დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სრულიად გამორიცხული არ არის, ერთ დღეს ეს შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხანია, გამოხატავს იმედგაცრუებას ვლადიმერ პუტინის და ამ ომის ორივე მხარის მიმართ.
„პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებდა, როდესაც ამას საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩათვლიდა. გუშინ სწორედ ეს დღე იყო. ვფიქრობ, პრეზიდენტი დიდი ხანია, გამოხატავს თავის იმედგაცრუებას ვლადიმერ პუტინის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ ომის ორივე მხარის მიმართ. ის ყოველთვის ამბობდა, რომ კარგი სამშვიდობო შეთანხმებისთვის ორივე მხარე უნდა იყოს დაინტერესებული. სამწუხაროდ, ბოლო დროს რუსეთის მხრიდან საკმარისი ინტერესი არ ჩანს მშვიდობისკენ სწრაფვის მიმართულებით. ამიტომ, ორ ლიდერს შორის შეხვედრა სრულიად გამორიცხული არ არის. ვფიქრობ, პრეზიდენტი და მთელი ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ეს შეიძლება ისევ მოხდეს. თუმცა, ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამ შეხვედრიდან ხელშესახები დადებითი შედეგი იქნება“, – განაცხადა ლევიტმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები მოსკოვზე „დიდ“ ზეწოლას მოახდენს.
„თუ წაიკითხავთ და დააკვირდებით სანქციებს, ისინი საკმაოდ მძიმეა“, – განაცხადა ლევიტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა კიდევ უფრო მეტი სანქციის დაწესება, ლევიტმა უპასუხა, რომ ამას დონალდ ტრამპი გადაწყვეტს.

