ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026

ლაშა ფარულავა – ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ეკლესია ის სივრცეა, სადაც ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის უნდა ვილოცოთ

უნგრულ მოდელზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრია, საქართველო არათუ არ არის ევროკავშირის წევრი, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირის გზიდან გადაიყვანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიებმა თვალი უნდა გაუსწორონ რეალობას, რომ არსებობა რეჟიმის პირობებში უწევთ. არსებობს, მათ შორის, „ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებებს აუქმებს.

„ხალხის მობილიზება, თანამოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმება არის ის გზა და ფორმულა, რომლითაც უნდა დავამარცხოთ არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ „ქართული ოცნების“ მსგავსი რეჟიმები. ძალიან მარტივი მოცემულობაა, ევროკავშირის წევრი უნგრეთი და საქართველო, რომელიც ევროკავშირის გზიდან ივანიშვილის გამო, დიდი ხანია, გადასულია. ეს არის განსხვავებული სინამდვილე და ამ სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს გულისხმობს, რომ საჭიროა მობილიზება, საჭიროა ჩვენი თანამოქალაქეების უფრო აქტიური ჩართვა და რეჟიმის დამარცხება სახალხო ერთიანობით“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

კითხვაზე, როგორ მოხერხდება „ქართული ოცნების“ დამარცხება არჩევნებამდე, ლაშა ფარულავა პასუხობს: „ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ერთადერთი ფორმულა ერთიანობაა, თანამოქალაქეების გაერთიანება ორი მიზნის გარშემო“.

„ეს არის თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შემდგომი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ამ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა დასრულდება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ეკლესიის სიძლიერისთვის ყოველთვის ბევრს აკეთებდნენ, ამისი კონკრეტული მაგალითია აღდგენილი ბაგრატისა და ფოთის საკათედრო ტაძარი.

„როდესაც რელიგიაზე, კულტურასა და მართლმადიდებლობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღემდე არ აქვს გელათს სახურავი და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იმის გამო ნადგურდება, რომ „ქართული ოცნება“ არის გულგრილი კულტურისა და ეკლესიის მიმართ“, – განაცხადა ლაშა ფარულავამა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ რელიგია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, ლაშა ფარულავა პასუხობს: „როგორც ჩემთვის, ისე ჩემი თანაგუნდელებისთვის ეკლესია არის სივრცე, სადაც ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის უნდა ვილოცოთ“.

„რაც შეეხება ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესს, ეს არის სეკულარიზმის პრინციპით მოსაწესრიგებელი. ეკლესია თავად აირჩევს პატრიარქს. ეს არის ის წმინდა სივრცე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არასდროს არავინ შეეხება. ვინმემ ჩვენი ეკლესია თუ დაასუსტა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. საეკლესიო საკითხებზე როდესაც არის საუბარი, დამოუკიდებლობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეკლესიის შიგნით არავინ არ უნდა ჩაერიოს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის,  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.

გარდა ამისა, პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: „პეტერ მადიარმა უნგრეთში არჩევნები რითაც მოიგო, ჩვენ უკვე გავწერეთ სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომელზეც ცხრა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით. არჩევნებით აუცილებლად აირჩევა ახალი ხელისუფლება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე დავამარცხებთ და არჩევნებამდე მოვიპოვებთ დიდ უპირატესობას, რომელსაც რეჟიმი არჩევნებზე ვერ გააყალბებს“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პეტერ მადიარი – ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას

ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა და ქვეყნის მომავალმა პრემიერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.პეტერ მადიარმა მის წინამორბედს თანამდებობის დატოვებამდე ვეტოს მოხსნისკენ მოუწოდა.„ვიქტორ ორბანმა სესხი დეკემბერში დაამტკიცა, საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ნავთობი ვიდრე არ იქნება, ფულიც არ იქნება“, – აღნიშნა მადიარმა.მისივე თქმით, ნავთობის მიწოდების აღდგენა უნგრეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.პეტერ მადიარმა ასევე უახლოეს მომავალში რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.„მომდევნო 30 დღის განმავლობაში ორბანის მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების სახით იმოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, „დრუჟბა“ მუშაობას თუ განაახლებს, ვიქტორ ორბანი თავის ტექნიკურ ვეტოს მოხსნის“, – განაცხადა მადიარმა.ცნობისთვის, ფინანსურ სქემაზე ევროკავშირის 27 ლიდერი დეკემბერში შეთანხმდა, თუმცა პრემიერმა ვიქტორ ორბანმა თებერვლის შუა რიცხვებში სამართლებრივი პროცედურის დასაბლოკად ვეტო გამოიყენა. ამის მიზეზი კიევთან არსებული დავა გახდა, რომელიც „დრუჟბას“ ეხება. სწორედ ამ ნავთობსადენის მეშვეობით მიეწოდება უნგრეთს რუსეთიდან დაბალ ფასად ნავთობი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ონლაინ პლატფორმებისთვის ასაკის დადასტურების აპლიკაცია ტექნიკურად მზადაა და მალე ხელმისაწვდომი იქნება

ევროკავშირის ონლაინ პლატფორმებისთვის ასაკის დადასტურების აპლიკაცია ტექნიკურად მზადაა და მალე გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.ევროკავშირი შექმნის ევროპულ კოორდინაციის მექანიზმს, რათა ასაკის დადასტურება უზრუნველყოფილი იყოს შესაბამის ეროვნულ სქემებში.„პირველ რიგში, ის მომხმარებლისთვის მოსახერხებელია. თქვენ ატვირთავთ აპლიკაციას, აყენებთ მას თქვენი პასპორტით ან პირადობის მოწმობით. შემდეგ თქვენ ადასტურებთ თქვენს ასაკს ონლაინ სერვისებზე წვდომისას. მეორეც, ის პატივს სცემს მსოფლიოში უმაღლეს კონფიდენციალურობის სტანდარტებს. მომხმარებლები დაამტკიცებენ თავიანთ ასაკს სხვა პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ის სრულიად ანონიმურია. მომხმარებლების თვალყურის დევნება შეუძლებელია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს აპლიკაცია მშობლებს, მასწავლებლებსა და მზრუნველებს ბავშვების დასაცავად ძლიერ ინსტრუმენტს აძლევს.„ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობა გვექნება იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც არ სცემენ პატივს ჩვენი შვილების უფლებებს. ევროპის კავშირში ბავშვთა უფლებები კომერციულ ინტერესებზე მაღლა დგას და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ასე იყოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შალვა პაპუაშვილი – წლებია, ეკლესიის მიმართ „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებას ვაკვირდებით, ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით კამპანიას პატრიარქის, მოსაყდრის, ეკლესიის წინააღმდეგ

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, ამას, წლებია, ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით, გაშავების რა კამპანია ჰქონდათ პირდაპირ, პერსონალურად პატრიარქის, მოსაყდრის, ცალკეული მეუფეების, ეკლესიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს ჟურნალისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.„ვიცით, როგორი არის მათი დამოკიდებულება და მტრული პოლიტიკა. ამის ყველაზე დიდი დასტურია ის, რაც ხდებოდა გვარამიას ტელევიზიაში, რაც ხდება დღეს მათ სხვადასხვა ტელევიზიაში. ამიტომ ასეთი საუბარი მხოლოდ ერთ მეთოდს გვახსენებს, ეს არის ჩახუტებით დახრჩობა – ვითომ სიახლოვე გამოიჩინონ და სინამდვილეში უმტრონ ქართულ ეკლესიას. ამას თუ აპირებენ, არ ვიცი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს. არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.

გიორგი ვაშაძე – მსოფლიოში ყველა მაგალითი უნდა გავიზიაროთ, მაგრამ უკეთესი გავაკეთოთ, საქართველოში იქნება ქართული მიდგომები, რომელსაც მე ვეძახი იუსტიციის სახლის მიდგომას

ყველასთვის მაქვს შეთავაზება, რასაც ვეძახი იუსტიციის სახლის მიდგომას, ანუ მთელ მსოფლიოში საუკეთესო მაგალითებს ვნახულობთ და ვაკეთებთ იმაზე უკეთესს, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში იქნება ქართული მიდგომები, რომელიც ქვეყანას საბოლოო გამარჯვებას მოუტანს.„ჩვენ გვექნება კიდევ უფრო უკეთესი მიდგომები, ვიდრე სხვა ქვეყნებს ჰქონიათ. ეს იქნება ქართული მიდგომები, რომელიც ქვეყანას საბოლოო გამარჯვებას მოუტანს. მოვა დრო, ამ რეჟიმს ისევე ჩავაბარებთ წარსულს, როგორც ორბანი ჩაბარდა წარსულს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა მაგალითი უნდა გავიზიაროთ, მაგრამ უკეთესი გავაკეთოთ, რადგან განსხვავებული გარემო გვაქვს და ამას ე.წ. იუსტიციის სახლის მიდგომით აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიგა ბოკერია – არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება

უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებითი განსხვავებებია, მაგრამ ნებისმიერი წარმატებული კამპანია, ისეთი, როგორიც უნგრეთში ოპოზიციას ჰქონდა და გამარჯვება, რა თქმა უნდა, მაგალითია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.გიგა ბოკერია აცხადებს, რომ იზიარებს იმ გზას, რაზეც თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობდა.„ალიანსის ხედვაში, რომელიც წარმოვადგინეთ, არის მიქალაქეების იმ ხარისხის უმრავლესობის პოზიციის ჩამოყალიბება, ცვლილებების აქტიური მხარდაჭერის, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი, არა თუ ისეთი, რომელიც რომელიმე ევროპულ ქვეყანაში შეიძლება ყოფილიყო, არამედ აშკარა დიქტატორული კონტურების მქონე ივანიშვილის რეჟიმიც ვერ გაუძლებდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.კითხვაზე, როგორც მოხერხდება არჩევნებამდე ხელისუფლების შეცვლა, როგორც ამას თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება.„ყველაზე რელევანტური მაგალითი ჩვენივე ისტორიიდან არის საბჭოთა კომუნისტიური რეჟიმის დამარცხება, რომელიც არჩევნებით გაფორმდა, რომელშიც ეროვნულმა მოძრაობამ „მრგვალი მაგიდის“ ლიდერობით გაიმარჯვა, მაგრამ გარდატეხა მოხდა იქამდე და იმ ხარისხის გარდატეხა იყო, როცა საბჭოთა კომუნისტურ რეჟიმს ვითარების კონტროლი აღარ შეეძლო. ამას უნდა მივაღწიოთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: „პეტერ მადიარმა უნგრეთში არჩევნები რითაც მოიგო, ჩვენ უკვე გავწერეთ სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომელზეც ცხრა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით. არჩევნებით აუცილებლად აირჩევა ახალი ხელისუფლება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე დავამარცხებთ და არჩევნებამდე მოვიპოვებთ დიდ უპირატესობას, რომელსაც რეჟიმი არჩევნებზე ვერ გააყალბებს“.

ბოლო სიახლეები