ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

კრემლი – პუტინისა და ტრამპის საუბრის დროს აღინიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა უნდა იყოს კიევისთვის საგარეო სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის შეწყვეტა

ტრამპის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რუსულმა მხარემ აღნიშნა რიგი საკითხები, რომლებიც ეხება საბრძოლო ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფას, ასევე უკრაინელების იძულებითი მობილიზაციისა და სამხედროების გადაიარაღების შეჩერებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

„ასევე აღინიშნა სერიოზული რისკები, დაკავშირებული კიევის რეჟიმის შეთანხმების უუნარობასთან, რომელმაც უკვე არაერთხელ ჩაშალა და დაარღვია მიღწეული შეთანხმებები. ყურადღება გამახვილდა კურსკის ოლქის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინელი მებრძოლების მიერ ჩადენილ ბარბაროსულ ტერორისტული ხასიათის დანაშაულებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია. ვლადიმერ პუტინმა მადლიერება გამოხატა დონალდ ტრამპის მიმართ საბრძოლო მოქმედებებისა და ადამიანური დანაკარგების შეწყვეტის კეთილშობილური მიზნის მიღწევისკენ სწრაფვისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, საგულდაგულოდ შეისწავლოს მოგვარების შესაძლო გზები, რომელიც უნდა იყოს კომპლექსური, მდგრადი და გრძელვადიანი ხასიათის. და რა თქმა უნდა, გაითვალისწინოს კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობა და რუსეთის კანონიერი ინტერესები უსაფრთხოების სფეროში“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

კრემლის ცნობით, საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით საკვანძო პირობა უნდა იყოს საგარეო სამხედრო დახმარებისა და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეწყვეტა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპის ბოლო მოწოდებასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნონ სიცოცხლე კურსკის ოლქში ალყაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ რუსული მხარე მზადაა, იხელმძღვანელოს ჰუმანიტარული მოსაზრებებით და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების სიცოცხლისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას აძლევს რუსეთის კანონებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. რუსული მხარის ცნობით, საუბრისას დონალდ ტრამპმა წამოაყენა წინადადება, რომ კონფლიქტის მხარეებმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებზე 30 დღით უარი თქვან. ვლადიმერ პუტინი ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა და რუს სამხედროებს მაშინვე მისცა შესაბამისი ბრძანება. რუსეთის პრეზიდენტი ასევე კონსტრუქციულად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ იდეას შავი ზღვის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების შესახებ ცნობილი ინიციატივის განხორციელების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამგვარი შეთანხმების კონკრეტული დეტალების დამატებითი შემუშავებისთვის“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

კრემლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ასევე ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია, რომ 19 მარტს რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა განხორციელდება – 175/175-ზე. კრემლის ცნობით, გარდა ამისა, კეთილი ნების ჟესტად, უკრაინულ მხარეს გადასცემენ რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ მყოფ 23 მძიმედ დაჭრილ უკრაინელ სამხედროს. კრემლის განცხადებით, ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მისაღწევად ორმხრივ რეჟიმში, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ზემოაღნიშნული წინადადებების გათვალისწინებით და ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული ექსპერტთა ჯგუფები.

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ასევე შეეხნენ საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა საკითხებს, მათ შორის ვითარებას ახლო აღმოსავლეთში და წითელი ზღვის რეგიონში. კრემლის ცნობით, ერთობლივი ძალისხმევა განხორციელდება კრიზისულ წერტილებში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის დასალაგებლად. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ზოგადი ატმოსფეროს გაუმჯობესებას.

ამის ერთ-ერთ დადებით მაგალითად კრემლის განცხადებაში დასახელებულია გაერო-ში სოლიდარული კენჭისყრა უკრაინის კონფლიქტის შესახებ რეზოლუციაზე. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის დროს ორმხრივი ინტერესი გამოითქვა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე რუსეთისა და შეერთებული შტატების განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

კრემლის ცნობით, ამ კონტექსტში განიხილებოდა სფეროების ფართო სპექტრი, რომლებშიც ორ ქვეყანას შეუძლია თანამშრომლობის დამყარება. განხილულ იქნა ეკონომიკასა და ენერგეტიკაში ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პერსპექტივა. რუსული მხარის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის იდეას, მოეწყო ჰოკეის მატჩები აშშ-სა და რუსეთში რუს და ამერიკელ მოთამაშეებს შორის. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, შეინარჩუნონ კონტაქტი ყველა წამოჭრილ საკითხზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დღენახევარია ოპოზიციაშია და პარლამენტიდან არ გამოდიან, რაღაცა ქნას, ან პარლამენტიდან გამოვიდეს ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვას ან ერთიანობას დათანხმდეს – ლევან ხაბეიშვილი გახარიას გუნდზე

ოპოზიციაში უთანხმოება და დაპირისპირება გრძელდება - "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ამჯერად მწვავედ აკრიტიკებს გიორგი გახარიას გუნდს.ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "გახარია საქართველოსთვის" წევრები ან პარლამენტიდან უნდა გამოვიდნენ, ან ოპოზიციის კრიტიკას შეეშვან, ან ერთიანობას დათანხმდნენ. ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს - ვინ არის რეალურად ოპოზიცია."ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. გამორიცხულია, "ნაციონალური მოძრაობა" უკვე წლების განმავლობაში ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად "ნაციონალურ მოძრაობას" ესხმიან თავს. შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმის პოზიციაზე და არა ის, რომ ჩვენ ყველას ვეძახოთ და ვეფეროთ, თქვენი ჭირიმე 13 წელია ჩვენს კისერზე წისქვილის ქვა დატრიალდა, თქვენ აგერ ორი დღეა ოპოზიციაში ხართ, მოდი ერთიანები ვიყოთ და იმათ ქვა-ტალახი გვესროლონ, არ გამოვა ჯიგრებო ეგრე.რა არის დასამალი, დღენახევარია ოპოზიციაშია და პარლამენტიდან არ გამოდიან. რაღაცა ქნას, ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვას, ან ერთიანობას დათანხმდეს.სალომემ საერთოდ განაცხადა, რომ დაქსაქსულობა ყოფილა კარგი და ერთიანობა ცუდიაო, ეს მიუღებელია. წადი კითხე სალომეს, ერთიანობაა კარგი თუ კოორდინაცია, თუ იტყვის, რომ კოორდინაციაო, კარგად იყოს", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ ვიცი, როგორი საუბრები აქვთ ამერიკელებს რუსებთან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, არ დავუშვებთ, ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს

როგორი საუბრები აქვთ ამერიკელებს რუსებთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ, ჯერჯერობით არ ვიცი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ზელენსკი ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ცნობილია თუ არა მისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის განხილვის დეტალები დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის ბოლო საუბრის დროს.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს საკითხი, ზოგადად, განიხილებოდა უკრაინელებისა და ამერიკელების შეხვედრამდე და საუდის არაბეთში შეხვედრის დროს.„ეს ჩვენი ელექტროსადგურია, ჩვენს გარეშე ის ვერ იმუშავებს. ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, რუსებს ძალიან სურთ, რომ ის ჩვენ გარეშე მუშაობდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი ექვსი ბლოკი. უკრაინული მხარე არ დაუშვებს, რომ ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ცდილობს ამაში „ჩაითრიოს” ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც, მაგრამ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ამ დრომდე არ ღალატობს უკრაინას.

დავით ჩიხელიძე: FARA-მ კიდევ ერთი უსამშობლო გამოავლინა, გილაური საქართველოს დასაზიანებლად ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს იხდის! ახლა გასაგებია რატომ ხდება აშშ-ს მოქალაქეების მიერ მთავრობის მადისკრედიტირებელი...

ახლა გასაგებია რატომ ხდება აშშ-ს მოქალაქეების მიერ მთავრობის მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთება, ეს არა მათი გულწრფელი პოზიცია არამედ გილაურის, კეზერაშვილის და მავანთა ფულით ნაყიდი განცხადებებია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს! - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ნიკა გილაურმა ლობისტებს 6 თვეში 600 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, გილაურის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა, რომელსაც საქართველოს, გარე ჩარევებისგან დაცვა შეუძლია.„FARA-მ კიდევ ერთი უსამშობლო გამოავლინა, გილაური რომელიც პატრიოტიზმზე გვესაუბრება, საქართველოს დასაზიანებლად ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს იხდის! აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის, თანახმად ნიკა გილაურის კომპანიამ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებისთვის 600 000 დოლარი გადაიხადა. თანამშრომლობა რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის შეხვედრებს, აშშ-ში საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებას, მხარდამჭერ ქმედებებს და ა.შ. ახლა გასაგებია რატომ ხდება აშშ-ს მოქალაქეების მიერ მთავრობის მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთება, ეს არა მათი გულწრფელი პოზიცია არამედ გილაურის, კეზერაშვილის და მავანთა ფულით ნაყიდი განცხადებებია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს! გილაურის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა, რომელსაც საქართველოს, გარე ჩარევებისგან დაცვა შეუძლია. დღეს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ასობით უცხოური ფონდი თუ კერძო პიროვნება აფინანსებს, ფინანსების ნაწილი გაუმჭვირვალეა, რომლის დიდი ნაწილი არა სამოქალაქო სექტორის თუ კონკრეტული დარგების განვითარებას, არამედ ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება“, - წერს დავით ჩიხელიძე.

გერმანული გამოცემა: კაია კალასს საქმეები კარგად არ მისდის

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი საკუთარ მოვალეობას კარგად ვერ ასრულებს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung (FAZ) ავრცელებს.გამოცემა აღნიშნავს, რომ ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კალასის ინიციატივა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ჩავარდა.მიუხედავად იმისა, რომ კალასმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის გეგმას წევრ სახელმწიფოებში დიდი მხარდაჭერა აქვს, გერმანული გამოცემა აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ გეგმა დეტალებისა და ტექნიკური საკითხების დახვეწას საჭიროებს, რამდენიმე ქვეყანა მას პრინციპულად ეწინააღმდეგება.„ინიციატივას ეწინააღმდეგება არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია. ეს ქვეყნები დიდი შენატანის გაკეთებას მკვეთრად ეწინააღმდეგებიან. ჯერ-ჯერობით უკრაინისთვის მათი ერთობლივი დახმარება დანიაზე ნაკლებს წარმოადგენს“, - წერს გამოცემა.როგორც გამოცემა იუწყება, უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივა მის წინამორბედს, ჟორეფ ბორელს ეკუთვნოდა, თუმცა კალასმა თანამდებობის დაკავებისთანავე ის უარყო. გერმანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ კალასმა ეს თემა კვლავ გახადა აქტუალური მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ.„ზოგი დიპლომატი ამტკიცებს, რომ ის უკეთ უნდა მომზადებულიყო, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებსაც ბორელთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ“, - წერია სტატიაში, სადაც სავარაუდოდ ბორელის კარგი კავშირები სამხრეთევროპულ ქვეყნებთან იგულისხმება.კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კალასის სისუსტეზე მეტყველებს, გამოცემის აზრით, არის ევროკავშირის სურვილი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის შესახებ, სადაც დღესდღეობით შუამავლის როლს მხოლოდ აშშ ასრულებს.„ზოგი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა თავად ჩამოიშორა საკუთარი თავი, რადგან ვაშინგტონს ძალიან აკრიტიკებდა. მან ტრამპის ზეწოლას უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით „ბინძური გარიგება“ უწოდა და როცა ვაშინგტონში ჩავიდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მასთან შეხვედრა გადატვირთული გრაფიკის გამო გააუქმა. კალასმა ისიც ვერ მოახერხა, რომ აშშ-ის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელთან გაემართა შეხვედრა“, - წერს გამოცემა.

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ფაქტს ეხმაურება .„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ოპოზიციური პარტიებისა და ლიეტუვას ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის თბილისში, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ცალკეული მედიის წარმომადგენლების არ დაშვების ფაქტს.სახალხო დამცველს სხვადასხვა პერიოდში შეუფასებია, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებსა თუ მუნიციპალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის პრაქტიკა.სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას, გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია რაც თავის მხრივ, აუცილებელი პირობაა საზოგადოების თვითგამორკვევისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მოუწოდებს ყველა მხარეს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების თანაბარი დაშვება ღონისძიებებზე, რომლებიც საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რათა არ შეიზღუდოს საზოგადოების უფლება, მიიღოს მრავალმხრივი ინფორმაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები