი ყველგან მოქმედებს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ყველგან მოქმედებს და ადამიანის უფლებები ყველგან უნდა იყოს დაცული – უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აზიასა თუ ლათინურ ამერიკაში“, – განაცხადა კოშტამ.რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე საუბრისას კოშტამ განაცხადა, რომ ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა აირჩია და რომლის შედეგებიც მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება.„ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა აირჩია და რომლის შედეგებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იგრძნობა. ეს არის სუვერენულ სახელმწიფოზე განხორციელებული დამანგრეველი აგრესია, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანა ახორციელებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა საფრთხეს უქმნის უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებასაც. მიუღებელია ისიც, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს უსაფრთხოებას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს სახიფათო ესკალაცია, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამ ომის დასასრულებლად და მოლაპარაკებებისთვის ისეთი პირობების შესაქმნელად, რომლებიც ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს. ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კოშტამ.

მარინ ლე პენი – საფრანგეთი ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობას უკრაინის ომის დასრულებამდე არ დატოვებს, თუმცა, ჩემი სურვილი, ქვეყანამ ალიანსის სარდლობა დატოვოს, კვლავ ძალაში რჩება

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ საფრანგეთის ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობიდან გამოყვანის გეგმა კვლავ ძალაშია, თუმცა ამ ნაბიჯს უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებამდე არ გადადგამს. ამის შესახებ ლე პენმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, ომის მიმდინარეობის პირობებში მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისთვის შესაფერისი დრო არ არის.„ვიდრე ევროპის კართან ომი მიმდინარეობს, ამის გაკეთების დრო არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი, ეს ნაბიჯი გადავდგა, კვლავ ძალაში რჩება“, – განაცხადა ლე პენმა.ლე პენმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი რუსეთთან, როგორც ბირთვულ სახელმწიფოსთან, ომში არ უნდა ჩაერთოს. ამასთან, ლე პენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას გეგმავს.„ჩვენ შეგვიძლია, მოვამზადოთ მათი ჯარისკაცები და სამხედრო ხელმძღვანელობა და მივაწოდოთ სამხედრო დახმარება. თუმცა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მიწოდებას ვეღარ გავაგრძელებთ და ამის გამო ვწუხვართ“, – განაცხადა ლე პენმა.ამავდროულად ლე პენმა არ უარყო ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ იდეა, რომელსაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ და რომელიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამხედრო წარმომადგენლობის განთავსების შესაძლებლობას განიხილავს.„პოტენციური სამშვიდობო ძალა, რომელიც რეალურად საკმაოდ ჰგავს გაერო-ს სამშვიდობო ძალებს, ჩემთვის სრულიად შესაძლებლად გამოიყურება. თუ „მსურველთა კოალიცია“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი პირობა იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ ამ წინადადების წინ წაწევას“, – განაცხადა ლე პენმა.

ახალი სტანდარტი მასწავლებლებისთვის – რა შეიცვალა

მასწავლებლებისთვის ახალი პროფესიული სტანდარტი ამოქმედდა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 11 სექტემბრის №125/ნ ბრძანებით დამტკიცებულმა დოკუმენტმა 2008 წელს მიღებული პროფესიული სტანდარტი ჩაანაცვლა.ახალი სტანდარტი მასწავლებლის პროფესიულ ცოდნასა და უნარებთან ერთად, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, მოსწავლეებთან ურთიერთობას, შეფასებას, მშობლებთან თანამშრომლობას, პროფესიულ პასუხისმგებლობასა და კარიერულ განვითარებას მოიცავს.დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებელმა სასწავლო პროცესი მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს უნდა მოარგოს. საჭიროების შემთხვევაში, პედაგოგმა განსხვავებული მიდგომები და აქტივობები უნდა გამოიყენოს, რათა ყველა მოსწავლემ შეძლოს დასახული სასწავლო მიზნის მიღწევა.სტანდარტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხო, ინკლუზიური და მხარდამჭერი საკლასო გარემოს შექმნას. მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლის ღირსებისა და უფლებების დაცვა, ხელი შეუწყოს განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვას და კომუნიკაცია თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე ააგოს.პედაგოგს ასევე ევალება დისკრიმინაციის პრევენცია, მოსწავლეებს შორის კონფლიქტების მიზეზების გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში მათი მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა.ახალი სტანდარტი მასწავლებლის პასუხისმგებლობას მხოლოდ აკადემიური შედეგებით არ შემოიფარგლება. დოკუმენტში საუბარია მოსწავლეებში სამოქალაქო და ეროვნული ცნობიერების, ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, კულტურული მრავალფეროვნებისადმი ინტერესის, ციფრული წიგნიერებისა და ცხოვრებისეული და კარიერული უნარების განვითარებაზე.ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უკავშირდება.სტანდარტის მიხედვით, მასწავლებელმა სასწავლო პროცესში უნდა შექმნას ციფრული ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, უსაფრთხო, ეთიკური და მიზნობრივი გამოყენების შესაძლებლობები.ამასთან, პედაგოგმა მოსწავლეებს უნდა ასწავლოს ციფრული უსაფრთხოება, ონლაინსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება.თავად მასწავლებლის მიერ AI-ის გამოყენების შემთხვევაშიც აუცილებელია ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვა. პედაგოგი პასუხისმგებელი რჩება იმ პროფესიულ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები გამოიყენება.სტანდარტის ნაწილია მედიაწიგნიერებაც. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა შეუწყოს ხელი ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაში და მედიისა და ციფრული რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებაში.იცვლება მიდგომა მოსწავლეთა შეფასების მიმართაც.დოკუმენტის მიხედვით, შეფასება მხოლოდ ნიშნის დაწერას არ უნდა გულისხმობდეს. მასწავლებელმა შეფასების შედეგები მოსწავლის შემდგომი განვითარების დასაგეგმად უნდა გამოიყენოს.პედაგოგმა უნდა შეარჩიოს სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების მეთოდი, გამოიყენოს სამართლიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმები და მოსწავლეს მისცეს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული განმავითარებელი უკუკავშირი.სტანდარტი ასევე ითვალისწინებს მიღებული შედეგების გაანალიზებას, მოსწავლის პროგრესის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში სასწავლო პროცესის შეცვლას.ცალკე მიმართულებად არის განსაზღვრული მშობლებთან თანამშრომლობა. მასწავლებელმა მშობელს ინდივიდუალურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ და მასთან ითანამშრომლოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.მასწავლებელმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს მშობლების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურ და მიზნობრივ ჩართულობას.ახალი სტანდარტის მიხედვით, პედაგოგის პროფესიული განვითარება ერთჯერადი ტრენინგით არ შემოიფარგლება. მასწავლებელმა რეგულარულად უნდა შეაფასოს საკუთარი პრაქტიკა, გამოავლინოს პროფესიული საჭიროებები და დაგეგმოს შესაბამისი განვითარების აქტივობები.ამასთან, პროფესიული გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მონაცემებსა და მტკიცებულებებს, მათ შორის მოსწავლეთა შეფასების შედეგებს, დაკვირვებასა და უკუკავშირს, ასევე სანდო კვლევებსა და პროფესიულ რეკომენდაციებს.ახალი პროფესიული სტანდარტი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და 2008 წელს დამტკიცებული სტანდარტი ჩაანაცვლა.

ლევან ხაბეიშვილი – ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება – და საქმე?!...

ყველა მინუს ბიძინა! გამბედაობა, საქართველოს გარშემო გაერთიანება და რაც შეგვიძლია იმის კეთება. ეს არის გამოსავალი! შიში უნდა გადაილახოს!, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი და უპირობოდ გაუტეხელი, დაუმარცხებელი, პატრიოტთა გუნდი - „ნაციონალური მოძრაობაა“.მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 7-10 დღე თავისუფლებაზე რომ იყოს, უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი.„ვინც რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ ფაქტია, მიშა სააკაშვილი 7-10 დღე თავისუფლებაზე და უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი - უკანასკნელი “ქოციც” კი დარწმუნებულია ამაში. სანამ “აქოთქოთდებით”, გულში ჩაიხედეთ და ვფიქრობ, თქვენც იცით, რომ ასეა. ასევე, ერთადერთი და უპირობოდ გაუტეხელი, დაუმარცხებელი, პატრიოტთა გუნდი - „ნაციონალური მოძრაობაა“. ამ “შავი ჭირის” წინააღმდეგ ენმ-ის მეასედი გაიღოს ვინმემ და შემდეგ გაკიცხოს, გააკრიტიკოს ჩვენი პარტია. ჩემი უპირობო მხარდაჭერა, სოლიდარობა და სიყვარული ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს. ამ მძიმე პირობებშიც კი თავგანწირვით, უდრეკად შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ - შეუძლებელია ამის არ დანახვა!ახლა კი უფრო ინდივიდუალურად დასანახი, შესაფასებელი. ბევრი დაინახავთ თქვენს თავს და ნუ მიწყენთ. ვცდილობ სიმართლე გითხრათ, სამარტოო საკნიდან. ყველა გახდა საგარეო ექსპერტი, გეოპოლიტიკის ანალიტიკოსი, საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი. მთავარია, საქმე არ მოსთხოვონ, ან მოქმედება და სამაგიეროდ, გაარჩევენ - რა თქვა მერცმა, რა ხდებოდა მაკრონ-ლეპენის შეხვედრაზე, ტრამპმა რა უთხრა კუშნერს და რა ზომის ფეხსაცმელი აცვია რომელიმე ევროპელ მაღალჩინოსანს. აბსოლუტური ლაი-ლაი! დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება. პირდაპირ ეთერში მისვლაც აღარაა საჭირო, პირდაპირ Coffee, ხალათზე “კასტუმი” და მიდი “აჭენავე”, გაარჩიე მადურო, ასადი, პუტინი. საწვავი რომ 4 ლარი გახდა, ამაზე ბოლოს ეთერში ვინ დაიჩივლა, აღარ მახსოვს. 1 996 116 ადამიანს ბანკის ვალი აქვს და ოფიციალურად, კანონის სახელით წეწავენ! 18-22 და ზოგ შემთხვევაში 30%-ში აქვთ ვალი აღებული!!! 375 188 ადამიანი ამ სესხს ვერ იხდის! ოფიციალურად ვერ იხდის და არც ამ თემების გარჩევა მომისმენია! 2 თვეში ორი 17 წლის ბავშვი მოკლეს (❗) და ამაზეც გაკვრით თუ ისაუბრებს ვინმე. პროდუქტები თითქოს გაიაფდა, არავინ არჩევს არც ამას! 400-600-800 ლარზე რომ ასიათასობით ადამიანი მუხლჩაუხრელად მუშაობს და საკვებად არ ჰყოფნით - არც ამაზე კარგავენ დროს. ნარკოტიკებით რომ დაწამლეს სრულიად ახალგაზრდობა და სასიკვდილოდ იმეტებენ - ამაზეც და ა.შ. თუ წაიბუტბუტებენ. სათამაშო ბიზნესი მილიარდებს რომ “ახევს”, ყვლეფს გაჭირვებულ, უიმედო, სასოწარკვეთილებაში მყოფ ხალხს - არც ეს გამიგია! სამაგიეროდ: ტრამპმა კუშნერს, მაკრონმა მარტა კოსს და ა.შ.ყველა ექსპერტი და შემფასებელია. და საქმე?! ხალხი?! რას ვაკეთებთ?! როდის?! გაზაფხული-შემოდგომა, რეჟიმი “მორყეულია”, ახლა ვმუშაობთ და…. და?! აიბზუებენ ახლა ცხვირებს და ჩვენ არ გვეხებაო, “ჩაიბურდღუნებენ” “კაი, ჩემო ძმაო”…. სამაგიეროდ, ამბიციები უშველებელი! თვალუწვდენელი! არ გეწყინოთ და დიდი სასაცილო ტიპები ხართ… რა ხდება “პირიქითა” საქართველოში?! იგივე! იქაც იმას არჩევენ, დაიქცა გერმანია, საფრანგეთი და რა კოლაფსი ელის აშშ-ს… იქითაც იგივე თემები აქვთ, უბრალოდ “სხვა კუთხით”.იქითაც მთავარია, ქართველ ხალხზე არ ილაპარაკონ, იფიქრონ, იზრუნონ და სამაგიეროდ, დანიის დემოკრატიას იტირებენ.გულწრფელად მეცოდება მებრძოლი ტელევიზიები! უანგაროდ შრომობენ, იბრძვიან და “პოლიტიკის” მოფიქრებაც ამ ხალხს უწევს…. “მოლაპარაკე თავები” კი არიან ლოდინის რეჟიმში - თავისით მოხდება რამე. მოსწონთ უკრაინის თავგანწირვა, ბრძოლა ქვეყნისთვის, მაგრამ თავად აქ ფარცხალაძე-ივანიშვილს ეგუებიან. თუ შანსი მიეცემათ, ბარამიძეს გაემიჯნებიან და თან კაკაოს “მოხვრეპენ”…. საქართველო ჩამოყალიბდა “მოლაილაე”, “მოექსპერტო”, კომფორტის “მოოპოზიციონერო”, “კლავიატურის ლომები” და მეორეს მხრივ დისიდენტური, მებრძოლი აქტივისტები. სანამ ლაი-ლაიდან საქმეზე არ მივდგებით, მანამდე ვიწუწუნებთ ეთერებში…. ყველა მინუს ბიძინა! გამბედაობა, საქართველოს გარშემო გაერთიანება და რაც შეგვიძლია იმის კეთება. ეს არის გამოსავალი! შიში უნდა გადაილახოს! ასე თუ იქნება, არც მე მოგიშლით ნერვებს აქედან“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ბოლო სიახლეები