ხუთშაბათი, აგვისტო 20, 2026

კონგრესმენი ჯო უილსონი – სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ვაფასებ მის სიმამაცეს, რადგან უპირისპირდება არალეგიტიმურ მთავრობას

ვაფასებ სალომე ზურაბიშვილის სიმამაცეს, რადგან ის უპირისპირდება არალეგიტიმურ მთავრობას, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

„სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს, რადგან ის უპირისპირდება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს საქართველოს თავს მოახვიოს რუსეთის მარიონეტი პრეზიდენტი. აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება“, – წერს ჯო უილსონი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ღარიბაშვილი – მე არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს, ამიტომ თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯზე იძულებული ვიქნები, სარკისებურად გიპასუხოთ

მივმართავ ხელისუფლებას, თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში​ წერს.„მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. ვუყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ სულ ტყუილად წვალობთ. ეს წერილი მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა ჩემი ოჯახის წევრს. ის ადამიანი აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდა ამ შარში, ამიტომ, შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს. რაც შეეხება მდინარაძეს, მას თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.საზოგადოებას მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ უკვე რვა თვეა, მდუმარედ ვზივარ ციხეში. არავის ჩემი ერთი სიტყვა არ სმენია საჯაროდ. არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ახლა მივმართავ ხელისუფლებას: თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, სახლში შემომივარდით როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს… მთელი ეს საშინელი ტკივილი და ტრაგედია, ყველაფერი მოთმინებით და მდუმარებით, ჩემს გულში დავიტიე, ბიძინა ივანიშვილთან ჩემი ოცწლიანი ურთიერთობის გამო, ჩემი მისდამი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების ძალით… აგრეთვე ჩემი პოლიტიკური ოჯახის, გუნდისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო, უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და საკუთარი ფეხით წავედი თქვენს მიერ მოწყობილ დაუნდობელ სამსხვერპლოზე. შედეგად, ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის.ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე. ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა — უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით.თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ“ და სხვა გზა არ დამიტოვეთ… მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯზე იძულებული ვიქნები, სარკისებურად გიპასუხოთ.რაც შეეხება თქვენს მიერ ორგანიზებულ უღირს და ცილისმწამებლურ კამპანიას სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიაში, თქვენი ექსპერტების და სპიკერების ცრუ მოსაზრებებს და ნარატივებს, მე ერთს გეტყვით: ფრთხილად იყავით — მალე შეგრცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ. თქვენ ყველა კარგად მიცნობთ; მე ისევ ის ირაკლი ღარიბაშვილი ვარ, ვინც ვიყავი, ისევ იმ სუფთა გულით ვარ, რა გულითაც და როგორი ერთგულებითაც ვემსახურე ჩვენს სამშობლოს, თქვენ ყველასა და მთელ გუნდს. სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე. მე „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა“… არასოდეს წავსულვარ და არც წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გაჩერდით და დადუმდით!და ბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო: მე არავის არ ვებრძვი და არც არავის წინააღმდეგ ვიბრძვი; მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“.

გივი მიქანაძე – ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში იქნება სარეალიზაციო პუნქტი, სადაც ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს – ასევე, ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა

საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალი კვირიდან გახდება.ამასთან, მიქანაძემ აღნიშნა, რომ „მომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს.„საცალო ვაჭრობის გადახდისას, თუ ონლაინ შეძენისას, სხვადასხვა ბანკის მიერ მოქმედებს საშეღავათო „ქეშბექ“ პოლიტიკა, რომელზეც ასევე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია,“ - აღნიშნა მიქანაძემ.

სტუ-ის რექტორი გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, შემოქმედებით და სამეცნიერო წარმატებებს, ახალი თაობების აღზრდისა და ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში კვლავაც აქტიურ და ნაყოფიერ მოღვაწეობას უსურვებს.მილოცვის ტექსტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ბატონო ელგუჯა,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების სახელით გილოცავთ 80 წლის იუბილეს!დღევანდელი დღე ჩვენთვის არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ სამეცნიერო, სამხედრო-საინჟინრო და სახელმწიფოებრივი გზისთვის, რომელიც თქვენ განვლეთ და რომლის თითოეული ეტაპი საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და თავდაცვისუნარიანობის განვითარების ისტორიასთან არის დაკავშირებული.ქართველი მეცნიერისა და სამხედრო მოღვაწის, სამხედრო მეცნიერებათა და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, გენერალ-მაიორისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის სახელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიამაყით უკავშირდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქართულ საინჟინრო სკოლას, რომელსაც დღემდე ემსახურებით.1999 წლის 23 ივლისს ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გასვლა ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მისი გაშლისა და გამოცდების დასრულების შემდეგ, 28 ივლისს, ობიექტის ორბიტაზე გადასვლამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა იმ ცოდნის, გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის მასშტაბი, რომელსაც თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენ მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული პროფესიული სკოლა ფლობდა.თქვენი მოღვაწეობის შეფასებისას შეუძლებელია არ აღინიშნოს ის სახელმწიფოებრივი აღიარება, რომელიც სხვადასხვა წლებში დაიმსახურეთ. თქვენ ხართ უმაღლესი სახელმწიფო სამხედრო ჯილდოს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი; დაჯილდოებული ხართ ღირსების ორდენით საქართველოში კოსმოსური სისტემების მიწისზედა სასტენდო კომპლექსის შექმნისა და განსაკუთრებულ პირობებში მისი გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის; ხართ საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის მედლის მფლობელი კოსმოსურ მექანიკაში მიღწევებისთვის, აგრეთვე მედლების - „შრომითი მამაცობისათვის“ და „საბრძოლო დამსახურებისათვის“ , ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს, გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლის კავალერი. თქვენი დამსახურება აღნიშნულია ცხრა საუწყებო და საერთაშორისო ორგანიზაციის მედლითაც.თქვენი ღვაწლის აღიარებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება აქვს - საზოგადოების სიყვარული და პატივისცემა. თქვენ ხართ მცხეთის, თბილისის და ბათუმის საპატიო მოქალაქე. ეს ტიტულები გამოხატავენ ნდობასა და პატივისცემას, რომელსაც საზოგადოება იმ ადამიანების მიმართ ავლენს, ვინც საკუთარი ცოდნა და სიცოცხლის საუკეთესო წლები ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა.განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიგელსაც, რომელიც თქვენ თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისთვის გადმოგეცათ.ბატონო ელგუჯა,თქვენმა საქმიანობამ გვაჩვენა, რომ პატარა ქვეყანასაც შეუძლია შექმნას დიდი სამეცნიერო კონცეფცია, განახორციელოს რთული ტექნოლოგიური პროექტი და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი აკადემიური საზოგადოების წევრია ადამიანი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ქართული კოსმოსური ტექნიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები. ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია თქვენი გამოცდილება, თქვენი მეცნიერული ხედვა და ის დამოკიდებულება, რომლითაც ყოველთვის ემსახურებოდით ახალგაზრდა თაობის განათლებასა და პროფესიულ ჩამოყალიბებას.ბატონო ელგუჯა, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს საქართველოსა და ქართული მეცნიერების სამსახურში“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მილოცვის ტექსტში.

აშშ-ის საელჩო – თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო, ასე იქცა უნიკალური ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის საერთო გზავნილის ნაწილად

დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ“ კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საეჩო სოციალურ ქსელში წერს.როგორც საელჩო წერს, 1977 წლის 20 აგვისტოს ფლორიდის შტატის კეიპ კანავერალის კოსმოსური ცენტრიდან NASA-მ გაუშვა ხომალდი Voyager 2, რომელმაც შორეულ კოსმოსში „ოქროს ფირფიტა“ წაიღო.„ეს ფირფიტა წარმოადგენდა ერთგვარ გზავნილს დედამიწიდან, იმ შემთხვევაში, თუ როდისმე მას სხვა ცივილიზაცია აღმოაჩენდა. მასზე ჩაწერილი მუსიკით, ფოტოებითა და მისასალმებელი სიტყვებით, მპოვნელი შეძლებდა გაეგო, თუ როგორი იყო სამყარო, საიდანაც ეს ხომალდი გაუშვეს. სწორედ ამერიკელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ ეგზემპლარებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო”. ასე იქცა უნიკალური ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის საერთო გზავნილის ნაწილად“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის, დოქტორანტ დემეტრე ჯანჯალაშვილის შემადგენლობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „საქართველოს მთიანი რეგიონების ღვარცოფული კერების საინჟინრო კვლევა“ - ფარგლებში, პირველ საერთაშორისო კონფერენციაში - "ნიადაგის დეგრადაცია და აღდგენა - მეცნიერება, მართვა და განვითარება", მიიღო მონაწილეობა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია ესპანეთში, ვალენსიის უნივერსიტეტში გაიმართა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები მონაწილეობდნენ.პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ირმა ინაშვილის თქმით, საერთაშორისო კონფერენციის ძირითად სამეცნიერო მიზანს წარმოადგენდა გლობალურ დონეზე ნიადაგის დეგრადაციის მრავალკომპონენტიანი პროცესების კომპლექსური ანალიზი, საერთაშორისო აკადემიურ წრეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისთვის ეფექტური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება.„კონფერენციის შვიდდღიანი პროგრამა მოიცავდა სამდღიან ინტენსიურ აკადემიურ სესიებსა და ოთხდღიან საველე-კვლევით სამუშაოებს, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა ადგილზე შეეფასებინათ ნიადაგის დეგრადაციის პრაქტიკული მაგალითები და აღდგენის ინოვაციური, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდები. აღნიშნული თემატიკა განსაკუთრებულ, სტრატეგიულ აქტუალურობას იძენს საქართველოსთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კლიმატის გლობალური ცვლილებისა და ანთროპოგენური ზემოქმედების ინტენსიფიკაციის ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე კატასტროფულად გააქტიურდა ბუნებრივი საშიში პროცესები. განსაკუთრებით საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია წყლისმიერმა ეროზიამ, რასაც თან სდევს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის სტრუქტურული დენუდაცია და სასოფლო-სამეურნეო თუ ტყის სავარგულების გამოფიტვა და რღვევა. ამასთანავე, ქვეყნის მაღალმთიან და მთისწინეთის რეგიონებში, მათ შორის აჭარაში, გურიაში, რაჭაში, მცხეთა-მთიანეთსა და სვანეთში, მკვეთრად გაიზარდა ღვარცოფული ნაკადების, მეწყრული პროცესების, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების სიხშირე. აღნიშნული კატასტროფული მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და რეგიონულ ეკოსისტემებს. ამდენად, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დისტანციურ ზონდირებაზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების სისტემების (Early Warning Systems - EWS) დანერგვა და ნიადაგის აღდგენითი ღონისძიებების მეცნიერულად დასაბუთებული დაგეგმვა ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.როგორც ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ბზიავა აცხადებს, კონფერენციის აკადემიურ სესიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის და ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის გაერთიანებულმა სამეცნიერო ჯგუფმა წარადგინა სამეცნიერო მოხსენება თემაზე - „SAR რადარული უკუგაბნევისა და ოპტიკური ინდექსების ინტეგრაცია ღვარცოფით გამოწვეული ნიადაგის დეგრადაციის შეფასებისთვის: ხულოს მუნიციპალიტეტის მაგალითზე“.„სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილ კვლევაში განხორციელდა Sentinel-1-ის სინთეზირებული აპარატურის რადარული (SAR) მონაცემებისა და Sentinel-2-ის ოპტიკური დისტანციური ზონდირების მრავალსპექტრული ინდექსების სიღრმისეული სინთეზი და ინტეგრირებული ანალიზი. შემუშავებულმა ინოვაციურმა მეთოდოლოგიამ აჩვენა კოსმოსური მონიტორინგის მაღალი სიზუსტე და ეფექტურობა რთული რელიეფური პირობების მქონე რეგიონებში ღვარცოფული კერების იდენტიფიცირების, მათი დინამიკის პროგნოზირებისა და ნიადაგის საფარის დაზიანების ხარისხის შეფასების მიმართულებით. აღნიშნულმა შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და დარგობრივი ექსპერტების მხრიდან უმაღლესი შეფასება და დიდი ინტერესი დაიმსახურა. სტუ-ის სამეცნიერო ჯგუფის სახელით მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ზურაბ გვიშიანს, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილისა და უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სტრუქტურული უწყებების წარმომადგენლებს“, - აცხადებს კონსტანტინე ბზიავა.სტუ-ის ინფორმაციით, აკადემიურ სესიების პარალელურად უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები გამართა ვალენსიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. კერძოდ, ვალენსიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ ალბერტ მონკუზთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, პროფესორ მარია ხოსე კოპერიას-აგუილართან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან. სამეცნიერო მივლინების პერიოდში ქართველ მეცნიერთა გუნდმა ასევე დაამყარა მჭიდრო პროფესიული და პარტნიორული კონტაქტები გარემოსდაცვითი ინჟინერიის, ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის დარგის წამყვან საერთაშორისო მკვლევარებთან და ექსპერტებთან. სამეცნიერო მივლინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული შედეგია სტუ-ის დელეგაციის კონფერენციის მთავარ ორგანიზატორთან, ცნობილ ესპანელ მეცნიერთან, პროფესორ არტემი სერდასთან შეხვედრა რა დროსაც მხარეებმა გლობალური სამეცნიერო ფორუმის მომდევნო ეტაპის საქართველოში ჩატარების ინიციატივა განიხილეს.

ბოლო სიახლეები