ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025

ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ჩაეხსნა, მან ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ქართველი მოკრივე ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო ჩაეხსნა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

გურული 65 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, მას ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს.

„დავიწყებ მადლობით! პირველ რიგში, მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ჩემს ოჯახს, მადლობა ჩემს გულშემატკივარს, რადგან წლების განმავლობაში ვხედავ და ვგრძნობ უამრავ სითბოს, დაფასებას და სიყვარულს.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ნახევარფინალში ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ გავინაღდე ბრინჯაოს მედალი. თუმცა, სამედიცინო კვლევის, ექიმის და გუნდის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ვერ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ტრავმირებული ხელით მომიწია სამივე ბრძოლის ჩატარება. ბუნებრივია, ბრძოლიდან ბრძოლამდე იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ შეუძლებელი გახდა ჩემპიონატის გაგრძელება.

ექვსი წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დავბრუნებულვარ. ენით აუწერელი სიხარული და სიამაყეა, როდესაც კვარცხლბეკზე დგომისას ქართულ დროშას ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩვენი დროშა და ჩვენი სამშობლო. თუმცა ამჯერად მიზანშეწონილია, გავივიარო სრული რეაბილიტაცია, რაTa დაგიბრუნდეთ ბევრად ძლიერი. წინ დიდი გზა გვაქვს – პროფესიონალური კარიერა და მომავალი ოლიმპიური თამაშები 2028“, – წერს ლაშა გურული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ფავლენიშვილი – იმედია, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა იყო სინამდვილეში 4 ოქტომბრის გეგმა, რამ არ იმუშავა, რა იყო ის, რაც ღალატთან არის დაკავშირებული...

რამდენიმე ადამიანმა იცოდა მხოლოდ ამ გეგმის შესახებ, მისი დეტალები, – ასე უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა იცოდა, როდესაც 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციაზე მივიდა, რა გეგმა არსებობდა და რა გეგმით უნდა მომხდარიყო ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა.„ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და დღესაც ვსაუბრობდით, რომ იმედია, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა იყო სინამდვილეში ეს გეგმა, რამ არ იმუშავა, რა იყო ის, რაც ღალატთან არის დაკავშირებული აქციის ორგანიზატორებისთვის. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უფრო მეტი დეტალი გავიგოთ. რაც შეეხება ჩვენი მისვლის მიზეზს, რა მიზეზითაც მოვიდა საქართველოს ასი ათასი მოქალაქე, ის მიზეზი გვქონდა ჩვენც, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვართ. მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება, რაც გამოჩნდა, რადგან ოპოზიციური ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდა ამ ე.წ არჩევნებზე და გამოვიდა ქუჩაში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ერთმანეთში არკვიონ ვინ რა ფული „შეჭამა“, ვინ ვის უღალატა, რატომ უღალატა, ვიღაცა გაიქცა, ვიღაცა ვერ გაიქცა თუ როგორ, მაგრამ ეს ორი იქ შემორჩა იმიტომ,...

„ერთმანეთში არკვიონ ვინ რა ფული „შეჭამა“, ვინ ვის უღალატა, რატომ უღალატა, ვიღაცა გაიქცა, ვიღაცა ვერ გაიქცა თუ როგორ, მაგრამ ეს ორი იქ შემორჩა იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ მთავარი მახასიათებელი რევოლუციონერისა, ტვინი და სამართლებრივი განათლება...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 12 პირი დააკავა

შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 12 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 35 პირი.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში აქტიურად გრძელდება გამოძიება მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით.გამოძიების ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა კიდევ 12 პირი დააკავეს – ს.კ., ზ.ჭ., კ.კ., გ.ქ., გ.ყ., ს.ა., გ.კ., ა.ჩ., ლ.ჯ., ს.ტ., ლ.ი., და ბ.ქ.გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა, 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 35 პირი, რომელთა შორის არიან, როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები, რომლებმაც  კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო

2025 წლის 8 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, რეზოლუცია, რომელსაც საქართველო 2017 წლიდან წარადგენს და რომლის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა წარმოადგენს, პირველად გავიდა კონსენსუსით.„რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.რეზოლუციის კონსენსუსით მიღებით, ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოსადმი.რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.გასული წლის მსგავსად დოკუმენტში კვლავ აისახა ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2024 წლების გადაწყვეტილებები.საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრიტანეთის საელჩო – ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ჟენევაში გაერთიანებულმა სამეფომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ

გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. გაერთიანებულმა სამეფომ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული.საელჩოს ცნობით, „გაერთიანებული სამეფო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 60/16 რეზოლუციას – „საქართველოსთან თანამშრომლობა“ შესახებ“.„რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის შედეგად არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.ამასთან, როგორც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრიტანეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ „რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გააუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის“.„17 წლის განმავლობაში რუსეთი უკანონო სამხედრო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ეთნიკურ ქართველებს ართმევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს. რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გააუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის. ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, უნდა ჰქონდეს უფლება უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად დაბრუნდეს საკუთარ სახლში“, – განაცხადა სტივენ დაუთიმ.ცნობისთვის, 2025 წლის 8 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

ბოლო სიახლეები