კენიაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი დაშავდა. „როიტერის“ ცნობით, დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის, უილიამ რუტოს გადადგომას ითხოვენ.
აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რა დროსაც დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დაშავებულებს შორის არიან აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები და პოლიციელები.
გასულ წელს კენიაში მთავრობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა.