სამშაბათი, მარტი 10, 2026

კირ სტარმერი – გაერთიანებული სამეფოს პრემიერი გადაწყვეტილებებს იღებს ჩვენი ღირებულებების, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე

ფუნდამენტური პრინციპია, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იღებს. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გააკეთა.

კირ სტარმერის განცხადებით, ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ბრიტანეთის მთავრობას ეკისრება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს „ფუნდამენტური პრინციპი“ ყველამ ნათლად გაიგოს.

„ბრიტანეთის ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. ასე მივუდექი ყველა საკითხს და ყველა გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც მომიწია. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი – გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების გამოყენებით, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპი ძალიან ნათლად გავიგოთ“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

თუმცა, დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ლონდონი არ წყვეტს ახლო აღმოსავლეთში ამერიკელებთან თანამშრომლობას.

„აშშ და დიდი ბრიტანეთი ყოველდღიურად ერთად მუშაობენ, როგორც ყოველთვის, და, ცხადია, ირანთან დაკავშირებით. აშშ ახლა იყენებს ბრიტანულ საჰაერო ბაზებს ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. რეგიონში ყოველდღიურად ხდება დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება. ჩვენი სამხედრო პერსონალი და აშშ-ის სამხედრო პერსონალი ერთად არიან განლაგებული ერთსა და იმავე ადგილებში, ერთსა და იმავე ბაზებზე და ორივე, როგორც აშშ, ასევე დიდი ბრიტანეთი, ამ ბაზების დასაცავად ერთად მუშაობენ“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი და, ლონდონსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ფონზე, ორი ქვეყნის ერთობლივი ქმედებები განიხილა.

„ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან დისკუსია მიმდინარეობს ყველა დონეზე, მუდმივად, ყოველდღე. ასეთია ურთიერთობის ბუნება“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

გარდა ამისა, სტარმერმა აღნიშნა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში ომი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ დიდ ბრიტანეთს ეკონომიკური ზიანი მიადგეს. როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერი აცხადებს, ომი ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობაზე იმოქმედებს. თუმცა, მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობა ამის თავიდან ასაცილებლად მუშაობს.

„ვაფასებთ რისკებს, ვაკვირდებით და ვესაუბრებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, ადამიანებზე და, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბიზნესებზე პოტენციური ზეგავლენის შესამცირებლად, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ეს სამუშაო აუცილებელია, რადგან ადამიანები იგრძნობენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო იზრდება უარყოფითი ზემოქმედების პოტენციალი ჩვენს ეკონომიკაზე, ასევე იზრდება გავლენა ყველა ადამიანის ცხოვრებასა და ბიზნესზე. ჩვენი საქმეა, რომ ამას წინ აღვუდგეთ, შევაფასოთ რისკი და სხვებთან ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, „ზოგიერთი ადამიანი“ შეეცდება, კონფლიქტი დიდ ბრიტანეთში „თემებისა და ხალხის გასაყოფად“ გამოიყენოს, რაც მისივე თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ არ უნდა დაუშვას.

„ახლა დროა, გავერთიანდეთ, როგორც ქვეყანა, დავიცვათ ჩვენი პრინციპები და ღირებულებები და არ მივცეთ ხალხს საშუალება, რომ გაგვყოს“, – განაცხადა სტარმერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო რეკომენდაციების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, საქართველოს კვლავ პირველი დონის, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი აქვს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო რეკომენდაციებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა.რუკაზე საქართველო კვლავ პირველი დონის, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვის რეკომენდაცია ეძლევათ.თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების მე-4 დონეა და ამ რეგიონებში გამგზავრება არ შეიძლება, რამდენადაც არის მაღალი რისკი კრიმინალის, სამოქალაქო არეულობის, ნაღმების. ამ რეგიონებში დგანან რუსეთის შეიარაღებული ძალები. რთულია ადმინისტრაციული საზღვრების იდენტიფიცირება, რის გამოც ამ ზონებში გადაადგილებას, შესაძლოა, დაკავება ან დაჯარიმება მოჰყვეს.სახელმწიფო დეპარტამენტის განახლებულ რუკაზე უსაფრთხოების სტატუსები შეცვლილია თურქეთის, ერაყის, საუდის არაბეთის და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

პეტრე ცისკარიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.დაპირისპირება პეტრე ცისკარიშვილის სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტს მოჰყვა, სადაც ჩერგოლეიშვილმა და ცისკარიშვილმა ერთმანეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს.„შეთანხმებას არღვევ, პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა! – წერს ჩერგოლეიშვილი, რაზეც ცისკარიშვილმა უპასუხა: „მოდი, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე, რა“.ამასთან, ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს უპასუხა: „ტოლი კი არა, ​ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ. შენ არაფერ შუაში ხარ“. ამის შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა ჩერგოლეიშვილის მისამართით დაწერა: „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე, შე ხისთავიანო? აი, ზუსტად მაგ „თბილისის მუხეთე ადგილზე“ ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შე, უვიცო არარაობა“.თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა: „აუ, რა სილამაზეა. ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი, რატომ ხართ ლუზერები და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ. რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყლოჩინობს – ადამიანის ბუნებაა ასეთი. მაგ სიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ, ძვირფასო? ​გამეშვი ახლა, შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში, არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ღონისძიება – „ქალის ხმა მეცნიერებაში“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეცნიერო-ინტელექტუალური ღონისძიება - „ქალის ხმა მეცნიერებაში“ გაიმართა, რომლის მიზანი მკვლევარ ქალთა როლის, მიღწევებისა და ინოვაციური იდეების წარმოჩენა, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული-კვლევითი ქსელების გაძლიერებაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ღონისძიებამ გააერთიანა გამოცდილი და ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი კვლევითი შედეგები და სამეცნიერო ხედვები წარმოადგინეს.როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე მეცნიერმა ქალებმა, რომელთა შორის ახალგაზრდა მკვლევრებიც არიან, იმსჯელეს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში გამოტანილ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებასა და კვლევაში, დიდი მონაცემების ანალიზი, კოგნიტური სერვისების განვითარება, ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოება და რისკების მართვა, სტოქასტური მოდელირება, განახლებადი ენერგიების როლი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, ასევე გ ანიხილეს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და აკადემიური კოლაბორაციის გაფართოების შესაძლებლობები.„დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა აქტიური მონაწილეობა თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში. ჩვენი დიდი სურვილია „ქალის ხმა მეცნიერებაში“ იქცეს ერთგვარ საუნივერსიტეტო პლატფორმად, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა თაობის მკვლევარ ქალებს, დააინტერესებს სტუდენტებს, ხელს შეუწყობს სამეცნიერო იდეების გაცვლა-გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებას და ახალგაზრდა მეცნიერთათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა უშუალოდ მოისმინონ გამოცდილ მეცნიერეთა აზრი და ხედვები, რაც მათ მნიშვნელოვან მოტივაციას მისცემს. ვფიქრობთ, მსგავსი შეხვედრებით ხელს შევუწყობთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ინოვაციური იდეები სამომავლო რეალურ კვლევით პროექტებად ჩამოყალიბდება“, – ამბობს ლილი პეტრიაშვილი.სტუ-ის ინფორმაციით, სამეცნიერო-ინტელექტუალურ ღონისძიებაზე - „ქალის ხმა მეცნიერებაში“ მოხსენებით წარდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ირინა ხომერიკი, თემით - „საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ISTC – 30 წლიანი გამოცდილება, უსაფრთხოება, მდგრადობა“; თამარ ბერბერაშვილი, თემით - „გზა ევროპული კოლაბორაციისკენ“; მზია კიკნაძე, თემით - „სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება“; ლილი პეტრიაშვილი, თემით - „სტოქასტურ მოდელირებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი მრავალსენსორული სისტემა (DSS) პროგნოზირებასა და მართვაში“; ნონა ოთხოზორია, თემით - „ინფორმაციული სისტემების რისკების ანალიზის და კონტროლის მეთოდების კვლევა ISO/IEC 17025 -ით აკრედიტებულ ლაბორატორიებში“; ნინო თოფურია, თემით - „კოგნიტური სერვისები და ხელოვნური ინტელექტი ფერმერის მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემის დაპროექტებისთვის“; მარიამ ჩხაიძე, თემით - „AI-ის გამოყენება განათლების მეცნიერებების კვლევებში: ინკლუზიური პერსპექტივა“. ასოცოცირებული პროფესორები: მარიამ ბერიაშვილი, თემით - „აქსიომები, მოდელები და ღია კითხვები“; ლოლიტა ბეჟანიშვილი, თემით - „დიდი მონაცემები და მათი განვითარების პერსპექტივები“; თამარ იაშვილი, თემით - „გზა მეცნიერებაში“; მარეხ მაზანაშვილი - „სამეცნიერო ხედვა, ინოვაცია, აკადემიური მიღწევები“; მკვლევარი მარიკა მოდებაძე, თემით - „განახლებადი ენერგიების როლი ციფრულ ეპოქაში“; დოქტორანტი ანა ფალავანდიშვილი, თემით - „საერთაშორისო ურთიერთობების მოძიების გზები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები“ და მაგისტრი თამარ ზარდიაშვილი, თემით - „ნეიროინფორმაციის მიმღები და მამოძრავებელი ეგზო-ჩონჩხი“.

იოჰან ვადეპული – ირანთან კონფლიქტმა არ უნდა გადაფაროს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა

ირანთან კონფლიქტმა არ უნდა გადაფაროს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა იერუსალიმში ისრაელელ კოლეგასთან, გიდეონ საართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ვადეპულის თქმით, ჰუმანიტარული ვითარება კვლავ კრიტიკულია და დამხმარე ორგანიზაციებს ჯერ კიდევ არ აქვთ ტერიტორიაზე სათანადო წვდომა.„ირანი თავის სულ უფრო აგრესიული ქცევითა და სამხედრო პოტენციალის განვითარებით საფრთხეს წარმოადგენს, როგორც რეგიონისთვის, ისე ევროპისთვის. ირანის თავდასხმები საბოლოოდ უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ვადეპულმა.თავის მხრივ, ისრაელის საგარეო მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელს უსასრულო ომი არ სურს, თუმცა კონფლიქტის დასრულების დრო ამერიკელ პარტნიორებთან კოორდინაციით განისაზღვრება.„ნაწილობრივი შედეგებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. განვაგრძობთ, ვიდრე ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ჩავთვლით, რომ შეჩერება მიზანშეწონილი იქნება“, – განმარტა საარმა.

აკაკი ჯინჭარაძე ევროპის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში აკაკი ჯინჭარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, გიორგი ლაცაბიძე კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრება საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, რომელშიც 27 ქვეყნის 300-მდე პარაათლეტი და დელეგატი მონაწილეობს.ევროპის ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება.

ბოლო სიახლეები