ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი ოთარ ჭითანავა გარდაიცვალა.
ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.
ჭითანავა 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.
,,ოთარ ჭითანავას გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსათვის, თუმცა მისი ამ ქვეყნიდან წასვლა განსაკუთრებული ტკივილია სამეგრელოსათვის და ქალაქ ზუგდიდისათვის! იშვიათი ღირსებების ადამიანი, დარბაისელი, ტკბილად მოუბარი, ინტელიგენტი, ქვეყნისა და კულტურის მოამაგე, ახალგაზრდობის ქომაგი, დიპლომატიის ქურუმი, ყველა დაჩაგრულის შემწე, ყველა მოწადინებულის თანამდგომი, უაღრესად განათლებული…ამ საქებარი სიტყვების ნუსხა დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო.. ოთარ ჭითანავასთანა კაცები დღევანდელობას თითზე ჩამოსათვლელად შემორჩა, მისგან ყოველთვის ღირებული რჩევა შეგეძლო მოგესმინა, მისი ბრძენკაცული ქმედებებით კი მუდამ მოხიბლული რჩებოდი, ცალკე ამბავია ბატონი ოთარის მჭერმეტყველება და თამადობა… ეს იყო ქართული სულის ნამდვილი ზეიმი, ბატონი ოთარი გამორჩეული ქველმოქმედი და პატრიოტი გახლდათ, მისი წყალობით ზუგდიდის დადიანების სასახლეები უმძიმეს წლებში დანიავებას, ტერიტორიების დატაცებასა და გაპარტახებას ბევრჯერ გადაურჩა, მისი თანადგომით უცხოეთიდან მუზეუმმა არაერთი ძვირფასი ექსპონატი დაიბრუა.. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ბატონი ოთარის ამ ქვეყნიდან წასვლა მისი საყვარელი ზუგდიდისათვის დიდი დანაკლისი და ტკივილია! ცხონება თქვენს სულს, სამარადისო სხოვნა თქვენს სახელს და უკვდავება თქვენს ღირსეულ საქმეებს”-ამის შესახებ გიორგი კალანდია წერს.

