ხუთშაბათი, აპრილი 3, 2025

კრემლში აცხადებენ, რომ „შავი ზღვის ინიციატივის“ აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც დასავლეთი რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციებს მოხსნის

რუსეთში განაცხადეს, რომ „შავი ზღვის ინიციატივის“ აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც დასავლეთი რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნის.

ამის შესახებ ნათქვამია ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„1. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეთანხმების შესაბამისად, რუსეთისა და აშშ-ის მხარეები შეთანხმდნენ „შავი ზღვის ინიციატივის“ განხორციელებაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებას და კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთას, ამგვარი გემების შემოწმების გზით სათანადო საკონტროლო ზომების ორგანიზებით;

2. აშშ ხელს შეუწყობს რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის მსოფლიო ბაზარზე წვდომის აღდგენას, საზღვაო ტრანსპორტირების დაზღვევის ღირებულების შემცირებას, ასევე პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომის გაფართოებას ასეთი ტრანზაქციების ჩასატარებლად“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან ერთად, განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პუნქტები ძალაში შევა შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ:

„სანქციების მოხსნა „როსსელხოზბანკისა“ და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართული არიან საკვებით (მათ შორის თევზის პროდუქტებით) და სასუქებით საერთაშორისო ვაჭრობის ოპერაციების უზრუნველყოფაში, მათი SWIFT-თან მიერთება, საჭირო საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა;

სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების შეზღუდვების მოხსნა;

სანქციების მოხსნა საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე სადაზღვევო კომპანიებისთვის საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების ტვირთებთან მუშაობის შეზღუდვების მოხსნა;

პორტებში გემების მომსახურებაზე შეზღუდვების მოხსნა და სანქციების მოხსნა რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც ჩართული არიან საკვებით (მათ შორის თევზის პროდუქტებით) და სასუქებით ვაჭრობაში;

რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ასევე საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების წარმოებაში გამოყენებული სხვა საქონლის მიწოდებაზე შეზღუდვების მოხსნა“.

ამავდროულად, კრემლის განცხადებაში ვკითხულობთ: „რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ, შეიმუშაონ ზომები ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეთანხმების განსახორციელებლად, რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების აკრძალვის შესახებ 30 დღის ვადით, 2025 წლის 18 მარტიდან დაწყებული, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით და შეთანხმებიდან გასვლის უფლებით ერთ-ერთი მხარის მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში.

რუსეთი და აშშ მიესალმებიან მესამე ქვეყნების კეთილ ნებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ და საზღვაო სფეროებში შეთანხმებების განხორციელების მხარდაჭერას. რუსეთი და აშშ გააგრძელებენ მუშაობას მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანა დოლიძე – მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან არის ნაბიჯი ხალხისთვის, ვინც „კლანმა“ დააზარალა – ისინი მოხვდნენ სიაში, სადაც ტერორისტები და „თალიბანის“ ლიდერები არიან

მურუსიძე/ჩინჩალაძე მოხვდა იმ სიაში, სადაც არიან ტერორისტები და „თალიბანის“ ლიდერები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების: ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.დოლიძის თქმით, სანქციები ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ამზადებს გადაწყვეტილებებს სხვა პირებთან მიმართებაშიც.,,დიდმა ბრიტანეთმა დღეს დაასანქცირა მურუსიძე და ჩინჩალაძე. ბრიტანეთის სანქციები არის მთავარი წერტილი ფინანსური გარიგებების - ეს არ არის ვიზა, ეს არის ფინანსური სანქცია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი საბანკო სისტემა, ნებისმიერ კომპანიას შეეშინდება ამ სახელთან იყოს დაკავშირებული, რადგან მათ დაემუქრებათ მეორადი სანქციები.მათ გაუჭირდებათ საერთაშორისო მგზავრობა. ეს ნაბიჯი იმ ხალხისთვის არის, ვინც დააზარალა კლანმა წლების განმავლობაში, კონკრეტულად ამ ორი ადამიანის მმართველობამ. ბრიტანეთში არის ოფშორული ზონები, კაიმანის და ვირჯინიის კუნძული, სადაც არის რეგისტრირებული ასეულობით კომპანია, რომლებიც ცდილობენ გაექცნენ, მათ შორის საქართველოს საგადასახადო სისტემას.საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთში არის რეგისტრირებული „იმედი“, შემდეგ რეგისტრირებულია ნიდერლანდებში და ახლა ვმუშაობ, რომ მსგავსი პროცესი დაიწყოს „იმედთან მიმართებაში“. ასევე, ეს სანქციები ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ამზადებს გადაწყვეტილებებს სხვა პირებთან მიმართებაში. მურუსიძე/ჩინჩალაძე მოხვდა იმ სიაში, სადაც არიან ტერორისტები და "თალიბანის" ლიდერები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი“, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

📽️„ფრთხილად, თაღლითები! გააზიარეთ, რომ ყველამ გაიგოს! არავითარ შემთხვევაში, არ უკარნახოთ…“ – გაფრთხილება სოცქსელის მომხმარებლებს

ბლოგერი და ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომლითაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

იმ წლებში, როცა თითქოს კრიმინალურ სამყაროს ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმი, სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით საპატიმროებში ტერორს ახორციელებდა – სოზარ სუბარი

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილებოდა, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმროებში პატიმართა რაოდენობასა და იქ არსებულ პირობებზე ისაუბრა.მისივე თქმით, მაშინ როცა იმდროინდელი ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული კრიმინალურ სამყაროსთან, პატიმრებზე ტერორი სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით ხორციელდებოდა.„იმ წლებში, როცა იმდროინდელი ხელისუფლება თითქოს ებრძოდა „კრიმინალურ სამყაროს“, სწორედ მათი ხელით ტერორს ახორციელებდა სხვა პატიმრებზე.2004 წლის დასაწყისში იყო 6 ათასი პატიმარი. რამდენიმე წელიწადში კი, პატიმართა რაოდენობამ გადააჭარბა 24 ათასს, ანუ პატიმართა რაოდენობა რამდენიმე წელიწადში ექვსჯერ გაიზარდა. მაგალითად, მეხუთე საპყრობილეში იყო საკნები, სადაც 18 ან 20 საწოლი იდგა და 120-125 პატიმარი ჰყავდათ შესახლებული. ამ საკანში იყო ღია საპირფარეშო, არ იყო განიავების და დაბანის საშუალება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.მან აღნიშნული რეპლიკა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯემალ წიკლაურმა ე.წ. „შავი სამყაროს“ წარმომადგენლების მხრიდან მასზე ზეწოლაზე ისაუბრა. ჯემალ წიკლაურმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საკნის ე.წ. „მაყურებლები“ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რომ ხელი მოეწერა სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემაზე.„მაგარ ბიჭებს“ რომ ვეძახით, ზოგი საკნის მაყურებელი იყო, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე, რომ როგორმე მომეწერა ხელი იმ დოკუმენტზე, რომლითაც ჩემს ქონებას სახელმწიფოს გადავცემდი. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, როცა მათ შევხვდი, ვკითხე, რას მერჩოდით-თქო და მიპასუხეს, ასე რომ არ მოგქცეოდით, კარცერიდან თავს არ გამოგვაყოფინებდნენო“, - განაცხადა წიკლაურმა.

თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ახალგაზრდა ქალს  ეძებენ

თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ქალს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მდინარეში მშვიდობის ხიდიდან გადავარდა.შემთხვევა პირველ აპრილს მოხდა.

კიტ კელოგი – უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ახლოს არიან, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლა

უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ახლოს არიან, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლა, – ამის შესახებ უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.„ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ ყოვლისმომცველ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. როგორც კი ამას მივაღწევთ, ომის განახლება ძალიან რთული იქნება. აი, რისი მჯერა მე“, – განაცხადა კელოგმა.კელოგის თქმით, ახლა აუცილებელია შეთანხმების პირობების ჩამოყალიბება, სადაც მკაფიოდ იქნება მითითებული უკრაინისა და რუსეთის მოთხოვნები ომის დასრულებისთვის. კელოგის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განაგრძობს კონტაქტს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.მისივე თქმით, ტრამპი შეძლებს ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევას.„ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის ზღვარზე ვართ, მაგრამ ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა. ვერც ერთი მხარე ვერ მიიღებს ყველაფერს, რაც სურს. საჭირო იქნება რაღაც დათმობა, რომ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ამის გაკეთება“, – აღნიშნა კელოგმა.

ბოლო სიახლეები