პარასკევი, აპრილი 25, 2025

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი განაგრძობს შეერთებულ შტატებთან მუშაობას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად

რუსეთი განაგრძობს მუშაობას ამერიკულ მხარესთან, ჩვენ ორიენტირებული ვართ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელებაზე, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ და პრეზიდენტი პუტინი ვემხრობით მშვიდობის მიღწევას ჩვენი ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფით. ეს სავალდებულო პირობაა. ეს სამუშაო გრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.

​კრემლის სპიკერმა უარყო ის ფაქტიც, რომ რუსეთმა კიევის მიმართულებით თავდასხმა განახორციელა.

„არა, ეს სიცრუეა. უკრაინული მხარე განაგრძობს პროპაგანდას. ჩვენი სამხედროები განაგრძობენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, თავიანთი ამოცანების შესრულებას, რომლებიც მათ დაუსახა უმაღლესმა მთავარსარდალმა და ამ ჩარჩოებში ახორციელებენ დარტყმებს სამხედრო ობიექტებზე“, – დასძინა პესკოვმა.

ამასთან, დიმიტრი პესკოვის თქმით, ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, რომ უკრაინამ ყირიმი დიდი ხნის წინ დაკარგა, მათ აზრს შეესაბამება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მერაბ კოკოჩაშვილი 90 წლის გახდა

მერაბ კოკოჩაშვილი იუბილარია. რეჟისორი 90 წლის გახდა."სიმართლე გითხრათ, ასაკს ვერ ვგრძნობ. ვცდილობ, სპორტულად ვიცხოვრო.იმისთვის, რომ შინაგანი მხნეობა შეინარჩუნოთ, შრომაა საჭირო. ბუნებრივია, საყვარელი საქმის კეთებას ვგულისხმობ. თავიდანვე ვცდილობდი ის მეკეთებინა, რაც მიყვარდა."

მაია ბითაძე – საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის ენერგეტიკული ბაზრების დასაკავშირებლად

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის ენერგეტიკული ბაზრების დასაკავშირებლად, მათ შორის, აღსანიშნავია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები და ხელი შეუწყოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მაია ბითაძემ საპარლამენტო პლენუმის მონაწილეებს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა და ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განახლებად ენერგიაზე გადასვლის საკითხზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.„საქართველო, როგორც განახლებადი ენერგიის გამომუშავების ძლიერი პოტენციალის მქონე ქვეყანა, თანმიმდევრულად აახლოებს ეროვნულ ენერგეტიკულ პოლიტიკას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან. მათ შორის, 2024 წელს პარლამენტის მიერ მიღებულმა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულმა ინტეგრირებულმა გეგმამ განსაზღვრა 2030 წლის მიზნები – სათბურის აირების ემისიების შემცირების, განახლებადი ენერგიის ზრდისა და ენერგოსისტემების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.მისი თქმით, კლიმატის ცვლილების დაძლევის მიმართულებით საქართველოს ამბიცია ძლიერდება – 2025 წელს იგეგმება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლება და 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 47%-ით შემცირების მიზნის განსაზღვრა.ამასთან, საქართველო ნერგავს მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემას, რაც უზრუნველყოფს ემისიების გამჭვირვალე აღრიცხვას შესაბამის სექტორებში და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ემისიებით ვაჭრობას.მაია ბითაძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აქტიურად მუშაობენ „კლიმატის ცვლილების შესახებ“ კანონზე, რომელიც 2050 წლისთვის განსაზღვრავს კლიმატ-ნეიტრალურობის მიღწევის მიზანს.ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია 2017 წლის პირველი ივლისიდან და გაერთიანების სამდივნოსთან აქტიური თანამშრომლობით შესაბამის რეფორმებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო მიმდინარე წელს ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.

ირაკლი ღარიბაშვილი – „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან, ძლიერ პოლიტიკურ ძალად, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა გარანტი

დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა.„მისი ლიდერობით კი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანასა და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ამავდროულად, მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით. ამ ფონზე, მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას, ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო. რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვარის, იდეალების, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება, შესაბამისად, ვრჩები, როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად! მსურს ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიდან მემსახურა საქართველოსთვის! წარმატებებს ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და მთლიანად „ქართული ოცნების“ დიდ გუნდს! მადლობა ქართული ოცნების წევრებს, მომხრეებს, მხარდამჭერებს, იმ უზარმაზარ არმიას ვისთან ერთადაც ამდენი გამარჯვება ვიზეიმეთ! მადლობა საჯარო მოხელეებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ხალხს! მჯერა,  „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და პარალელურად უზრუნველყოფს საქართველოს ევროპულ მომავალს, შექმნის შესაბამის პირობებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და სტაბილური განვითარებისთვის! უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

ირაკლი ღარიბაშვილი – ყოველთვის, ყველა თანამდებობიდან ერთგულად, უკომპრომისოდ ვიცავდი ეროვნულ ინტერესებს, პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ქვეყნისა და პარტიის წინაშე

მეამაყება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ჩემი საქმიანობის პერიოდში თავდაუზოგავად ვიშრომე, გუნდთან ერთად ბევრი საქმეც გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ იცავდა ეროვნულ ინტერესებს.„დღეს მინდა, გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, არსებულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გავცე! დღემდე, თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა – ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას, შესაბამისად ჩემი მთავარი მოტივაციაც ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე ძლიერი და გულწრფელი სურვილი რომ ერთი მყარი აგური დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. 2011 წლის ოქტომბერში მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და მის პოლიტიკურ გუნდში გავერთიანდი. მაშინ ჩემი ოჯახი ძალიან დაზარალდა, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი ჩემი გადაწყვეტილების გამო უკანონოდ ჩასვეს ციხეში და სააკაშვილის რეჟიმს ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად, მძევლად ჰყავდა აყვანილი და გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო ჩვენი ბრძოლა, ჩვენ ოჯახის წევრს დავკარგავდით, მას ციხეში მოკლავდნენ და ალბათ, მეც დიდი ხნით მომიწევდა ციხეში წასვლა. რაც ყველაზე მთავარია, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. მადლობა ღმერთს, საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა ჩვენი პარტიის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა და საკუთარი ხალხის მტერი და ეროვნული ინტერესების მოღალატე, მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, წილად მხვდა პატივი ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად, აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში, სხვადასხვა დროს ორჯერ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ხოლო ბოლო ერთ წელიწადზე მეტია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციიდან ვემსახურები საქართველოს.ნამდვილად მეამაყება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ჩემი საქმიანობის პერიოდში თავდაუზოგავად ვიშრომე, გუნდთან ერთად ბევრი საქმეც გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ – სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად უზრუნველვყავით მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება, გავაძლიერეთ და გავამყარეთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მე ყოველთვის, ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შევძელი და მოვახერხე, უფლის შეწევნითა და წყალობით, პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ასევე პარტიის წინაშე, რითაც ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში. არაერთხელ მითქვამს, რომ არც ერთი თანამდებობა არ არის მარადიული და არც ერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი, ეს ჩემთვის ყოველთვის საკუთარი სამშობლოსა და ხალხის მსახურების შესაძლებლობა იყო! ასე მივიჩნევდი 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავტოვე და პოლიტიკიდან გავედი! ასე იყო მაშინაც, როდესაც 2019 წელს პოლიტიკაში დავბრუნდი და „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად დაწყებული საქმე განვაგრძე, ასე იყო შარშან, როდესაც მეორედ დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ასეა დღესაც, როდესაც მეორედ ვტოვებ პოლიტიკას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლო სიახლეები