ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026

კელი დეგნანი: აშშ წლებია, მუშაობს საქართველოსთან სასამართლო რეფორმაზე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი კარგი რეფორმის ძალისხმევა

აშშ წლებია, მუშაობს საქართველოსთან სასამართლო რეფორმაზე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი კარგი რეფორმის ძალისხმევა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი კარგი რეფორმის ძალისხმევა. ყველამ იცის, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი, ეს არასდროს ყოფილა დებატების საგანი, ასე რომ, ცოტათი თავსატეხია, რატომ არის ახლა ამხელა წინააღმდეგობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც წლების განმავლობაში ყველა ამბობდა, რომ საჭირო იყო გაგრძელება, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი. ამ შემთხვევაში ჩემთვის დამაბნეველია, რატომ არსებობს შეკითხვები კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომლებიც წლებია, მიმდინარეობს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ სხვა სამართლის ექსპერტებთან, ქვეყნის შიგნით და გარეთ. სწორედ ეს კონსულტაციების პროცესი აისახება სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე. უფრო მეტია გასაკეთებელი და ეს მოიცავს ვალდებულებას, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, უკვე შეთანხმდნენ, რომ ასეთი გაუმჯობესება საჭიროა. არსებობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რომელიც არის საერთაშორისო რეკომენდაციები გლობალურად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო და სხვა ქვეყნებისთვის. ბევრმა შეასრულა, ბევრმა არა, ეს იგივე ნაბიჯებია, იგივე რეფორმები, რომელზეც საქართველოს ლიდერები დათანხმდნენ, რომ შეასრულებდნენ, 19 აპრილის შეთანხმებაში, მანამდეც, მერეც. ზოგიერთი მათგანი ახლა განიხილება“, – განაცხადა დეგნანმა.

ის ასევე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას.

„რაც შეეხება ამ ჯგუფს, არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი. აშშ საქართველოს ბევრი წელია, ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეს ასევე მოიცავს მრავალფეროვან პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, რამდენად განსხვავებულები არიან მთავრობისგან. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ბრალდებები, რომლებიც მათ ბოლო დროს გააჟღერეს აშშ-ისა და სხვების მიმართ, არის დაუდევარი, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აშშ მუშაობს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკური სპექტრის ირგვლივ. ასე შეგვიძლია, ჩვენ უკეთესად დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ეკონომიკის გაძლიერებაში. ამას ვაკეთებთ ქართველ პარტნიორებთან 30 წელია და ამის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლებშიც. ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ბრალდება, რომელზეც ჩვენ გვაკისრებენ პასუხისმგებლობას პოლარიზაციაზე, რომელიც აქ არის, არის გადაბრალების მცდელობა ჩვენზე და დასავლელ პარტნიორებზე მათგან, ვინც იცის, რომ თავად არიან პასუხისმგებლები. შემიძლია ვთქვა, ჩემი ორნახევარწლიანი აქ მუშაობის დროს, ყოველდღიურად ვცდილობ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანო, რომ შევამციროთ ის ღრმა პოლარიზაცია, რაც აქ არსებობს“, – განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, გადახედონ ბოლო 3-4 წელს და დაფიქრდნენ, საიდან მოდის ეს პოლარიზაცია.

„გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც მხოლოდ ეხმარებიან საქართველოს ამ ღრმა პოლარიზაციის გადალახვაში. პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, მაღალი ფასები, უკეთესი ჯანდაცვა. აი, რაზე უნდა ფოკუსირდეს პარლამენტი და ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა გასცა, ყველა მოიცავს იმ დაპირებებს, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მანამდეც თქვეს, რომ გააკეთებდნენ, ახლა არის სწორედ დრო, რომ გვერდით გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ერთად იმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა დეგნანმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხება, პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციებია წარმოდგენილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტუ-ის სტუდენტები და პროფესორები, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორები საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას ესტუმრნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრები და საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა. მონაწილეებმა ყურადღება ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლასა და მათი დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თქმით, კვირიკეს ეკლესიაში ჩატარდა სამუშაო პროცესი, რომლის ფარგლებშიც არქიტექტურისა და არქეოლოგიის მიმართულებების სტუდენტებმა და პროფესორებმა ძეგლის ისტორიულ-არქიტექტურული და არქეოლოგიური მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. როგორც ასოცირებული პროფესორი თამარ ჭანტურია აცხადებს, ლექცია-სემინარებზე განხილეს საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, ქართული საეკლესიო არქიტექტურისა და კულტურული ძეგლების კვლევისა და შენარჩუნების საკითხები.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უკვე ერთი წელია მიმდინარეობს ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ეძღვნება საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პროექტში სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჯგუფს ხელმძღვანელობდა არქიტექტურის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ბესარიონ ტატიშვილი. ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი თამარ ჩუბინიძე და სახვითი ხელოვნების მიმართულების პროფესორი მაია სეხნიაშვილი. ჯგუფში არქეოლოგიის მიმართულების ოთხი და არქიტექტურის მიმართულების ხუთი სტუდენტი იყო. ასეთი შემადგენლობა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა სწორედ არქიტექტურის, ხელოვნებისა და არქეოლოგიის მიმართულებების ურთიერთთანამშრომლობას მოითხოვს.ვიზიტის ფარგლებში კვირიკეს ეკლესიაში ჩატარებულმა სამუშაომ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ ადგილზე გაცნობოდნენ ძეგლის ისტორიულ და არქიტექტურულ თავისებურებებს. განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ლექცია-სემინარებიც, სადაც პროფესორებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა ისაუბრეს ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობის, საეკლესიო არქიტექტურისა და არქეოლოგიური კვლევების მნიშვნელობაზე. მსგავსი ფორმატის შეხვედრები სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გამოცდილება, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებაში აუცილებლად დაეხმარებათ“, - აცხადებს თამარ ჭანტურია.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული საეკლესიო არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო შესწავლას. ამ თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაც გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული სასულიერო არქიტექტურის ისტორიული მნიშვნელობისა და მისი თანამედროვე გარემოში დაცვის საკითხების განხილვა იყო.

აშშ-მა კანადიდან გარკვეული ტიპის პროდუქციის იმპორტი აკრძალა

აშშ-მა კანადიდან გარკვეული ტიპის პროდუქციის იმპორტი აკრძალა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლითაც კანადიდან აშშ-ში ალკოჰოლური სასმელების ფართო სპექტრი, ასევე, მოტოციკლებისა და რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა.თეთრმა სახლმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანადის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები 8 სექტემბერს ძალაში შევიდა.აშშ-ის მიერ კანადიდან რიგი პროდუქციის ექსპორტის აკრძალვა 29 სექტემბრიდან ამოქმედდება.შეგახსენებთ, აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები გასულ თვეში ჩაიშალა. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა.აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ კი კანადამ აშშ-დან იმპორტირებულ 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე 15-50%-მდე ტარიფი დააწესა, რომელიც 8 სექტემბერს ამოქმედდა.

14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.ცენტრის განმარტებით, მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – www.naec.ge 11 სექტემბერს გამოქვეყნდება. ვებგვერდზე ასევე განთავსდება ინფორმაცია სარეგისტრაციო პლატფორმასთან და პროგრამების არჩევასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტზე, რომლის თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია, მთავარი განსახილველი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელსაც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად მართავს.საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. ბრიუსელი იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს

სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. მისი თქმით, დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს.„შემაშფოთებელია გაერო-ში ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ, ჩვეული რიტორიკის გამეორებით, დეზინფორმაციის შემცველი მორიგი განცხადება, რომელიც „თვითნებური დაკავებებისა“ და „რეპრესიების“ შესახებ უკვე გაცვეთილ სიცრუეს იმეორებს.დამაფიქრებელია, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებები, უკვე მერამდენედ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ ფაქტებთან, არამედ ევროკავშირის მიერვე აღიარებულ ღირებულებებთან და პრინციპებთან.უკვე ყველასთვის დიდი ხანია ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი აქციები, ნაწილობრივ, ევროკავშირის ფულითაც ფინანსდებოდა, მათ შორის კამპანია, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებას ამართლებდა და აქეზებდა. მეტიც, სწორედ ბრიუსელის ვირტუალური მწვანე შუქის შემდეგ იქნა წამოწყებული შარშან, 4 ოქტომბერს, ხელისუფლების დამხობის წარუმატებელი მცდელობა.თუმცა, ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ სათანადოდ დაიცვა ქვეყანა, მისი თავისუფლება, სუვერენიტეტი და ინტერესები. დღეს ყველასთვის ცხადია, რომ 2024 წელს უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციური პროცესი დამარცხდა. ყალბი რეალობა, რომლის თავსმოხვევითაც საქართველოში ხელისუფლება უნდა დაემხოთ, გაიფანტა, მაგრამ ამ სიყალბის დამფინანსებლები თავად აღმოჩნდნენ საკუთრი ყალბი ნარატივის ტყვეობაში, თანაც ისე, რომ მასთან განშორება დღემდე ვერ მოახერხეს.„არჩევნების გაყალბების“ და „მშვიდობიანი აქციების დარბევის“ ცრუ ნარატივი დრომ და რეალობამ უარყო. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები გამოძიებულია, განაჩენები – დამდგარი, ყველაფერი დოკუმენტირებული, აღრიცხული და, მეტიც, აღიარებულია თავად დამნაშავეების მიერ.ფაქტებმა კიდევ ერთხელ სძლიეს აღქმებს. სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს, ხოლო დამნაშავე – მსხვერპლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის რომელიმე მოხელეს ასე სურს.ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. ბრიუსელი იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს.დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს. თუ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება სურთ, მათ უნდა შეწყვიტონ საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, უარი თქვან დამარცხებული რევოლუციური სცენარის საინფორმაციო მომსახურებაზე და დაუბრუნდნენ დიპლომატიის ელემენტარულ პრინციპებს: ფაქტების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის პატივისცემას,“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები